შთაბეჭდილებებიდან – ტილომდე
6 თებერვალს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მხატვარ მაია გერსამიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „პარიზული ვოიაჟი“ გაიხსნა. ექსპოზიცია პარიზში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების მხატვრულ ინტერპრეტაციას აერთიანებს და დამთვალიერებელს საფრანგეთის დედაქალაქში აკვარელის ნაზ და ემოციურ ფერებში ამოგზაურებს.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნახატებში, მხატვარმა პარიზის ქუჩების, მისი არქიტექტურისა და განწყობისთვის დამახასიათებელი,
ინდივიდუალური ხედვა გადმოსცა. იგი ნამუშევრებში შინაგან ემოციებსა და განცდებს გვიზიარებს.
როგორც მაია გერსამია ამბობს, პარიზში მოგზაურობა მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა, ქალაქი, რომელიც მანამდე სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი, სრულიად განსხვავებული დახვდა.
„ჩემმა შვილმა გამიკეთა საჩუქარი და პირველად წამიყვანა პარიზში. საოცარი ემოციები მივიღე, ყველაფერს გონებაში ვინახავდი, ჩანახატებს ვაკეთებდი, ფოტოებს ვიღებდი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი გადავწყვიტე, ეს ყველაფერი ტილოზე გადამეტანა და ჩემი თვალით დანახული პარიზი სხვებისთვის გამეზიარებინა“, – აღნიშნა მხატვარმა.


მისივე თქმით, აკვარელის ტექნიკა შეგნებულად შეარჩია, რათა ნამუშევრებში ემოციური იმპულსი არ დაკარგულიყო. „ამ გამოფენის ინსპირაცია პარიზი იყო და ამიტომაც დავარქვი „პარიზული ვოიაჟი“. რაც შეეხება ზოგადად ჩემი შემოქმედების მთავარ გზავნილს, ეს პოზიტივია, ის, რაც დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით აკლია. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს დადებითი გამოცდილებები გავუზიარო“, – ამბობს მაია გერსამია.
მხატვარი აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი „ცეცხლი“ ბავშვობიდან თან სდევს და სწორედ გამოფენებსა და მსგავს კულტურულ პროცესებში ჩართვა აძლევს ახალ სტიმულს. მან, ასევე, გაგვიმხილა, რომ მომდევნო გამოფენა ბათუმს დაეთმობა, ქალაქს, რომელიც მისთვის მუდმივი ინსპირაციის წყაროა.
მაია გერსამიას შემოქმედება დადებითად შეაფასა მხატვარმა გურამ ფუტკარაძემ. მისი თქმით, გერსამია სწავლობდა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში და თავიდანვე გამოირჩეოდა საკუთარი ხელწერითა და შრომისმოყვარეობით.
„მისი ნახატების დათვალიერებისას ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს პარიზში ვიყავი. ნამუშევრებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პროფესიონალიზმსა და ნიჭს“, – აღნიშნა გურამ ფუტკარაძემ და მხატვარს წარმატებები უსურვა.

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეა ხელოვნების მოყვარულებს მაია გერსამიას ემოციურ „პარიზულ ვოიაჟში“ „მონაწილეობას“ 10 თებერვლის ჩათვლით სთავაზობს.
ნანა აბულაძე