„შუამთობა“
By

„შუამთობა“

აჭარის მთიანეთის სახალხო დღესასწაულ „შუამთობას“ ადგილობრივებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან მოპატიჟებული სტუმრები ესწრებიან. შეიცვალა დღესასწაულისადმი ხელისუფლების მიდგომაც.
– წინა საუკუნის 80-იან წლებში „შუამთობა“ წარსულის მავნე გადმონაშთად მიიჩნიეს, მაგრამ მთებში ამოსვლა და მემთეურების მოფერება არასდროს დაგვზარებია. ახლა გადაადგილება აღარაა პრობლემა, ყველა მთაში ნორმალური საავტომობილო გზაა, დენიც გაიყვანეს. ასფალტ-ბეტონის საფარია დაგებული გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის შემოგარენში, მთებში მისასვლელ საავტომობილო გზებზე. ბეშუმში, ზოტიყელში, თაგინურსა და ჩირუხში ღონისძიების გასამართი ცენტრებიც მოაწყვეს, – გვითხრა ოქრუაშვილებელმა ემზარ აბაშიძემ.
სწორედ ბეშუმის ცენტრი იყო წლევანდელი „შუამთობის“ მთავარი ლოკაცია, სადაც ადგილობრივები და მათი სტუმრები დღის 12 საათისთვის შეიკრიბნენ. აქ მოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სხალთის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე სპირიდონი, მღვდელმსახურები, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, სტუმრები უცხოეთიდან.

დღესასწაულის წამყვანმა ნანა შაინიძემ სცენაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მიიწვია, რომელმაც საპატიო სტუმრებსა და დამსწრეთ სახალხო დღესასწაული მიულოცა.
,,ჩემი მთავარი მიზანია შესაძლებლობები და კეთილდღეობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შესაძლებლობა, ,,შუამთობის“ სახალხო დღესასწაული თქვენთან ერთად აღვნიშნო. ბედნიერებაა, რომ დღეს ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით და გადავარჩინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენი ტრადიციები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მთიანი აჭარის განვითარებაა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებით ჩვენ შევძლებთ, მთიანი აჭარიდან შეწყდეს მოსახლეობის მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის, მთიანი აჭარის განვითარებას. მინდა აღვნიშნო ჩვენი მემთეურების მნიშვნელოვანი როლი, მათი თავდაუზოგავი შრომის ფასი. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდობას, ბავშვებს, რომლებიც ყველგან ყველაფერს გვილამაზებენ“, – თქვა სულხან თამაზაშვილმა.
შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ადგილობრივებთან ერთად მრავალი სტუმარია, რაც სასიხარულოა. თქვენთან ერთად ყოფნა, ზეიმის მოლოცვა ჩემთვის დიდი პატივია. „შუამთობა“ თავისი შინაარსით გამორჩეულია საქართველოში. იგი მთასა და ბარს აერთიანებს. ზეიმზე უხუცესებთან ერთად ახალგაზრდობას ვხედავ, რაც ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, ქართველი არ გადაშენდება, ნათელი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, რომ ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემოდეს. ეს სინთეზი აქ იგრძნობა და მახარებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვისურვებდი, აქაური მუხტი სრულიად საქართველოსთვის გადამდები იყოს. ჩვენი ვალია, მომავალ თაობას „შუამთობა“ და სხვა დღესასწაულები შევუნარჩუნოთ. მათ უნდა იცოდნენ, საიდან მოვდივართ, რას ნიშნავს ქართველობა, რაა ჩვენი ტრადიციები, სტუმარმასპინძლობა. ამას ანდერძად გვიტოვებდნენ ჩვენი წინაპრები. გილოცავთ, მსურს წარმატებული იყოს მთიანი აჭარა და სრულიად საქართველო“, – თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე პირველად არ ესწრება „შუამთობის“ ზეიმს. მისი ჩამოსვლა და მემთეურებისთვის დღესასწაულის მილოცვა, თითქმის წესად დამკვიდრდა. მან მისასალმებელ სიტყვაში თქვა: „ არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულსა და ტრადიციებს, როგორც ქართული მთა. მაღალმთიანი აჭარა ამ კუთხით გამორჩეულია, რაც თითოეული აქ მცხოვრების დამსახურებაა. აჭარის მთიანეთში რომ ჩამოდიხარ, აღტაცებული ხარ ბუნების სიმშვენიერით. ყველაზე მთავარი მაინც ის განსაკუთრებული სითბოა, რომელსაც აქაური მოსახლეობა გიზიარებს. მიხარია, რომ ტრადიციები გრძელდება, ყველანი ერთად ვიკრიბებით. ეს ზეიმი მთისა და ბარის, ერისა და ბერის გამაერთიანებელია. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“.
„შუამთობის“ მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, რომელმაც „საპატიო ხულოელებს“ დიპლომები გადასცა.
საუკუნესაა მიტანებული ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანის მკვიდრი როსტომ აბულაძე. ყოფილ მოჭიდავეს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს „საპატიო ხულოელის“ წოდება „შუამთობის“ ზეიმზე მიანიჭეს. მასთან ერთად ეს წოდება დაიმსახურეს აბულაძეების გვარის ეთნარქმა ვახტანგ აბულაძემ, ხიხაძირელ გაბაიძეთა სახელოვანმა წარმომადგენელმა, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ჯამბულ გაბაიძემ, ხულოს რაიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასლან გელაძემ და ცნობილმა ქველმოქმედმა ენრიკე (გრიგოლ) ბერიძემ.
ბეშუმში გამართული ყველა „შუამთობის“ ზეიმს ალამაზებენ ხულოს რაიონული და სასოფლო კულტურის ცენტრის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული, ფოლკლორული ანსამბლები, ვოკალური ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ბენდი. გულდასაწყვეტია, რომ წლევანდელ „შუამთობას“ ვეღარ მოესწრო ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხას“ 101 წლის სოლისტი მუხამედ ირემაძე. საზეიმო ცერემონიის გახსნის პატივი სწორედ „ბერმუხას“ ერგო.

– ეს მთები ჩვენი წინაპრების საყვარელი ადგილი იყო, – გვითხრა „ბერმუხას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა რეზო აბულაძემ. – „განდაგანის“ ის ილეთები, რომელიც ჩვენს რეპერტუარშია, ამ კუთხეში საუკუნეების წინ სრულდებოდა. რამდენიმე მათგანი ჩვენც აღვადგინეთ. მადლობა ყველას, რომ კიდევ ერთხელ გვერგო ამ ზეიმზე გამოსვლის პატივი.

ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულ ვოკალურ ანსამბლ „ხულოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბეგლარ დეკანაძე გამოაკლდა, მაგრამ ანსამბლმა შეძლო, წელსაც შინაარსიანი რეპერტუარით წარმდგარიყო „შუამთობის“  ზეიმზე. მთაში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები „არგინეთი“, „ციცინათელა“, „საციხური“, „გოდერძი“, „იბერია“, ჯგუფი „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, DJ ჩიკი.

ოდითგანვე „შუამთობის“ დღესასწაულზე იმართება ნიშნობები, ქორწილები. . . არც ამ ტრადიციაზე თქვეს უარი ორგანიზატორებმა. მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ, სულხან თამაზაშვილმა ამჯერად ახალი ოჯახის შექმნა მიულოცეს ხულოს რაიონის სოფელ ქედლებისა და შუახევის რაიონის სოფელ ინწკირვეთის მკვიდრებს – მანანა შანთაძესა და ნუკრი შარაშიძეს.
ქვეყნის, რეგიონის ხელისუფლების პირველი პირები სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრნენ. ქართულ ჭიდაობაში 70-კილოგრამიან წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ხულოელმა ლერი შაინიძემ დაიკავა, ხოლო აბსოლუტურ წონაში პრიზს აჭარის შარშანდელი ფალავანი თამაზ ბედინაძე დაეუფლა.

დოღში, სხვადასხვა დისტანციაზე, კვატიელმა ცეზარ ხოზრევანიძემ, შუახეველმა ჯამბულ ხიმშიაშვილმა, ღორჯომელმა მინდია რომანაძემ, ცეზარ ხოზრევანიძემ და ადიგენელმა რაინდი ხარაბაძემ გაიმარჯვეს. მათ პრიზები და სხვა ჯილდოები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
გაიმართა საბავშვო და სპორტული აქტივობები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები. . .

„შუამთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, ტრადიცია კი დიდ კაკლის ხეს ჰგავს, რომელსაც ძლიერი ფესვი და დიდი ჩრდილი აქვს. დღეს ჩვენ ამ ჩრდილში მოხვედრის უამრავი მსურველი ვნახეთ. ყველას მადლობა. განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გამოხატეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა. მათი ზეიმზე დასწრება მნიშვნელოვანი იყო. ყველას ვალია, ტრადიციას, რომელიც წინაპრებმა საუკუნეებს გამოატარეს, ერთად გავუფრთხილდეთ და შევინახოთ“, – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.
ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტი.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *