შეხვედრები – ზვიად გამსახურდიასთან
შუახევის რაიონულ გაზეთ „დროშის“ რედაქციაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როცა სამზეოზე გამოვიდა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას თხზულებათა ტომეული. წაკითხვასთან ერთად, დავიწყე ბრძნული გამონათქვამების მონიშვნა და გაზეთში ბეჭდვა. ერთ დღესაც საქალაქთაშორისო ტელეფონით დამიკავშირდნენ, ხაზზე თბილისია და საჩქაროდ უპასუხეთო. ყურმილში მამაკაცი დინჯად მომესალმა და ყოველგვარი მოკითხვის გარეშე მითხრა, ზვიადი ვარ, გამსახურდია, მადლობა თქვენ, რომ ადგილობრივ გაზეთში გამონათქვამებს ბეჭდავთ, ეს ცენტრალურმა ჟურნალ-გაზეთებმა ვერ მოიფიქრეს, თბილისში რომ ჩამოხვალთ, მინახულეთო.
შუახევი პატარა რაიონია, კარგსა თუ ცუდ ამბავს მალე ყველა იგებს. გაზეთის მაშინდელმა რედაქტორმა მიხეილ ზოსიძემ მეორე დღეს გამართულ თათბირზე მადლობა გამომიცხადა.
პროფესიით პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. უნივერსიტეტში სწავლის წლებში ზვიადისა და სულმნათი მერაბ კოსტავას ბრძოლა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მიზანმიმართული და საჩინო გახდა. ერთ დღესაც ტყიბულელ თანაკურსელ გივი გეწაძეს ჩემი და ზვიადის საუბრის შესახებ მოვუყევი. მისაყვედურა, ასეთ შემოთავაზებას ხელიდან როგორ უშვებო. კიდევ ერთი თანაკურსელი – თბილისელი მზია გიორგობიანი ვიახლეთ და სამივენი კოლხურ კოშკს მივადექით. ივნისის საღამო იყო. ბატონი ზვიადი კარგ ხასიათზე დაგვხვდა, ერთი საათი დაგვითმო სასაუბროდ. გაზეთის ის ნომერიც მოიტანა, რომელშიც მამამისის ნაწარმოებებიდან ამოკრებილი ბრძნული აზრები იყო დაბეჭდილი.
ამ შეხვედრიდან წლები გავიდა, ბატონი ზვიადი ხულოში იმყოფებოდა. ბატონ ბადრი მელაძესთან ერთად ისევ შევხვდი. ამჯერად, გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ ჟურნალისტის რანგში – დროა, გაზეთს სიტყვა საბჭოთა მოაშოროთო,- მითხრა ჩვეული რიხით.
1991 წლის ზაფხულში შუახევში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა მისალმებისთანავე მითხრა: ხომ მოვაშორეთ თქვენს გაზეთს სიტყვა „საბჭოთა“. დროის მოკლე მონაკვეთში შუახეველებთან საქმიანი შეხვედრა გამართა და დაგვემშვიდობა. რას ვიფიქრებდი, რომ ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო.
ოთარ ცინარიძე