19 C ბათუმი
Monday 21st July 2025
შეხვედრა „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან
By

შეხვედრა „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის, „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა“ და მისი შვილობილი კომპანიის, AJet-ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და, შედეგად, არსებული ფრენებით მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოყვანის მიზნით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არსებული ფრენების სიხშირეთა დამატების მნიშვნელობას, რაც მეტ სტიმულს მისცემს როგორც უშუალოდ ქვეყნის ტურიზმის ეკონომიკას, ისე გაზრდის ტურიზმიდან შემოსავლებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობაც. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მოლაპარაკება უახლოეს მომავალში გაგრძელდება.

,,მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ავიაციაში არსებულ ტენდენციაზე. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 110-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს და რეკორდულია როგორც მგზავრთნაკადი, ისე სიხშირეები და მიმართულებები ქვეყნის აეროპორტებიდან. მინისტრის თქმით, სწორედ ამ ზრდადი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი ინვესტიცია ჩაედო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურაში – ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, თბილისს კი სრულიად ახალი, თანამედროვე აეროპორტი ექნება, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ მგზავრზე. ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გადამზიდი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში ახორციელებს. დღესდღეობით ავიაკომპანია შემდეგი სიხშირით დაფრინავს: სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი – 35 სიხშირე კვირაში; სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლი – 14 სიხშირე კვირაში. ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებლით საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი კომპანიაა წლების განმავლობაში. შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა,“ – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივლისი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *