
„ჩემთვის ტერმინი „უბრალო პროფესია“ არ არსებობს“
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რომან დუმბაძე ჩვენი სტუმარია და მიმდინარე პროექტებსა და სხვა სიახლეებზე გვესაუბრება.
– სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ხელმძღვანელობა დამეკისრა, დიდი როლი აკისრია. გზა, წყალი და სხვა ინფრასტრუქტურა მოქმედი ხელისუფლების მთავარ საზრუნავად რჩება. განყოფილებაში საქმიანი ატმოსფერო დამხვდა. ნორმალურ მდგომარეობაშია ტექნიკა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გვყავს მექანიზატორები, რომლებმაც პროფესიულ დონეზე აითვისეს თანამედროვე ტექნიკით მუშაობა. დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით უდგებიან მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, მეგზევეები. შუახევის მუნიციპალიტეტში, 10 წელზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო 219კილომეტრზე. ამ ეტაპზე 56 კილომეტრზეა დასაგები ასფალტი ხიჭაური-ნაღვარევის, შუახევი-შუბნის-ჩირუხის გზებზე. წელს ამ მიმართულებით აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან მარტო შუახევის მუნიციპალიტეტზე მილიონი ლარია მობილიზებული.
– მთის მკაცრი კლიმატი ყველაზე მეტად მეგზევეებს გირთულებთ საქმეს. . .
– სულ მალე ექსპლუატაციაში შევა ორზოლიანი ზიპლაინი მთა ჩირუხში, რაც მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი იქნება შუახევის სინამდვილეში. ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მისასვლელი გზის მშენებლობა გაართულა, ახლა მის მოსვლა-შენახვაზე ვზრუნავთ. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ ბეტონის საფარის დაგება დაგვეწყო ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორი-თაგინურის გზაზე. სამუშაოები დაწყებულია და წელს 400 კუბური მეტრი ბეტონის საფარი დაიგება.
ჯვარიმინდორი უკვე მნიშვნელოვან ტურისტულ ტერიტორიად იქცა. ახლა დაწყებულია მოძრაობა მთა ღომას ტურისტული პოტენციალის ასათვისებლად. სპეციალისტების აზრით, აქაური კლიმატი, ტყის კორომები, სამკურნალო წყლები მის საუკეთესო კურორტად გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა. კეთილმოწყობილი გზა თუ არ იქნება, მისი ქვეყნის სამსახურში ჩაყენება გართულდება.
– ნაღვარევი–ზოტიყელი–შედრეკილის საავტომობილო გზა კურორტ ბახმარომდე მიდის. მის კეთილმოწყობაზე რას იტყვით?
– მალე ღორჯომის ხეობა ბეტონსაფარიანი გზით, მთა ზოტიყელზე გავლით კურორტ ბახმაროს დაუკავშირდება. ხელისუფლების ძალისხმევით, უახლოეს პერიოდში ნაღვარევი-კიკიბოს 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია იგეგმება და ბეტონის საფარით მოწყობაც დღის წესრიგში დადგება.
– ჩვენი საქმიანობა მარტო ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებით არ შემოიფარგლება. წელს მობილიზებული მილიონი ლარიდან, მნიშვნელოვანი ნაწილი ხიდების, საყრდენი კედლების, სანიაღვრეების, კიუვეტების, დამცავი ბაგირების მშენებლობა-კეთილმოწყობას მოხმარდება. შეკეთდება ყურთისონის, ბოგილის, ნენიის, ფურტიოს, გიდელას, უჩამბის ხიდები, ჩამოისხმება საყრდენი კედლები, მოეწყობა სანიაღვრე არხები.
– მეოთხედ საუკუნეზე მეტია შუახეველთა სამსახურში ხართ და ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის ნდობა და ავტორიტეტი მოიპოვეთ.
– ამ ნდობას გაფრთხილება სჭირდება. მე იმ ასაკში ვარ, როცა შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. კეთილი სიტყვით, ადამიანების თანადგომით უფრო მეტს მოიპოვებ, ვიდრე ამპარტავნებით. ადამიანები პროფესიისა და თანამდებობის მიხედვით არასდროს დამიხარისხებია. ჩემთვის მიუღებელია ტერმინი – უბრალო ადამიანი, უბრალო პროფესია. ყველაზე მეტად ისინი არიან პატივსაცემნი. ჩემი ოჯახი, წინაპრები, მუდამ შუახეველთა სამსახურში იყვნენ და ვცდილობ, მათი გზა ღირსეულად გავაგრძელო. შუახევი დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად რომ გამოიყო, ბაბუები, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან, იმ პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას შეუდგნენ, რასაც მინდობილი სამსახურები ავალებდათ. ბებია ეთერ მაღლაკელიძე შუახევში მოვლინებული მასწავლებელი იყო, წლები შეალია თაობების აღზრდის საპატიო საქმეს. მეორე ბებია – ფატი სურმანიძე-ქამადაძე, ცნობილი მეცნიერის, მწერლის რამაზ სურმანიძის და გახლდათ. საოჯახო ბიბლიოთეკაში ბატონი რამაზის ავტოგრაფით ნაჩუქარი 60-მდე მისი წიგნი გვაქვს. მე და მეუღლე დალი ზოიძე მათ დანატოვარს ვუფრთხილდებით. ზოგიერთების მსგავსად, არც შუახევიდან წასვლაზე გვიჭირავს თვალი.
– მრავალ ცნობილ ადამიანს მასპინძლობდა თქვენი ოჯახი. ვინ დაგამახსოვრათ თავი?
– ყველაზე მეტად საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ,,ზე-კართან“ მონაწილეებმა დაგვამახსოვრეს თავი. ამ ფესტივალის წამოწყებით მრავალმა შემოქმედმა შუახევი, მისი წარსული და დღევანდელობა უკეთ გაიცნო. მწერლებთან ერთად, ქვეყნის პირველი პირების სტუმრობაც კარგად მახსოვს.
– სამი და-ძმიდან მშობლების პროფესიას არცერთი არ გაჰყევით. . .
– მამა წლების განმავლობაში შუახევის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი და ქირურგი იყო, მისთვის სამუშაო გრაფიკი არ არსებობდა. მშობლებს სურდათ, რომ ექიმის პროფესიას გავყოლოდი, მაგრამ იურისტობა ჩემთვის უფრო პრესტიჟული იყო. საქმეს თუ გულით მიუდგები, ღირსეულ სახელს ყოველთვის დატოვებ.
ესაუბრა ოთარ ცინარიძე