
„ჩემი ქუჩაში ველურად შობილი პირმშო – ხელოვნება იცვამს ფრაკს, იკეთებს ჰალსტუხს და შედის მწერალთა სახლში…“
არის შეხვედრები, რომლებსაც მხოლოდ ღონისძიებას ვერ დაარქმევ, რადგან განსაკუთრებულად ხვდება გულს, აღვიძებს განცდებს, რაც დიდხანს მიგყვება. სწორედ ასეთი საღამო გაიმართა აჭარის მწერალთა სახლში, სალონური შეხვედრების – „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“ ფარგლებში, რომლის მთავარი გმირი ამჯერად, მხატვარი იოსებ ჯორბენაძე გახლდათ. საღამოზე, რომელსაც მხატვრის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, თბილი და მეგობრული გარემო სუფევდა, ამ ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრებს ბათუმის ქუჩებში დიდი თუ პატარა შენობების კედლებზე შეხვდებით. ისინი სიყვარულის ემოციას გიტოვებენ. იოსებმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარი შემოქმედებითი გზის შესახებ – იმ პირველ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელოვნების სიყვარულმა გადაადგმევინა, სირთულეებზე, რაც გადალახა და სიხარულზე, რასაც თითოეული ნახატი ანიჭებს. ეს იყო საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ხელოვანის ქმნილება სწორედ მაშინ იძენს ნამდვილ ღირებულებას, როცა მასთან უშუალო შეხვედრისას ავტორის სულს ვგრძნობთ.
– იოსები ასაკით პატარა ბიჭია, მაგრამ უკვე გახდა ამ ქალაქის ნაწილი. ის იოლად არ მოსულა, სიჯიუტით, ბრძოლით მოვიდა, იმიტომ, რომ ხელოვნება, რომელსაც იგი ემსახურება, ცოტა უცხოა, ახალია და, ასე ვთქვათ, წვალებით იმკვიდრებს თავს, როგორც ყველაფერი განსხვავებული. ყოველთვის ვამბობ, რომ უფალი ნიჭს კი არა, ნიჭებს იძლევა და მთავარი ადამიანობის ნიჭია, რომელიც მოჭარბებულად აქვს ამ ბიჭს, რაც ფასს მატებს მის ხელოვნებას და სხვაგვარად ამდიდრებს. სულ მაინტერესებს, ნახატის, ლექსის იქით ვინ დგას, როგორი პიროვნებაა და ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი. მინახავს ისეთი დიდი სახეები, რომლებისთვისაც თავი დამიკრავს და გამივლია, არ გამიგრძელებია ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ამის სურვილი. უბრალოდ, უსაფრთხოების, კულტურის წესი დამიცვია და წავსულვარ. მოგეხსენებათ, სალონურ საღამოებს თავის სფეროში დამწყებებსაც და ხანდაზმულებსაც ვუწყობ. ამ ბიჭს კი, ჩავთვალე, ჩემგან რაღაც ეკუთვნოდა და სწორედ ამიტომ მოვიწვიე. იოსებმა უკვე აჩუქა თავისი სახელ-გვარი ამ ქალაქს და მინდოდა, რომ ამ საღამოთი ხელი შემეწყო მისი დამკვიდრებისთვის. ვთვლი, რომ დღევანდელი საღამო მხოლოდ იოსების არ იყო, ჩემიც და თქვენიც იყო. ასეთი საღამოები სიყვარულის, მადლიერების გაკვეთილებია და ვიცი, რომ ჩვენი ქალაქისთვის ხვალინდელი დღე უფრო თამამი და სარგებლიანი იქნება, – გვითხრა ვახტანგ ღლონტმა.
– ბოლო პერიოდში განებივრებული ვართ იმით, რომ ვახტანგ ღლონტის ეს პროექტი ხშირად ჩვენთან ტარდება და ის საინტერესო ადამიანები, ვინც ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენთან მოდიან და საუბრობენ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციის მქონე შენობისთვის. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს – იოსებს, სულ ვამბობ, ბათუმი რომ ცოცხალი მუზეუმია, მისი დამსახურებაცაა. ყველას არ შეუძლია გალერეებში შესვლა, შეიძლება ზოგიერთს არც აინტერესებდეს, მაგრამ ის, რომ ქალაქი ასე ლამაზადაა მოხატული, ძალიან მოსაწონია. დანიშნულებაც ეს არის. ვფიქრობ, ეს ბიჭი არის ის ადამიანი, ვინც ზუსტად ხვდება, სად რა დახატოს და მე მომწონს მისი შემოქმედება. ანონსად გეტყვით, რომ ჩვენ მალე მის გამოფენას მოვაწყობთ, ვუმასპინძლებთ კიდევ ერთ შეხვედრას ჩვენს ახალ სივრცეში, რომელსაც სულ მალე გავხსნით, – გვითხრა აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ.
– როდესაც შემოქმედება აკადემიურ სივრცეში შედის და ადამიანებით ერთიანდება, ის ძალიან ცვალებად ფორმას იღებს, რაც ლავირებადია და პროცესში ყალიბდება. ჩემი აზრით, ღმერთი ადამიანებად დაიმარცვლა. ეს დამარცვლილი ხალხი ვიკრიბებით და ვქმნით რაღაც სახის წინადადებებს, რომელსაც შემდგომ ვიმახსოვრებთ, გაზეთებში ვუშვებთ, ტელევიზიაში გადის, ან უბრალოდ, ჩვენი გულის გულში ვინახავთ. დღევანდელი სალონური საღამო იყო ათმაგად უფრო მნიშვნელოვანი, რადგან ბატონი ვახტანგ ღლონტის გვერდით ვიყავი და ეს ადამიანი ჩემი მისამართით, იმ სიტყვებს ხარჯავდა, რაც ჩემში ძალიან დიდ ემოციას, სიმხურვალეს, სისხლის დუღილს იწვევდა. ის არის ადამიანი, რომელმაც წვიმად აქცია ბათუმი, თავის ლექსად, და სიტყვად დაღვარა მთელი თავისი არსი, შემოქმედება, რეგიონის და ქართული გენის მნიშვნელობა. ჩემი აზრით, როცა ის თუნდაც ერთ სიტყვას მომართავს შენკენ, ეს უკვე დიდი მიღწევაა. სალონური საღამო შედგა ზუსტად იმ მომენტიდან, როცა მე ვახტანგ ღლონტის გვერდით ვიჯექი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ხალხი, რომელიც გარემოს ამშვენებდა თავისი ემოციურობით, სილამაზით და განწყობით. ამ დროს მათგან იღებ ენერგიას და მუხტს, რაც შემდეგ გაძლევს ძალას, რომ რაღაც ახალი აკეთო. ახლის კეთება ყოველთვის წარსულში ქექვას ჰგავს საბოლოო ჯამში და თუ წარსულში იქექები, ესე იგი აწმყოშიც ძალიან ორიენტირებული და კონცენტრირებული ხარ. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი საღამო, რომელიც სტანდარტულზე უფრო დიდხანს გაგრძელდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ადამიანისთვის, ვინც ისმენდა შემოქმედებაზე, განვლილ გზაზე, სამომავლო გეგმებზე საუბარს და ეს აუცილებლად გამოიხატება მატერიალური ფორმით, შემოქმედების აკადემიურ სივრცეებში, ჩემი ქუჩაში ველურად შობილი პირმშო ხელოვნება, რომელიც არცერთ ჩარჩოს არ ექვემდებარებოდა, დღეს იცვამს ფრაკს, იკეთებს ჰალსტუხს და შედის მწერალთა სახლში, უწყებებში, საპროექტო სივრცეებში და იქ ტოვებს თავის კვალს, – გვითხრა იოსებ ჯორბენაძემ.
მარიამ ხითარიშვილი