შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ახალი წესი ამოქმედდა
ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის დროს, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს. დრო დეპუტატების განცხადებებსაც დაეთმო.
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩა №3-ში, ბათუმის პორტის სამგზავრო ტერმინალის ტერიტორიაზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისათვის საფრანგეთის მიერ აღმოჩენილი საზღვაო მხარდაჭერის აღმნიშვნელი ბრინჯაოს მემორიალური დაფა განთავსდება სადგამით. საკითხი დეპუტატებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ცხოიძემ გააცნო.

-1921 წლის თებერვალში, ბათუმის სანაპიროს მოადგა ფრანგული სამხედრო კრეისერი, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევდა საქართველოს ხელისუფლებას. სწორედ ამ კრეისერით გაემგზავრა ჩვენი იმდროინდელი ხელისუფლება ემიგრაციაში, მოახერხა იმ სიმდიდრის გატანა, რომელიც ყველასათვის ცნობილია, – აღნიშნა ლევან ცხოიძემ.
საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესიც დაამტკიცა. ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სანიტარიული ზედამხედველობის, აკუსტიკური ხმაურის, ბიოდეგრადირებადი პარკების, მწვანე ნარგავებისა და ნარჩენების მონიტორინგის განყოფილების უფროსის ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, დადგენილების მიღება განპირობებულია „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის დათქმით, რომელიც მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს, 2026 წლის 1 მარტამდე დაამტკიცონ შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესები ან ამ წესების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი ამავე კანონთან შესაბამისობა.
შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის მიღება უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმში შინაურ ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, ადამიანისა და ცხოველის უსაფრთხო თანაარსებობასა და ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების დანერგვას. დადგენილების მიხედვით, შეიქმნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ბაზა, რომელშიც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინალური დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი განახორციელებენ.
– ეს არის ახალი წესი, რომელიც შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ მიიღო საქართველოს პარლამენტმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ წესი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე. ძირითადი მიზეზი ერთიანი რეესტრის შექმნა და ცხოველთა რეგისტრაციაა, რომელშიც ჩაერთვება როგორც მუნიციპალიტეტი, ისე, თავშესაფრები და ვეტერინარული კლინიკები. ახალი წესი მეპატრონეებს ასევე ავალდებულებს, ცხოველებს ჩაუტარონ სტერილიზაცია-კასტრაცია, ანტირაბული ვაქცინაცია და უზრუნველყონ ცხოველის რეგისტრაცია ერთიან ბაზაში.
კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯარიმებს რაც შეეხება, განსაზღვრულია და ის 1 ივლისიდან შევა ძალაში. შინაური ცხოველის მეპატრონე, ყოლის წესების დარღვევისთვის 500 ლარით, სტერილიზაცია-კასტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, თუ ცხოველს ერთიან ბაზაში არ დაარეგისტრირებს, 1500 ლარით დაჯარიმდება, – განაცხადა ნუგზარ ცეცხლაძემ.