
შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონებთან
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი წარმატებულ სპორტსმენებს – მსოფლიო ჩემპიონებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოცწლამდელთა შორის ანრი ფუტკარაძეს (77 კილოგრამი წონითი კატეგორია) და ლუკა კოჩალიძეს (87 კილოგრამი წონითი კატეგოტრია), ასევე მათ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უჩა შავაძეს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ. სპორტსმენებმა ჯერ იტალიაში – ევროპის, მოგვიანებით კი ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს. შეხვედრაზე მათ კონტინენტის და მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს და ახალი წარმატებები უსურვეს.
ორივემ აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერები არიან და ახლა მათი მთავარი სამიზნე ოლიმპიური თამაშებია.
– ბედნიერი ვარ – მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი ოცნება იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მქონდა ფინალში 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელიც როგორც რთული, ისე, სასიამოვნო იყო. რთული – ფსიქოლოგიურად, სასიხარულო კი იმიტომ, რომ გავიმარჯვე, – გვითხრა ლუკა კოჩალიძემ.
– შეხვედრებიდან ნახევარფინალურ შეხვედრას გამოვარჩევ ბელარუს სპორტსმენთან, ძალიან დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 5:4 გავიმარჯვე, ფინალში ირანელი სპორტსმენი ანგარიშით 10:1 დავამარცხე. ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, ალბათ, „ჩემი დღე“ იყო, რომ ჩემპიონობა მეზეიმა. დეკემბერში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება დიდებში და ამისთვის ვემზადები, მერე ისევ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები. მთავარი სამიზნე ოლიმპიური თამაშებია, – თქვა ანრი ფუტკარაძემ.
– დღეს მსოფლიო ჩემპიონებს ლუკა კოჩალიძესა და ანრი ფუტკარაძეს შევხვდით. სასიხარულოა, რომ სპორტსმენებს მთავრობიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ. ისინი ჯილდოებს – გარკვეულ თანხასა და სტიპენდიებს მიიღებენ. ახალ წარმატებებს ვუსურვებთ უჩასა და ლუკას, – აღნიშნა ირმა ნიჟარაძემ.
– ძალიან შრომისმოყვარე ბიჭები არიან. მჯერა, ისინი კიდევ უფრო მეტს მიაღწევენ. ახლა მთავარია საქართველოს ჩემპიონატი დიდებში, რომელსაც დეკემბერში ბათუმი უმასპინძლებს. ამისთვის უკვე ვემზადებით. ჩვენი მიზანი 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და იქ წარმატებული გამოსვლაა, – აღნიშნა უჩა შავაძემ.
11 სექტემბერს უჩა და ანრი საქართველოს ნაკრებთან ერთად, გერმანიაში შეკრებაზე მიემგზავრებიან. როგორც სპორტსმენები ამბობენ, კარგ ფორმაში არიან და ისევ მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებენ.
მანანა ძიძიშვილი