შობა და ალილო – სხალთის ეპარქიაში
By

შობა და ალილო – სხალთის ეპარქიაში

ქრისტეშობის დღესასწაულის ლიტურგია, როგორც ყოველთვის, სათანადოდ ჩატარდა სხალთის ეპარქიის ტაძრებსა და სამლოცველოებში. სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა საშობაო წირვა-ლოცვა მღვდელმსახურებთან ერთად დაბა შუახევის წმინდა სამების ტაძარში აღავლინა. საშობაო ლიტურგიას აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის  მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე და შუახევის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

– დაბა შუახევისახლად აგებულ ტაძარში ოჯახის წევრებთან ერთად მოვედი. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის რანგში საშობაო ლიტურგიას პირველად დავესწარი. მსურს, მართლმადიდებლურ სამყაროს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო, მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო ,- გვითხრა იაგო დავითაძემ.

ფრიდონ ფუტკარაძე, ომარ ტაკიძე, იაგო დავითაძე, გიორგი კეკელიძე, თენგიზ ივანაძე გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშიც იყვნენ, სადაც საშობაო ლიტურგიას დეკანოზი გიორგი (ფუტკარაძე) აღავლენდა.

-2005 წლის მაისის გიორგობაზე მარეთის ხეობაში ეს ტაძარი ამოქმედდა. იგი 7 წელსა და 7 თვეს შენდებოდა. საძირკვლის გაჭრის, მშენებლობის პროცესებში აწ განსვენებული მამაჩემი, ალექსანდრე, ასევე, ძმა, ტარიელი, მონაწილეობდნენ. ამიტომაც აქ მოსვლა და მოლოცვა ჩემთვის დიდი პატივია. ამჯერადაც მეუღლესთან, ორ ვაჟთან და ქალიშვილთან ერთად  მოვილოცე. მარეთი მშობლიური ხეობაა. აქედან გილოცავთ შობის დღესასწაულს, – გვითხრა ფროდონ ფუტკარაძემ.

დაბა შუახევის ქუჩებში  ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა გაიმართა.  მონაწილეებს ფრიდონ ფუტკარაძე, ომარ ტაკიძე,  იაგო დავითაძე, გიორგი კეკელიძე  და სხვა ხელმძღვანელი პირები შეუერთდნენ. მათ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს. ალილოს მსვლელობას დეკანოზები გიორგი ფუტკარაძე და იოვანე ჩხუბაძე უძღვებოდნენ. შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.                                                                       

ქედაში საშობაო ღვთისმსახურებას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე დაესწრნენ. საშობაო ლიტურგია დეკანოზმა ევდემოზ ალელიშვილმა აღავლინა.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაბა ქედის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართა.

მონაწილეებს  იმედა ვასაძემ და რომან დავითაძემ ქრისტეშობა მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს. საშობაო მსვლელობა დეკანოზებმა ევდემოზ ალელიშვილმა,  ბართლომე ჩხიკვაძემ,  გრიგოლ სურმანიძემ, სალოტბარო სკოლის გუნდის ბავშვებთან და მრევლთან ერთად გამართეს.                                                                                                                                              ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • იანვარი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *