
შუახევის ანსამბლები – აფიონის ფესტივალზე
შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „შუახევი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზე-კართან“ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ აფიონში „აფიონყარაჰისარის“ ფესტივალზე იმყოფებოდნენ. მათ თან ახლდა კულტურის ცენტრის ფოლკორის განყოფილების უფროსი სალომე ხინიკაძე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ქალბატონო სალომე, რას გვეტყვით ფესტივალის „აფიონყარაჰისარის“ შესახებ?
– პირველ რიგში, მადლობა დაინტერესებისთვის. „აფიონყარაჰისარის“ ფესტივალი დიდ როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ანსამბლების ყოველი გასტროლი საზღვარგარეთ, ამ გზით ვაცნობთ უცხო ქვეყნების საზოგადოებას შუახევურ კულტურას, რომელიც ზოგადქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობდა ფოლკლორული ანსამბლი „შუახევი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზე კართან“. აღსანიშნავია, რომ ხუდღიანი ფესტივალის გახსნის პატივი წილად ხვდა ანსამბლ „შუახევს“, დახურვის – ანსამბლ „ზე კართან“.
– ადგილობრივი მოსახლეობა როგორ შეხვდა ქართული ანსამბლების გამოსვლებს?
– მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული ფესტივალში. მათ ძალიან მოეწონათ როგორც ჩვენი ხელოვნება, ისე ტრადიციული სამოსი. იღებდნენ ჩვენთან სამახსოვრო ფოტოებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი ემოციური მომენტი: ერთ-ერთმა გოგონამ ჩვენი დროშის დანახვაზე ცრემლები ვერ შეიკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქართველი იყო. ეს შეხვედრა დაუვიწყარი აღმოჩნდა – ყველამ გულში ჩავიკარით გოგონა. აქვე აღვნიშნავ, რომ ფესტივალის ორგანიზატორებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ შუახევის ანსამბლების ახლოს გაცნობით.
– იმ შეხვედრებზე რას იტყვით, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობასთან და სხვა ანსამბლების წარმომადგენლებთან გამართეთ?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ გასტროლის ხელმძღვანელობა. მინდა ამ ნდობისთვის მადლობა გადავუხადო აჭარის კულტურის სამინისტროს, შუახევის მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებს. რაც შეეხება შეხვედრებს, ქალაქის მერიაში მერმა, ქალბატონმა ბურჯუ კოქსალმა, ფესტივალის მონაწილე ყველა ანსამბლი მიიწვია და მადლობა გადაგვიხადა. სამახსოვრო საჩუქრებიც გავცვალეთ.
– პრიზები თუ წამოიღეთ?
– გარდა იმისა, რომ მაღალი შეფასება დავიმსახურეთ და სცენიდან მადლობაც გადაგვიხადეს, ანსამბლების ხელმძღვანელებს ფესტივალ „აფიონყარაჰისარის“ ორგანიზატორებმა მადლობის ბარათებიც გადასცეს.
– რა შთაბეჭდილება დატოვა ფესტივალმა?
– ღონისძიებას ჰყავდა როგორც მრავალრიცხოვანი მაყურებელი, ასევე – მონაწილე. გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების შემოქმედებას მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მათმა გამოსვლებმა, ასევე, ჩვენმა ხელოვნებამ. მასპინძლების მიერ გამოჩენილი დიდი ყურადღება ჩვენი შთაბეჭდილებების მნიშვნელოვანი ნაწილია.
– ამ ფესტივალში მონაწილეობა ვისი ინიციატივა იყო და ვინ დააფინანსა გასტროლი?
– შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები პერიოდულად მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალში. ამჯერად, კულტურის ცენტრის ინიციატივით, შეირჩა ანსამბლები „ზე კართან“ და „შუახევი“. გასტროლი დააფინანსა აჭარის კულტურის სამინისტრომ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს და მის გუნდს, ასევე, შუახევის მერიას – მუდმივი თანადგომისთვის.
– უახლეს გეგმებზე გვითხარით ორიოდე სიტყვა?
– სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილია შუახევური დღეები ქალაქ ბათუმში, რომელშიც ჩვენი კულტურის ცენტრის ყველა ანსამბლი იქნება ჩართული. ასევე, შუახევში ვგეგმავთ ანსამბლ „შუახევის“ სოლო კონცერტს გამომდინარე იქიდან, რომ იგი ერთ-ერთი პირველი ანსამბლია და საიუბილეო თარიღი – 70 წელი უსრულდება. კიდევ ოთხ ანსამბლი გვყავს იუბილარი. წლის ბოლოს საიუბილეო კონცერტს გავმართავთ. გარდა ამისა, დარჩენილ 3 თვეში დაგეგმილია რამდენიმე ფესტივალისა და ღონისძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა ანსამბლი.
ოთარ ცინარიძე