შეხვედრები აჭარის მთიანეთის მუნიციპალიტეტებში
By

შეხვედრები აჭარის მთიანეთის მუნიციპალიტეტებში

ქედა

აჭარის მთავრობის თავჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე ამომრჩევლებს შეხვდნენ.

– მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩემი გუნდისა და თითოეული ქედელის მიმართ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა. საკმაოდ დადებითი და ემოციებით დატვირთული შეხვედრები შედგა, ვგრძნობდი თითოეული ჩემი მოქალაქის თანადგომას და მხარდაჭერას. ვიყავი ქედის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობია არსებული გამოწვევები და ჩემი გუნდის მმართველობის პერიოდში განხორციელებული წარმატებული პროექტები. სწორედ ეს მაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, მოსახლეობისა და ჩვენი ერთობლივი ხედვებით განვახორციელოთ მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტები, თითოეული ქედელი მოქალაქის საკეთილდღეოდ. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო ქედის მერი. მზად ვარ, მომდევნო ოთხი წელი, მთელი ენერგიით და პასუხისმგებლობით ვემსახურო ჩემ ხალხს. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ქედას კიდევ უფრო განვითარებულ და წარმატებულ მუნიციპალიტეტად ვაქცევთ. მჯერა, 4 ოქტომბერს ჩემი ქედა იტყვის თავის სიტყვას და ეს იქნება დასაწყისი ჩვენი ერთობლივი სასიკეთო საქმეების, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის მხარში დგომით მიიღწევა. მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ქედას! – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

შუახევი

შუახევში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდანვე შეიკრიბა ხალხი. წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები შეხვდნენ. საპატიო სტუმრებთან ერთად, სცენა დაეთმოთ შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ ომარ ტაკიძეს, „ქართული ოცნებიდან“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული სიის კანდიდატების სათავეში მყოფ, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს იაგო დავითაძეს, შუახეველთა მაჟორიტარებს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ანზორ ბოლქვაძესა და ფრიდონ ფუტკარაძეს.

ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს სულხან თამაზაშვილმა, დავით გაბაიძემ, ომარ ტაკიძემ, იაგო დავითაძემ, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და 4 ოქტომბერს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ხულო

„ხულოშიმერობის კანდიდატად წარდგენილია ვახტანგ ბერიძე, ადამიანი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება, გამორჩეულია მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით. ის წარმატებული იყო თავისი სამსახურებრივი კარიერის ყველა საფეხურზე. 20 წელზე მეტი უმწიკვლოდ და ღირსეულად იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, არის პოლიციის პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი და აქვს ორი მოწვევის მერობის გამოცდილება. დარწმუნებული ვართ, მისი ხელმძღვანელობით ხულოში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები და განვითარების სივრცე“, – აღინიშნა ხულოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და სხვებმა, ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინეს

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *