
„ჩემი ნახატები ფერებით საუბრობს იმაზე, რისი თქმაც სიტყვებით მიჭირს“
მხატვრობა უსაზღვროდ დიდი სივრცეა. იგი არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ ენაა, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია თქვას ის, რასაც სიტყვებით ვერ გამოხატავს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი ბათუმელი მხატვარი ცირა მორთულაძეა, რომლის ნახატებშიც კაშკაშა ფერები და ემოციები ერთმანეთს ერწყმის.
– როდის და როგორ აღმოაჩინეთ თავი მხატვრობაში?
– ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა. მახსოვს, ფერად ფანქრებთან თამაში ჩემთვის უსაზღვრო სამყაროში მოგზაურობა იყო. წლების განმავლობაში ეს სიყვარული არ მინელებულა, პირიქით, განვითარდა და ფორმა მიიღო. როცა ხატვა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, მივხვდი, სწორედ აქ ვპოულობდი ჩემს თავს, ბავშვობიდან ხატვის ფერადი სამყარო ჩემი ნაწილი გახდა, ყველგან, ნებისმიერი მასალით შემეძლო შემექმნა რამე საინტერესო, სულ ახლის ძიებით ვიყავი შეპყრობილი.
– შემოქმედებითი პროცესს ემოციით იწყებთ თუ წინასწარ გეგმავთ, რას დახატავთ?
– ხატვა ჩემთვის, პირველ რიგში, ემოციის გამოხატვის ფორმაა. ხშირად ბოლომდე არც ვიცნობ იმას, რაც უნდა დავხატო. უბრალოდ, მივყვები იმ გრძნობას, რაც შიგნიდან მოდის. ხანდახან იდეა მაქვს, მაგრამ საბოლოოდ, ემოცია ცვლის გზას.
– თქვენი ნახატებიდან საოცრად პოზიტიური მუხტი მოდის – იმედი, სიმშვიდე, სიმყუდროვე…
– ეს განცდები ჩემთვის ძალიან ღირებულია. თავადაც ხშირად ვეძებ სამყაროში სიმშვიდესა და სითბოს. ხატვით ვქმნი სივრცეს, სადაც მსურველებს შეუძლიათ, ცოტა ხნით გაჩერდნენ და მოისვენონ. როცა საკუთარ ნამუშევრებს ვუყურებ, ვფიქრობ, თუ როგორ მოვედი აქამდე, რანდენი ენერგია და ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს გზა გამომევლო.
– არის კონკრეტული სიმბოლოები ან თემები თქვენს ნამუშევრებში, რომლებიც ხშირად მეორდება?
– უმეტესად, მიწევს, რაც მსიამოვნებს, ტილოზე მუშაობის პროცესში ის დეტალები გავიმეორო, რადგან ეს მილამაზებს ხედვას. ნახატებში მიყვარს ლურჯის და ცისფერის გამოყენება, ეს ფერები ზღვასა და ცას მახსენებენ და ერთმანეთს ავსებენ.
– თქვენი ნახატების ნახვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენს ნამუშევრებში დიდ როლს კაშკაშა ფერები თამაშობენ…
– კაშკაშა ფერები ჩემთვის ენერგიისა და თავისუფლების გამოხატულებაა.
ვფიქრობ, ადამიანებს უყვართ ის, რაც თვალსა და გულს უხარებთ, რითიც შეუძლიათ დატკბნენ და ეს ყველაფერი ხასიათზეც მოქმედებს. როცა უყურებ ფერებში შესრულებულ ნებისმიერ ტილოს, უკვე კარგ განწყობაზეც დგები და ენერგიითაც ივსები.
ყოველთვის მიყვარდა ლურჯი, ბავშვობაში ეს იყო ბედნიერების ფერი ჩემთვის, რადგან ზღვის ფერია. წითელი მაძლევს ძალას, მწვანე – სუნთქვას, ხოლო თეთრი – სიწყნარესა და სიმშვიდეს. ფერები ჩემთან ერთად ცოცხლობენ – ხანდახან ისინი მიყვებიან ჩემს განწყობას, ხანდახან კი პირიქით, მათით ვცვლი საკუთარ მდგომარეობას. ჩემი ნახატები ხშირად ფერებით საუბრობენ იმაზე, რისი თქმაც სიტყვებით მიჭირს.
– რა გსურთ, რომ ადამიანებმა იგრძნონ, როცა თქვენს ნახატებს უყურებენ?
– მინდა, ჩემი ნამუშევრებიდან ადამიანებმა სითბო, სიმშვიდე და იმედი იგრძნონ. თუ ვინმეს სულ მცირე სიხარული მაინც მოვუტანე ფერით, ფორმით ან განწყობით, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა. ნახატებში ყოველთვის ვცდილობ სინათლისკენ სვლას და მყუდრო სივრცის შექმნას, სადაც შეგიძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნო.
– რა გჭირდებათ ხატვისთვის იდეალური გარემოსა და განწყობის შესაქმნელად?
– უმნიშვნელოვანესია, სიწყნარე და დრო, როცა არავინ მაჩქარებს. ზოგჯერ მუსიკა მეხმარება, ზოგჯერ – სიჩუმე. ყავა და ფანქარი – თითქოს რიტუალია, მაგრამ მთავარი მაინც ის შინაგანი მდგომარეობაა, როცა მზად ვარ მუშაობის პროცესისთვის.
– ზღვა, ბათუმის ფერები თუ გარემო როგორ გავლენას ახდენს თქვენს ნამუშევრებზე?
– ბათუმი ჩემთვის შთაგონებაა – ზღვაც, ქუჩებიც, ტენიან ჰავაშიც კი რაღაცნაირად ფაქიზია. ზღვა ჩემთვის არამხოლოდ ვიზუალური ელემენტია, არამედ ემოციური სივრცე, – მუდამ ცვალებადი, ცოცხალი, ღრმა და თავისუფალი. ქალაქის ფერებიც ხშირად არის ჩემს ტილოებზე.
– როგორ აღუწერდით თქვენს შემოქმედებას მათ, ვისაც ნამუშევრები ჯერ არ უნახავთ?
– ჩემი ნახატები არის სინათლისა და ემოციის კომბინაცია. ისინი საუბრობენ იმედზე, შინაგან სიმშვიდეზე და ბავშვური თვალით დანახულ სამყაროზე. ფერებით ვყვები ამბებს, რომელიც რაღაც წერტილში, ყველას შინაგან სამყაროს ეხება.
– თქვენ ასევე, ხატვას ასწავლით სკოლაში. როგორ ეხმარებით მოსწავლეებს საკუთარი სტილის პოვნაში?
– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეებს მინდა შევაგრძნობინო, არის თავისუფლება და გამბედაობა, გამოხატონ საკუთარი თავი. არ ვაძალებ ფორმებს, პირიქით, ვაძლევ სივრცეს იმისთვის, რომ ეძებონ, სცადონ, შეცდნენ და ისევ სცადონ. ვასწავლი, რომ თვითდაჯერებულობა შეცდომების შემდეგ მოდის, არასწორის მეშვეობით სწორს ვპოულობთ.
რაც მთავარია, ვცდილობ, ყველა მოსწავლე იყოს თავისუფალი და ბედნიერი, მათ ყველაზე მეტად სიყვარული სჭირდებათ.
– როგორ აერთიანებთ ხატვასა და მასწავლებლობას ყოველდღიურობაში?
– მასწავლებლობა ჩემთვის მეორე მხატვრობაა – იქაც ვქმნი ბავშვებთან ერთად ახალ თავგადასავლებს. ხატვა და სწავლება ჩემთვის ერთიანი პროცესია, ორივე სივრცეა გაზიარებისთვის, შთაგონებისთვისა და ადამიანებთან კავშირის დამყარებისთვის.
– ოცნების ტილო, რომლის დახატვაც ჯერ ვერ გაბედეთ?
– არის ასეთი. ვფიქრობ, ყველა მხატვარს აქვს შინაგანად ის ერთი, რომელსაც სიცოცხლეში აუცილებლად გადაიტანს ტილოზე.
– სექტემბრიდან ახალ სამხატვრო სტუდიას ხსნით. რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ჩემი დიდი ოცნებაა საკუთარი სამხატვრო სტუდია, რომელიც მალე რეალობად იქცევა. სტუდია „მარიტა“ ბავშვებისთვის გახდება სივრცე, სადაც ხატვას ყველა ბავშვი პროფესიულ დონეზე შეისწავლის, ჩვენთან იქნება სიყვარული, მეგობრობა, ჰარმონია და სითბო. ბავშვების დიდი მეგობარი კი მე ვიქნები. ეს იქნება გულით შექმნილი ადგილი, სადაც პატარა ხელოვანებს გზას გავუკვალავ.
თამარ ლამპარაძე
გალერეა
