
,,შეხვედრა კლასიკოსებთან“
სპექტაკლის – ,,შეხვედრა კლასიკოსებთან“ საპრემიერო ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ღონისძიებათა ციკლის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში წარმატებით შედგა. იგი მომავალ თაობაში საქართველოს ისტორიის, ლიტერატურული ნაწარმოებებისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტი ნათლად გამოხატავს ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების მხარდაჭერას, რომლის მიზანი უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ეროვნული ცნობიერების, სულიერი ცხოვრების გაღრმავებაა. „არ დავივიწყოთ ქართული“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წინამძღვარ მეუფე დიმიტრის კურთხევით ხორციელდება.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე ვალერიან მოქერია, ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის, ასევე, ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, ქალაქ ბათუმის №1 და №8 საჯარო სკოლების, გიმნაზია 21-ე საუკუნის, „განათლება იმედის“, ფრანგული სკოლის მოსწავლეები, ასევე, ქედის სახელოვნებო სკოლის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“ და მუსიკალური გუნდი „ჩანგი“.
პროექტი მხარდაჭერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მიერ.
– ღონისძიებათა ციკლი „არ დავივიწყოთ ქართული“ საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებები აქვს: სატელევიზიო, თეატრალური, მუსიკალური და ა.შ. როცა შინაგანი ქაოსი გაქვს, გინდა, რაღაც შემეცნებითი შექმნა და ვერ ჩერდები, ასეთი რამ მჭირდა. გონება, სული არ მასვენებდა. ამ გაუთავებელმა ფიქრმა გამოიწვია ის, რომ ლიტერატურული ნაწარმოების პოპულარიზაცია მომინდა. ამ ყველაფერს თან დაერთო ერთი ფაქტი: ჩემი ბიძაშვილისშვილები ამერიკიდან რომ ჩამოვიდნენ, საუბრისას ქართული სიტყვები ავიწყდებოდათ, დიალოგი უჭირდათ, რადგან სიტყვებს ეძებდნენ. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, თუმცა ჩემს გონებაში პროექტი, რომელზეც ვფიქრობდი, საბოლოოდ დალაგდა. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთი ემიგრანტი მაინც არ ჰყავს საზღვარგარეთ. უცხოეთში რომ იბადება ბავშვი, რა საზოგადოებრივ წრეშიც უნდა ატარო, იქაური დიასპორა რაც უნდა გამართული ჰქონდეთ, მეტ დროს მაინც უცხოელებთან ატარებს. ამაზე ფიქრმა პროექტის განვითარების რეალური ფორმულა მომცა. სახელწოდება ცოტათი ამბიციურია და ამისთვის ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან თამამი განცხადება იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, ის ფორმულა, რომელიც ჩემში იყო როგორც ამოცანა, ამოიხსნა – რა უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც მომავალი თაობისთვის საინტერესო იქნებოდა და თან – წარსულის, აწმყოსა და მომავლის სინთეზი. „არ დავივიწყოთ ქართულის“ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, დავდგით სპექტაკლი „შეხვედრა კლასიკოსებთან“. დღევანდელი თაობა, რომელმაც ძალიან კარგად აითვისა ციფრული სივრცე, ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ფაქტობრივად, მიგვაჯაჭვა ტელეფონებს, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტმა ჩემი ორგანიზაციის მონაწილეები საჯარო ბიბლიოთეკაში დააბრუნა. დააბრუნა გაყვითლებულ ფურცლებთან და იმ სურნელთან, რაც წიგნის გადაფურცვლას ახლავს. ამ პროექტის ფარგლებში საზოგადოებამ უამრავი კადრი ნახა – ბავშვები საჯარო ბიბლიოთეკის სივრცეში როგორ მეცადინეობენ. მათ წიგნის სიყვარული ჩამოუყალიბდათ. პერსონაჟებს, რომლებსაც ისინი განასახიერებენ – ვაჟას, ილიას, აკაკის, ექვთიმეს, დავით სარაჯიშვილს და ა.შ. ამ პროექტის ფარგლებში პერსონალურად ეცნობიან. მართლა ძალიან დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია ამ პროექტს, თუ სწორად ვიპოვით თანამოაზრეებს როგორც მედიაში, ასევე, ლიტერატურათმცოდნეებს, ფილოლოგებს შორის. პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაშია, რომ ჩვენ პროფესიონალი არ გვყავდა არც რეჟისორი, არც დამდგმელი სცენარისტი, არც დრამატურგი, არავინ. რა დეკორაციაც მაყურებელმა სცენაზე იხილა, თანდათან შეგროვებული, ოჯახებიდან წამოღებული ნივთები ან ავეჯია. ყველგან ვეძებდი რაღაც ქართულს, ძველებურ ნივთებს, ეს თვეებით ადრე დავიწყე. გახსოვთ ალბათ, როგორია ძველებური სარკეებიანი ტახტი, ჩემს მამიდაშვილს აქვს, ძალიან მინდა, წაიკითხოს ეს ინტერვიუ და მომცეს, ან იქნებ, წავართვა (იცინის)! ამ პროექტის განხორციელებაზე, ასევე, მიბიძგა ერთ-ერთმა წიგნმა, რომელიც წავიკითხე – ჩესტერფილდის „წერილები ვაჟიშვილს“. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ყველა მონაწილეს, პედაგოგებს და იმ სკოლებს, რომელთა მოსწავლეებიც მონაწილეობენ ამ პროექტში. განსაკუთრებული მადლობა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის №2 საჯარო სკოლას, რომელმაც მთავარი პერსონაჟების შემსრულებლები „მაჩუქა“. მე ამ სკოლაში გავიზარდე. სალიბაურის სკოლა-ინტერნატი ერქვა მაშინ და მადლობა მას, რომ დღემდე ასე ემსახურება მომავალი თაობის სწორად აღზრდას. პროექტში, ასევე, მონაწილეობენ ქედის სახელოვნებო სკოლის მოზარდები. ძალიან დიდი მადლობა მის თითოეულ პედაგოგს და ბავშვს. ქედიდან 40-მდე ბავშვი მონაწილეობს ამ პროექტში, ისინი ცოცხლად მღერიან. პროექტის განხორციელებაში აჭარის კულტურის სამინისტრო დაგვიდგა გვერდით, ასევე, ქალაქ ბათუმის მერია და მადლობა მათ. ოქტომბრის თვეში ხელვაჩაურში გავმართავთ სპექტაკლს, შემდეგ – ხულოს დრამატულ თეატრში და გვჯერა, რომ პროექტი გააგრძელებს სიცოცხლეს, მას ყველა რეგიონში ნახავს თითოეული მოზარდი. მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, მათ შორის ჩემს მშობლებს, – გვითხრა პროექტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა თამარ ტუღუშმა.
– სპექტაკლში ილია ჭავჭავაძის როლს ვასრულებ, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლოა, ცოტათი გამიჭირდა, არ არის მარტივი ასეთი პიროვნების განსახიერება, თუმცა თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაფერი სწორად მიეწოდებინა საზოგადოებისთვის. დასის წევრებს ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელ თამარ ტუღუშს, რომ ასეთი შესაძლებლობა მოგვცა, მოგვცა შანსი ასე დავახლოებულიყავით და ეს ლამაზი პროექტი ერთად გვეკეთებინა, – გვითხრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა თურმანიძემ.
– მე განვასახიერე აკაკი წერეთელი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ. სპექტაკლს, დაახლოებით, 3 თვე ვრეპეტიციობდით. მეგობრებთან ერთად თამაში გამიადვილდა, ასე თუ ისე, გამოცდილები არიან ამ მხრივ, ჰქონდათ შეხება თეატრთან და კარგი ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რადგან ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია და ეროვნება, – გვითხრა ბათუმის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თაზო ფარტენაძემ.
– ეს ღონისძიება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომწონს ჩემი როლიც – ვაჟა-ფშაველას პერსონაჟი ადვილად გავითავისე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ტექსტი მქონდა სასწავლი. სცენაზეც თავისუფლად ვგრძნობდი თავს დასის წევრებთან ერთად. ძალიან მეგობრულები არიან. ერთმანეთს მაქსიმალურად ვეხმარებოდით, – გვითხრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ალექსანდროს სარჯველაძემ.
– ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მინდოდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამომეცადა – როგორია მსახიობობა. ეს შანსი მომეცა და ხელიდან არ გავუშვი. ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თაკოს ამისთვის. ვთამაშობდი ხანუმას და ოლღა გურამიშვილს – ილიას მეუღლეს. ხანუმას როლი კარგად მოვირგე, ძალიან საინტერესო იყო მასზე მუშაობა. თავიდან რთული მომეჩვენა, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. ასე ვთქვათ, ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ძალიან ბედნიერი ვარ, -გვითხრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის №2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ ზოიძემ.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა


