
შეხვედრა ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში სტაჟირებაგავლილ პედაგოგებთან
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ჟენევიდან დაბრუნებულ პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში () კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდნენ.
ფიზიკის მასწავლებლებმა, ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე, მოისმინეს ცენტრში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიის და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე.
ცნობისთვის, აჭარიდან -ში ფიზიკის მასწავლებელთა 2025 წლის სტაჟირების კონკურსის 4 გამარჯვებული პედაგოგი იმყოფებოდა.
– აღნიშნული სტაჟირება მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ჩვენთვის, როგორც სპეციალისტებისათვის. ვნახეთ უდიდესი კოლაიდერი, სადაც ტარდება უნიკალური ცდები. სხვადასხვა თემაზე ლექციები ჩაგვიტარეს მეცნიერებმა. თავისი გამოცდილება გაგვიზიარა ირმა მგელაძემ, რომელიც შვეიცარიის სკოლაში ფიზიკის გაკვეთილებს ატარებს. რაც მთავარია, უნდა აღვნიშნო, რომ შეცვლილია სწავლების კლასიკური მეთოდი, რომლის მიხედვითაც, ყველა თანამედროვე გამოწვევა, კვლევა პირდაპირ დაკავშირებულია კვლევით ლაბორატორიასთან და საკლასო ოთახებთან. მასწავლებლები გაკვეთილზე მივიტანთ იმ ცოცხალ, ახალ მასალას, რომელსაც ბირთვული კვლევების ცენტრი ახორციელებს, – გვითხრა სოფელ სალიბაურის მეორე საჯარო სკოლისა და ორთაბათუმის საშუალო სკოლის პედაგოგმა გულნარა ვერძაძემ.
მსგავსი ტიპის პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ასევე გვესაუბრა ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მირანდა ხაჯიშვილი:
– პროექტს ახორციელებს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს (ა) იპ „მასწავლებელთა სახლი“. ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მივიღეთ. ტარდებოდა ლექციები, სემინარები, პრაქტიკული კვლევები. გვქონდა კომუნიკაცია როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან. ჩვენი გამოცდილებაც გავუზიარეთ ფიზიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს, სტუდენტებს. ვისურვებ, აღნიშნული პროექტი გაგრძელდეს და მასში ბევრმა კონკურსანტმა მიიღოს მონაწილეობა.
პროექტზე, ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას, ასევე დაგეგმილ სიახლეზე, რომელიც აჭარაში ახალი ლაბორატორიის შექმნას გულისხმობს, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ისაუბრა:
– არაერთი პროექტის სახით მხარს ვუჭერთ სკოლებში განათლებას, საბუნებისმეტყველო მიმართულებას. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო საქართველოს მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული კვლევების ცენტრში ჩვენი მასწავლებლების სტაჟირებას. იგი მთლიანად აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება. შემდგომში მასწავლებლები იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ თავიანთ კოლეგებს, მოსწავლეებს.
დღეს პედაგოგებთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს პროექტი ვაქციოთ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვა მასწავლებლისთვისაც. ვფიქრობთ, შევქმნათ დამატებითი სივრცე, სადაც ყველა მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, ეზიაროს ამ მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას, შევქმნათ ლაბორატორია, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ეს სივრცეები და ლაბორატორიები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით. საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, წლის ბოლოსთვის, რეგიონში უკვე ოცამდე სკოლას ექნება ლაბორატორია. შემდგომ წლებში ეს პროექტი უფრო გაფართოვდება, – განაცხადა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ცნობისთვის: აჭარის ფიზიკის მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირებას სრულად აფინანსებს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი და ახორციელებს ბათუმის განათლების ფონდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად.
ნანა აბულაძე