შეცვლილი ფორმატი და მკაცრი გზავნილები ომის დასრულების მოლაპარაკებებზე
By

შეცვლილი ფორმატი და მკაცრი გზავნილები ომის დასრულების მოლაპარაკებებზე

უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გრძელდება. მანამდე ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. საჯაროდ ცნობილი კონკრეტული შედეგი ამ ეტაპზე მხოლოდ ტყვეების გაცვლაა უკრაინასა და რუსეთს შორის.
მესამე შეხვედრაზე რუსულ დელეგაციას განახლებული ხელმძღვანელობა ჰყავს. თუ აბუ-დაბიში მოსკოვის წარმომადგენლებს გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობდა, ჟენევაში დელეგაციას უკვე პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უდგას სათავეში. ის 2025 წელს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებსაც ხელმძღვანელობდა, სადაც მხარეები ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვი თქმით, მედინსკი აბუ-დაბის რაუნდში არ მონაწილეობდა, რადგან იქ უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა. ჟენევაში დელეგაციის შემადგენლობაში რჩება იგორ კოსტიუკოვი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი.
ევროპის მიერ რუსეთის სამოქალაქო ავიაციისთვის საჰაერო სივრცის დახურვის ფონზე, რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავს შვეიცარიაში ჩასასვლელად საჰაერო სივრცე დროებით იტალიამ გაუხსნა.  ამას ადასტურებს Flightradar24-ის მონაცემები.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს და აცხადებს: „რუსეთს სურს გარიგება და ზელენსკის მოუწევს, ამოძრავდეს. სხვაგვარად ის შესანიშნავ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან.“ ტრამპს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს „ამოძრავებაში“. დასავლელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე უარს ამბობს მანამდე, სანამ კიევი მოსკოვთან შეთანხმებას არ მიაღწევს.
კიევი კი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ნებისმიერი შეთანხმების აუცილებელ პირობად მიიჩნევს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ მართლა ვიმედოვნებთ, რომ სამმხრივი შეხვედრები სერიოზული და სასარგებლო იქნება ყველასთვის, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მხარეები სრულიად განსხვავებულ საკითხებზე საუბრობენ.“
მისივე თქმით, „ამერიკელები ხშირად უბრუნდებიან დათმობების თემას და ძალიან ხშირად ეს დათმობები განიხილება მხოლოდ უკრაინის და არა რუსეთის კონტექსტში“.
რუსეთი ომის შეწყვეტის პირობად უკრაინის ჯარების დომბასიდან სრულ გაყვანას ასახელებს, მათ შორის იმ ტერიტორიებიდანაც, რომლებიც თავად არ აქვს ოკუპირებული. უკრაინა ამ მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ზელენსკი არ გამორიცხავს ტერიტორიების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას.
მიუნხენში გამოსვლისას ზელენსკიმ კიდევ უფრო მკვეთრი შეფასება გააკეთა: „უკრაინაში არავის სჯერა, რომ პუტინი ოდესმე გაუშვებს ჩვენს ხალხს… შეიძლება ის თავს მეფედ თვლიდეს, მაგრამ სინამდვილეში ის ომის მონაა“.
ჟენევის რაუნდი იწყება შეცვლილი ფორმატით, მაგრამ კვლავ მძიმე პოლიტიკური პირობებით და ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებით.

  • No Comments
  • თებერვალი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *