შეუჩერდება თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს?
By

შეუჩერდება თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს?

ეს დარტყმა იქნებოდა არა საქართველოს, არამედ თვითონ ევროპის იდეის წინააღმდეგ

ამ დღეებში, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს გაამარტივებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს. გადაწყვეტილებას მხარი 518-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 96 იყო, ხოლო 24-მა პარლამენტარმა თავი შეიკავა.

როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას მისცემს, კვლავ დაუწესოს სავიზო რეჟიმი ქვეყანას, თუ მას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თავდაპირველად, უვიზო რეჟიმი დროებით, პრობლემის აღმოფხვრამდე შეჩერდება, ხოლო თუ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება – სამუდამოდ.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს ქვეყანაში შიდა საფრთხის, კერძოდ, მძიმე დანაშაულის ჩადენის სტატისტიკის ზრდა. კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც ქვეყანა უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის წინაშე დადგება, არის აღნიშნული სახელმწიფოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ ადამიანთა რიცხვის მატება.

ცვლილება ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფოდან ჰიბრიდული საფრთხე მომდინარეობს, მაგალითად, უკანონო მიგრაციის წახალისება, ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მიყიდვა, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, გაეროს წესდების დარღვევა და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების არაღსრულება.

აღსანიშნავია, რომ დღეს ევროკავშირს, უვიზო რეჟიმი, 90 დღის ვადით 180-დღიან პერიოდში, 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, აქვს შემოღებული.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი წესები ევროკავშირს მეტ მოქნილობას სძენს, თუმცა ამ მექანიზმის საქართველოს მიმართ გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

„ვიზალიბერალიზაციის მინიჭება/გაუქმების რეგულაციებში ახალი ცვლილებების შემოღების პერსპექტივების მიუხედავად – პრაქტიკულად თითქმის შეუძლებელია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. დიახ, ევროპარლამენტმა დაამტკიცა უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი წესები – მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს მეტ მოქნილობას აძლევს, მაგრამ ამ პროცესს უფრო პოლიტიზებულსაც ხდის, თუმცა ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოს მიმართ, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება – და აი რატომ:

  1. გეოპოლიტიკა და გეოეკონომიკა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ემოციები – ევროკავშირი ვერ დაუშვებს დარტყმას სამხრეთ კავკასიის ერთადერთ ღიად დეკლარირებულ პროევროპულ ქვეყანაზე. უვიზო რეჟიმის გაუქმება ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლური პოლიტიკის კრახს და თბილისს პირდაპირ უბიძგებს მოსკოვის, ანკარისა თუ პეკინისკენ საკუთარი საგარეო პრიორიტეტების გადახედვისკენ. ბრიუსელისთვის ეს იქნებოდა არა „სასჯელი“, არამედ სტრატეგიული თვითდაზიანება – საკუთარ ფეხში გასროლა.
  2. არ არსებობს ამისთვის გათვალისწინებული არანაირი იურიდიული საფუძველი. რეგულაციებით ჩადებული ყველა რაოდენობრივი მაჩვენებელი დაბალია: ევროკავშირში ქართველ მიგრანტთა რაოდენობა მინიმალურია. „რეადმისიის“ პროცესი ეფექტიანად მუშაობს; ბიომეტრიული დოკუმენტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იურიდიულად საქართველო აბსოლუტურად „სუფთაა“ – და მექანიზმის ამოქმედება მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება იქნებოდა, არა ობიექტური და პრაგმატული, არამედ იდეოლოგიური მოტივით ნაკარნახევი, ამის ფუფუნება კი საქართველოს მიმართ – ევროკავშირს დღეს არ გააჩნია;
  3. ამ პოლიტიკური შეცდომის ფასი კი ძალიან მაღალი იქნება – უვიზო რეჟიმის შეჩერება საბოლოოდ დაანგრევდა და დაასამარებდა ნდობას თავად ევროკავშირისადმი: საქართველო პარტნიორობის ნაცვლად მიიღებდა დასჯას, სამართლის ნაცვლად – ორმაგი და იდეოლოგიური სტანდარტების საბოლოოდ დამკვიდრებას. ასეთი ნაბიჯი დაარღვევს რწმენას, რომ ევროპას ჯერ კიდევ შესწევს უნარი – იყოს სამართლიანი და პროგნოზირებადი;
  4. ევროკავშირის უსაფრთხოებას საქართველო არ უქმნის საფრთხეს – ქვეყანას ევროკავშირთან არც სახმელეთო საზღვარი, არც მიგრაციული ნაკადები და არც კრიმინალური მარშრუტები არა აქვს. „უსაფრთხოების რისკებზე“ საუბარი პოლიტიკური მოტივების იურიდიულ ფორმულებში შეფუთვას ნიშნავს;
  5. დაბოლოს – სიმბოლო. უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხი აღარ არის – ეს არის მისი ევროპული კუთვნილების სიმბოლო. არა იმდენად ევროკავშირის, რამდენადაც – ევროპის. მისი გაუქმება ნიშნავს, რომ ევროპა მზად არის, დასაჯოს ნებისმიერი ქვეყანა მასთან პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციის გამო. ეს დარტყმა იქნებოდა არა საქართველოს, არამედ თვითონ ევროპის იდეის წინააღმდეგ.

ევროკავშირს შეუძლია საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრებოდეს, მაგრამ მისი რეალური განხორციელება საკუთარი პრინციპების და ავტორიტეტის დანგრევის ტოლფასი იქნება. უვიზო რეჟიმი საქართველოსთან საჩუქარი კი არა, თავად ევროპის სიმწიფის გამოცდაა. და თუ ევრობიუროკრატია ამ ნაღმს მაინც დააბიჯებს – დაზარალდება ყველა, საქართველოს გარდა“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ირმა ცეცხლაძე.

  • No Comments
  • ოქტომბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *