
შეხვედრა ნიკოლოზ წულუკიძესთან
ჩვენმა თანაქალაქელებმა – მაია სურმანიძემ და თამარ გუდავამ ბათუმელ ქალბატონებს დასამახსოვრებელი საღამო მოუწყვეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საპატიო ბათუმელები – ნინო ნიჟარაძე, ნაზი ყურშუბაძე, ბელა ქებურია, ცისანა ანთაძე, ირინა ხერჟი, მარიამ ჯახუტაშვილი, ქეთევან მანელიშვილი, დალი ჭელიძე, ჩიტო ომერაძე, თამილა მეიშვილი, მანანა ძიძიშვილი. . . მათთან შესახვედრად კი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნიკოლოზ წულუკიძე მოიწვიეს.
– გულით მიხარია ასეთ საზოგადოებასთან შეხვედრა. თუმცა, ბათუმზე რა უნდა მოვუყვე ნინო ნიჟარაძეს, რომ გავაკვირვო. ამიტომ ვეცდები, თქვენთვის საინტერესო ამბები მოვყვე, – ასე დაიწყო საუბარი ნიკა წულუკიძემ.
ვინც ნიკა წულუკიძის საღამოებს ესწრება, სადაც ის წამყვანის ამპლუაში გვევლინება, იცის, როგორ ცდილობს გამორჩეული ქართველების ღვაწლის წარმოჩენას. იმ საღამოზეც ასე იყო.
თხრობა ნიკო ნიკოლაძეთი დაიწყო. მასთან ერთად, არაერთი ღირსეული ადამიანი წარმოაჩინა ბატონმა ნიკამ – მიტროფანე ლაღიძე, იაკობ გოგებაშვილი, ლეო ქიაჩელი, მიხეილ ვორონცოვი, ლადო ასათიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი. . . ისაუბრა დიდ ქველმოქმედ დავით სარაჯიშვილზე, გავიგეთ, ვინ პატიჟებდა ყოველ დილით უფასოდ მერაბ კოკოჩაშვილს უგემრიელეს ლაღიძის ცნობილ წყალზე. . .
გაიხსენა ბათუმის თეატრის მსახიობები, მათ შორის, ნაზი კეჭაყმაძე და აღნიშნა, რომ იგი სესილია თაყაიშვილს არ ჩამოუვარდებოდა ბებიას როლში. საინტერესო იყო მოგონება კომპოზიტორ სოსო კეჭაყმაძეზე, იმაზე, თუ როგორ დაამტკიცეს საქართველოს ჰიმნი, როგორ და რატომ ებრძოდნენ თაქთაქიშვილს.
ერთი მხიარული ისტორია ნიკა წულუკიძემ მამაზეც გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა ის აჭარაში განაწილებით და ზღვას დანატრებული კაცი, როგორ აღმოჩნდა მთის წვერზე, ღრუბლებს მაღლა სოფელ ინწკირვეთში. არადა, აქ განაწილება თავად ითხოვა. ერთი წელი ისე იმუშავა, რომ ზღვა არც კი უნახავს. . .
გაიხსენა ბათუმელი ოლეგ თავბერიძე, რომელთანაც ბავშვობაში არდადეგებზე ცხოვრობდა და როგორ დადიოდა ზღვაზე მასპინძელთან ერთად. . . „ბათუმი ჩემთვის სიყვარულის ქალაქია, ბავშვობიდან მიყვარს, ძალიან მიყვარს აჭარა. . . ხშირად ვსვამდი „სტეკლიაშკაში“ აიკუშას რეცეპტით მომზადებულ ყავას. იცით, არაბათუმელებთან საუბარი ბათუმზე ბევრი შემიძლია, მაგრამ ბათუმელებთან არა“, – გვითხრა, და ამიტომ ბევრი „სხვა“ ისტორია მოგვიყვა. გაიხსენა სანდრო ახმეტელის მიერ შეტანილი დიდი ღვაწლი თეატრის ისტორიაში, ჩვენი მსახიობები მერაბ ხინიკაძე, ნათელა წერეთელი, როლანდ კაკაურიძე. . . გოგი ქავთარაძის მოღვაწეობა ბათუმის თეატრში. ისაუბრა მანუჩარ შერვაშიძეზე, ნინიკო საკანდელიძე, არჩილ ჩხარტიშვილის მიერ დადგმულ „ოიდიპოსზე“ და მთავარი როლის შემსრულებელ იუსუფ კობალძეზე. ვინ აღარ გაიხსენა: ნანა გვარიშვილი, ფატმა კობალაძე. . .
უაღრესად საინტერესო იყო ივანე ჯავახიშვილსა და უნივესიტეტის გახსნის შესახებ მოყოლილი ისტორიები. აღნიშნა, თუ რა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა ამისთვის ივანე ჯავახიშვილმა – მოიარა მთელი საქართველო, უცხოეთიც, ჩაატარა კვლევა, სურდათ თუ არა საქართველოში გახსნილიყო უმაღლესი სასწავლებელი და ვინ ყოფილიყვნენ პედაგოგები, ვინ გაიღო უფასოდ მიწა ჩვენი დედაუნივერსიტეტისთვის, როგორ მოიძიეს თანხა მისი მშენებლობისთვის, როგორ ფიზიკურად მუშაობდა და მონაწილეობდა ამ მშენებლობაში აკაკი შანიძე. . . მერე როგორ დააპატიმრეს ამდენი სიკეთის და ამხელა საქმის მკეთებელი, ასეთი დიდი კაცი – ივანე ჯავახიშვილი, როგორ გაათავისუფლეს. . . მერე თავისივე დაარსებული უნივერსიტეტიდან როგორ გაუშვეს. . .
უაღრესად საინტერესო იყო დურმიშხან და ქეთევან ჟურულების ოჯახის ამბავი, რომლებმაც ბათუმისთვის ძალიან ბევრი ღირებული გააკეთეს. მოიგონა დავით კლდიაშვილის ბათუმში ცხოვრების მომენტები. გვითხრა, თუ ვისთან ცხოვრობდა ანტონ ჩეხოვი ბათუმში ჩამოსვლის დროს, სად დაწერა მისი პიესა „სამი და“. გაიხსენა ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ ბევრისთვის უცნობი ფაქტი. . .
ნიკოლოზ წულუკიძე ძალიან დიდი საქმეს აკეთებს, მოიძიებს, მთელ საქართველოს უყვება და ახსენებს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ ქვეყნისთვის გაკეთებულ იმ საქმეებს, რომელიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
– დიდი ხანია გვინდოდა მოვფერებოდით იმ ქალბატონებს, ვინც საპატიო ბათუმელის წოდებას ატარებს. ვიცოდი, რომ ნიკა წულუკიძესთან შეხვედრით ყველა გაიხარებდა. თავად ნიკასაც გაუხარდა ამ ქალბატონებთან შეხვედრა. როცა შევთავაზე, სიყვარულითა და სითბოთი დამეთანხმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ გამონახა დრო და გვესტუმრა. მადლობა რესტორან „რუსთაველის“ ხელმძღვანელობას მასპინძლობისთვის, – აღნიშნა მაია სურმანიძემ.
მანანა ძიძიშვილი