შემოქმედებით პროექტებს – მხარდაჭერა
By

შემოქმედებით პროექტებს – მხარდაჭერა

ახალგაზრდა საოპერო მომღერალი, ბათუმელი სოპრანო ანა ლომიაშვილი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში. ამჯერად ის თავად გახდა აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

წლევანდელი პროექტი ვიქტორ დოლიძის საიუბილეო თარიღს – 135 წლისთავს მიეძღვნა. იგი განახორციელა მუსიკალურმა გაერთიანებამ ა(ა)იპ „კლასიკური ჰანგები“, რომელიც წლებია შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. ეს არის როგორც საქველმოქმედო, ასევე, საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარებული საღამოები.

ორგანიზაციის მიზანი კლასიკური მუსიკის და მათ შორის, ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების შემოქმედების საქართველოს რეგიონებში პოპულარიზაციაა.

ორგანიზაციის დირექტორი და პროექტის ავტორი სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი, საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, წიგნის „საოპერო მუსიკის ისტორიიდან აჭარაში“ ავტორი ანა ლომიაშვილი გახლავთ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის კონკურსში“ შარშანდელმა გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით – „ვანო სარაჯიშვილი 145“ სიღნაღსა და სოფელ კოდაში (ქვემო ქართლი, დევნილთა დასახლება) ორი შემეცნებით-კულტურული კონცერტი ჩაატარა, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ ჩატარდა მრავალი საქველმოქმედო კონცერტი. მათ შორის აღსანიშნავია ასევე, შარშან ქვემო ქართლში, სოფელ ასურეთის ევანგელისტურ ეკლესიაში გამართული – „კამერული მუსიკის საღამო“, ასევე, იმერეთში, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ჩატარებული – „კინომუსიკის საღამო“.

აღნიშნული მუსიკალური გაერთიანების შემოქმედებითი გუნდი წელს აჭარას სტუმრობდა. აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ვიქტორ დოლიძისადმი მიძღვნილი შემეცნებით-კულტურული კონცერტები – „ვიქტორ დოლიძე 135“ ქედასა და ქობულეთში ჩატარდა, რომელშიც პროექტის ხელმძღვანელი, სოპრანო ანა ლომიაშვილი, სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი, თბილისის ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ტენორი ალექსანდრე თიბელიშვილი, სამუსიკო ხელოვნების ბაკალავრი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ბარიტონი ირაკლი აბაშიძე, სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი, საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პიანისტი ვიქტორია სურმავა მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდა ხელოვანებმა კონცერტზე მოსულ სტუმრებს სლაიდშოუს დახმარებით, ვიქტორ დოლიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია გააცნეს. მაყურებელმა ეკრანზე შესაბამისი ფოტოები, აფიშები იხილა.

კომპოზიტორის შემოქმედებიდან არაერთი ნაწარმოები შესრულდა, მათ შორის, რომანსი „შეეჩვია“, საფორტეპიანო – „ბესლან“, რომელიც შემოქმედმა ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს მიუძღვნა. მსმენელის წინაშე უკვდავი კომიკური ოპერის „ქეთო და კოტეს“ პერსონაჟები გაცოცხლდნენ, შესრულდა თავადი ლევანის, ქეთო და კოტეს, მაკარის არიები… კონცერტი ქეთოსა და კოტეს დუეტით – „ჩემო სინათლევ“ დასრულდა.

მონაწილეებმა მაყურებლებს „ბისსზე“ არაერთი სიმღერა შეუსრულეს.

როგორც ქედაში, ისე ქობულეთში კონცერტებმა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წარმატებით ჩაიარა.

– მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდებს მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალებას გვაძლევს, ეს დიდი სტიმულია არა მხოლოდ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის, არამედ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების წარმოსაჩენად. მსმენელი ახალგაზრდა შემოქმედებსაც ახლოს ეცნობა და კლასიკურ მუსიკასაც უფრო მეტად იყვარებს, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს რეგიონის მოსახლეობისთვის ტარდება, მადლობა მათ გულთბილი მიღებისთვის, – გვითხრა ანა ლომიაშვილმა.

 

 მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *