შეხვედრა ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან
ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ციტრუსის დაბინავების, სეზონის მიმდინარეობის და ექსპორტის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობას.
-საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ რეალიზაციის გარეშე არ დარჩეს არც ერთი კილოგრამი მანდარინი, სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. ყველა რესურსი მობილიზებულია, რათა მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროს. 24 ნოემბრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, არასტანდარტული ორი მანდარინის საწარმო, ნედლეულის მიღებას დაიწყებს, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს- განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნარინჯისფერი რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აქტიურად მუშაობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის მიზანი ციტრუსის ლოჯისტიკის, რეალიზაციისა და სუბსიდირების პროცესების კოორდინაციაა. შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზი – 1501, სადაც მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
ექსპორტიორებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, ქობულეთის და ხელვაჩაურის მერები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი და ციტრუსის სააკორდინაციო შტაბის წევრები.