„შუახევობა-2025“
ათასწლეულებია, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ ირჯებიან შუახეველები. ოთოლთას, ოქროპილაურის, კავიანის, გოგლაურის, ნიგაზეულის, ცინარეთის, მახალაკიძეების ისტორიული ციხეების, ქონგურების, ფურტიოს, ჭვანის ქვითკირის ხიდების, ხაბელაშვილების სამსაუკუნოვანი ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობის მშენებლებმა კარგად იცოდნენ, რისთვის ირჯებოდნენ. აგებდნენ იმ ტაძრებსა და სამლოცველოებს, სადაც ლოცულობდნენ და რომელთა ნაშთები ჯაბნიძეებში, წაბლანაში, დარჩიძეებში ბოლო წლებში აღმოაჩინეს. ცეცხლითა და მახვილით წართმეული მრწამსი რომ ბრუნდება, ამას დაბა შუახევში, გამონათლევში, ხიჭაურის დასახლებაში აშენებული და ელვაურზე მშენებარე ტაძრები, აღმართული ჯვრები ადასტურებს.
70 წელზე მეტია, რაც ქვეყნის რუკაზე შუახევი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად მოინიშნა. მრავალი ფაქტი, მოვლენა, თარიღი შემოინახა ისტორიამ, რომელთა შორის აღსანიშნავია „სიმღერის დღესასწაული“. მას სათავე მაშინ დაედო, როცა რაიონის პირველი პირი, უკვე 90 წელს მიტანებული, „საპატიო შუახეველი“ ბატონი მურმან ჭაღალიძე იყო. სახალხო ზეიმს 42 წლის განმავლობაში სახელი რამდენჯერმე შეუცვალეს, დღეს კი „შუახევობის“, სახელწოდებით ზეიმობენ ღვინობისთვეში.

ყველა დღესასწაული ხალხის მიერ გაწეული შრომის ერთგვარი შეჯამებაა. ასე იყო ამჯერადაც. 9 ადმინისტრაციული ერთეულის (შუბანი, ოლადაური, დღვანი, უჩამბა, დაბა შუახევი, ზამლეთი, ჭვანა, ბარათაული, წყალსაყარი) კუთხეებში წარმოდგენილი იყო სოფლის ნობათები, ხალხური რეწვის ნიმუშები,, ტრადიციული სამზარეულო… კულინარია…
საპატიო სტუმრები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მწერლები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, მეზობელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, ბიზნესმენები პირველად მარეთის ხეობის უჩამბის თემის კუთხეში მივიდნენ. მათ სხვებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა იაგო, ემზარ დავითაძეებმა, ედნარ კეჟერაძემ, თენგიზ ივანაძემ უმასპინძლეს. სტუმრებმა ლაკლაკეთში, ნოდარ კეჟერაძის ვენახში დაკრეფილი ცილიკაურის ნაჟურით დალოცეს ქვეყანა და „შუახევობა“, ესტუმრნენ სხვა თემების კუთხეებსაც.
სასიხარულო ცნობით მოვიდნენ ზეიმზე დაბა შუახევის წარმომადგენლები – 27 ოქტომბერს შუახევის საჯარო სკოლის მასწავლებელ თეიმურაზ დავითაძეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადაეცა. ეს აღიარება პირველია შუახევის ისტორიაში. წარმატებულმა პედაგოგმა მოლოცვები მიიღო.
მოზეიმეებს სახელდახელოდ დადგმული სცენიდან „შუახევობა“ მიულოცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ. სიამაყით ისაუბრა იმ წვლილზე, რომელიც შუახევის მოსახლეობას შეაქვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი „შუახევობის“ სახალხო ზეიმში პირველად მონაწილეობდა. მან თავის გამოსვლაში იმ მიღწევებზე, ამასთან, იმ გამოწვევებზე ილაპარაკა, რომელიც ქვეყნის, რეგიონისა და თითოეული მოსახლის წინაშე ამ ეტაპზე დგას. შეკრებილებს, ასევე, მიესალმნენ დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე.
უკვე 70-ზე მეტი ღირსეული პიროვნება „საპატიო შუახეველის“ წოდებას ატარებს. წელს მათ რიგებს კიდევ 11 შეემატა.
90 წელსაა მიტანებული ცნობილი პედაგოგი სოსო ბერიძე. სპეციალობით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მომავალი თაობების აღზრდის საპატიო საქმეს ნახევარ საუკუნეზე მეტი შეალია. იგი ყველა „შუახევობის“ მონაწილეა, მაგრამ წლევანდელი სახალხო დღესასწაული მის ცხოვრებაში გამორჩეულია – მას „საპატიო შუახეველის“ წოდება მიანიჭეს. ამიერიდან ამ წოდებას ასევე ატარებენ აკაკი მახარაძე – საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარის მოადგილე წლების განმავლობაში საზოგადოება „მარეთის“ თავმჯდომარე; მანანა წულუკიძე – ა(ა)იპ-ი „მწიგნობარის“ ხელმძღვანელი, ტარიელ ქარცივაძე – ფარმაცევტი და მეცენატი, თემურ ზოიძე – საზოგადოება „ჭვანელის“ თავმჯდომარე, ნოდარ ხიმშიაშვილი – მშენებელი ინჟინერი, ოთარ(თემურ) მჟავანაძე – ბიზნესმენი და ქველმოქმედი, თამაზ დარჩიძე – მწერალი და მკვლევარი, იოსებ დავითაძე – ათწლეულების განმავლობაში სამეურნეო დარგში უმწიკვლო საქმიანობისათვის; მადლენა დავითაძე – მედიცინის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის; შოთა ფუტკარაძე – ფინანსისტი, ნოშრევან ზოიძე – მუნიციპალიტეტში ვეტერინარიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
მათ დიპლომები საზეიმო ვითარებაში ომარ ტაკიძემ გადასცა. „საპატიო შუახეველებმა“ მადლობა გადაიხადეს ამაგისა და ღვაწლის დაფასებისთვის.
სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა საპატიო სტუმრები დაბა შუახევში, ახლად ამოქმედებულ ტაძარში მიიპატიჟა.
ქართული ჭიდაობა შუახევში პოპულარულია. ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა „შუახევობა-2025“-ის ფალავნობის გამოსავლინებელ ორთაბრძოლებს. ფინალში ერთმანეთს ნიგაზეულელები – სულხან აბაშიძე და რამაზ ხიმშიაშვილი დაუპირისპირდნენ. სულხან აბაშიძემ გაიმარჯვა, რის შედეგადაც თასთან ერთად ცხვარიც დაისაკუთრა. მესამე ადგილზე ასევე ნიგაზეულელი როინ ხიმშიაშვილი გავიდა.

ზეიმს ცეკვა და სიმღერა უხდება. დღესასწაული გაალამაზეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა უხუცესთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ფესვები“, ასევე, „შუახევმა“, „ნაიმ“, „ზე-კართან“, „მარეთმა“, „ჭვანამ“, სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის, ბარათაულის საჯარო, სალოტბარო სკოლების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა, ბენდმა „117“ და ღამის შოუს ბენდმა.
პატარების გართობაზე ანიმატორები შორენა მუკუტაძე, მაია და დავით ცაცანიძეები ზრუნავდნენ.
დღესასწაული ფოიერვერკებით დასრულდა.
ოთარ ცინარიძე