შემოწმდა ცხოველის საკვების ცხრა მწარმოებელი – შეუსაბამობები არ გამოვლენილა
By

შემოწმდა ცხოველის საკვების ცხრა მწარმოებელი – შეუსაბამობები არ გამოვლენილა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი. შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია ცხოველის საკვების 13 საწარმო და 233 პირველადი წარმოების ობიექტი – ფერმა.
სააგენტოს ცნობითვე, ინსპექტირების გარდა, მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე. ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლების და მათი ნარჩენების გამოვლენის მიზნით, აღებულია 95 ნიმუში. არცერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნა. ამასთან, 2025 წლიდან, კონტროლის სახელმწიფო პროგრამით დაიგეგმა აფლატოქსინი B1-ის კვლევა, რომლის ფარგლებში აღებული 60 ნიმუშიდან ერთი დარღვევა გამოვლინდა. „ცხოველის საკვების უვნებლობა მთლიანი ჯაჭვის საწყისი რგოლია და განსაზღვრავს როგორც ცხოველის, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან ტოქსინებით და სხვადასხვა ნარჩენით დაბინძურებული საკვები საბოლოოდ აისახება იმ ნაწარმში, რომელსაც ცხოველისგან ვიღებთ, იქნება ეს რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა. შესაბამისად, ცხოველების საკვების უვნებლობის მიმართულებით სააგენტო სისტემატურ კონტროლს აგრძელებს“, – განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს წარმომადგენელმა თეა ოშხერელმა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოების პროცესის გამჭვირვალობის და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, ცხოველის საკვების საწარმოებში მიმდინარეობს ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა. 2025 წელს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი ხუთ საწარმოში ჩატარდა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *