
„ჩემში არც ხელისუფლების გუნდრუკის მკმეველი მწერლები იწვევენ პატივისცემას და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმდევარნი!“
გთავაზობთ მწერალ ხათუნა დოლიძის სამყაროში მოგზაურობას, სადაც შემოქმედი ქალბატონი მკითხველს გულწრფელად უყვება იმ მიღწევებზე ბოლო დროს გამოქვეყნებულმა ნაწარმოებებმა რომ მოუტანა. ნიშანდობლივია მისი პროზისა და პოეზიის თვითმყოფადობა, ინტერესს იწვევს მწერლის შინაგანი განცდები, შთაგონების წყარო და დროისადმი დამოკიდებულება.
– რა სიახლეა თქვენს მწერლურ ცხოვრებაში, რით გაგვახარებთ?
– უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო გაზეთ „აჭარას“ ჩემი შემოქმედებითი საქმიანობისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის! მეხუთე პროზაული კრებულის „ჯადოსნური ტვიფარის“ გამოცემის შემდეგ, რომანზე ვმუშაობდი, თუმცა ისევ დავუბრუნდი მცირე პროზას, რადგან დავრწმუნდი, რომ აქ სრულად არ ამომიწურავს ჩემი შესაძლებლობები!
მოგეხსენებათ, მინიატურული ჟანრი ნიუანსების გადმოცემის ხელოვნებაა და მას ყველაზე მეტად სჭირდება სიტყვის განსაკუთრებული შეგრძნება, რათა რამდენიმე წინადადებაში მოაქციო სათქმელი. ზოგჯერ, ერთი პატარა ნოველითა თუ მინიატურით შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი რამ ითქვას, ვიდრე დიდი მოცულობის ნაწარმოებით. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლისთვის ჩემი მინიატურების სახით საინტერესო კრებულით წარვსდგები მკითხველის წინაშე.
– არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მწერალთა სახლში თქვენი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, გვიამბეთ ამის შესახებ…
– ამა წლის 8 ივნისს, მწერალთა სახლში, საქართველოს ხელოვანთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა ჩემი შემოქმედებითი საღამო, სადაც საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, საზეიმოდ გადმომეცა ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია!
ეს იყო ემოციებით აღსავსე, დაუვიწყარი საღამო, რომელმაც, ფაქტობრივად, მთელი ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მწერალთა კავშირს, საღამოს ორგანიზატორებს, კრებულების რედაქტორს, მობრძანებულ სტუმრებსა და ყველას, ვინც კი ჩემი სიხარული გაიზიარა.
– მოგენიჭათ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია, მსგავსი პრემიები რამდენად მნიშვნელოვანია მწერლისთვის?
– გულწრფელად გეტყვით, რომ მეტად მოულოდნელი იყო ეს ჯილდო. მართლაც, უდიდესი პატივია მცირე პროზის დიდოსტატის – ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემიის მიღება. ეს ჩემთვის სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა და ასევე, სტიმულიც სამომავლო ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის! არაერთხელ მსმენია, რომ მწერალს სულაც არ სჭირდება არანაირი ჯილდო და არც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ვფიქრობ, ეს მცდარი მოსაზრებაა! ჭეშმარიტი შემოქმედი თავის ნაშრომში მთელ სულსა და გულს დებს და ამას არასდროს აკეთებს ბრჭყვიალა ქაღალდებისა თუ ტაშის სანაცვლოდ, თუმცა დაფასება და მოფერება სიცოცხლეშივე სჭირდება ნებისმიერ ავტორს, რათა მან საკუთარი თავისადმი რწმენა განამტკიცოს და მასში არსებულ პოტენციალს მეტი გასაქანი მისცეს!
– ზოგს თქვენი პროზა მოსწონს, ზოგს – პოეზია, რომელში შეძელით ყველაზე უკეთ თქვენი ნააზრევის ხორცშესხმა?
– გეთანხმებით იმაში, რომ მკითხველთა ნაწილს ჩემი ლექსები უფრო მოსწონს, ნაწილს კი ნოველები. ჩემი ნააზრევის სრულად ხორცშესხმის საშუალებას პროზა მეტად მაძლევს – აქ სულ სხვა ასპარეზი იშლება, თუმცა ჩემთვის ორივე თანაბრად ძვირფასია: პროზაც და პოეზიაც, რადგან ორივე ჩემი შინაგანი სამყაროს ამოძახილი, ჩემი ფანტაზიის ხორცშესხმა და სულიერების ანარეკლია!
– „…ბედის ლაბირინთებში მისნობს ტარო გრძნელი, ვხედავ, ჩემ წინ გაშლილა, ახლა სულ სხვა ასტრალი…“, – წერთ ერთ-ერთ ლექსში. რამდენად შესაძლებელია ამ ლექსის პროზაულად გადმოცემა, იმ ემოციის გამოხატვა, რაც განვითარებულია ამ პოეტურ სტრიქონებში?
– ეს სტრიქონები იმ ლექსიდანაა აღებული, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს შემოქმედებაში. იგი ალეგორიულად ასახავს ყველა იმ განსაცდელსა და ტკივილს, რომელიც თან მდევდა ცხოვრებაში! შემიძლია გულწრფელად განვაცხადო: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ლექსმა სრულად დაიტია სათქმელი. ვფიქრობ, მისი პროზაული ინტერპრეტაცია აღარ იქნება ისეთივე საინტერესო.
– ერთი დიდი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას ნათქვამი მახსენდება: „მწერალს არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს“. – თქვენ როგორ ფიქრობთ?
– ზოგადად, მშვიდად ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულნი და ყველა პრობლემას ვიწრო თვალსაწიერიდან აღიქვამენ. შეუძლებელია, გლობალურად მოაზროვნე, კეთილშობილი სულის ადამიანი თავს მშვიდად და მით უფრო ბედნიერად გრძნობდეს ამ ბოროტებით აღსავსე სამყაროში! დიახ, იმ სამყაროში, სადაც მუდმივად ომებია, სადაც ბავშვები იღუპებიან, სადაც უამრავი ადამიანი შიმშილობს, სადაც სისასტიკე და უსამართლობა მეფობს! ჩემი აზრით, მწერალი, პოეტი და ზოგადად, ნებისმიერი ხელოვანი, ზემგრძნობიარე ადამიანია. ის საკუთართან ერთად, ატარებს სხვათა ტკივილსა და საწუხარს. ამიტომ სიმშვიდე მისთვის დიდი ფუფუნებაა! დამატებით იმასაც ვიტყვი, რომ მწერალი ყოველთვის უნდა იდგეს მართალი სიტყვის სადარაჯოზე. ამავდროულად, უნდა იყოს ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალი და აპოლიტიკური, რათა ობიექტურად შეაფასოს მიმდინარე პროცესები. პირადად ჩემში არც ხელისუფლების გუნდრუკის მკმეველი მწერლები იწვევენ პატივისცემას და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმდევარნი!
– როგორია შთაგონების წყარო, განცდა, რომელიც რეალობისა და გამონაგონის შერწყმისას გეუფლებათ?!
– ზოგადად, მუზის სტუმრობა, ამოუხსნელი ფენომენია. რაღაც მაგიური პროცესია შემოქმედსა და გარე სამყაროს შორის უხილავი ძაფებით დაკავშირებული. ჩემთვის ინსპირაციის წყარო, ხშირად, იმ მძაფრ ემოციათა კასკადი ხდება, რომელიც რაღაც მოვლენამ, კონკრეტულმა ფაქტმა ან რომელიმე მუსიკალურმა კომპოზიციამ გამოიწვია. შემდგომ, ეს ემოციები უხილავ ენერგიებად გარდაიქმნება და ღრმად ილექება ჩემს ქვეცნობიერში. მაშინ, როდესაც სიტყვათა ქაოსური ნაკადი სულის ჯებირებს მოაწყდება და ამოფრქვევას ლამობს, ვიღებ კალამს და ვცდილობ, მუზის ნაწყალობები ფურცელზე გადმოვიტანო.
– „მე თუ ჩვენ“? საკუთარ თავს როგორ ექცევით, რა დროს უთმობთ?
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საკუთარი „მე“ არაერთხელ დამიყენებია უკანა პლანზე. ზოგჯერ, საჭიროება მოითხოვს, რომ საკუთარ თავზე მეტი დრო, სხვა ადამიანებს დავუთმოთ! მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის ამქვეყნად მოვლენისა და არსებობის უმთავრესი არსი, სწორედ, სხვა ადამიანებზე ზრუნვაა!!!
– ვინ არის თქვენთვის საინტერესო მწერალი ან მხატვარი, ვისთანაც ისურვებდით დიალოგს?
– ცოცხალი რომ იყოს, მთელი გულით ვისურვებდი რევაზ ინანიშვილთან დიალოგს. მის შემოქმედებას ლიტერატორები „სულის პურს“, „სულის ქურაში“ გამოწრთობილს ეძახიან. მისი ხელისგულისოდენა მოთხრობების წაკითხვისას შეუძლებელია, სულში სითბო არ ჩაგეღვაროს და არ გაგიჩნდეს სურვილი, გახდე უკეთესი, ვიდრე აქამდე იყავი. თქვენს შეკითხვას მისივე სიტყვებით დავასრულებ. ვფიქრობ, ეს სიტყვები საზომია ყოველი ჩვენგანის ადამიანობისა: „ლოგინში რომ წვები, წუთით თუ მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ“.
– დაგვისახელეთ წიგნი ან კონკრეტული ავტორი, რომელსაც ხშირად უბრუნდებით?
– არასდროს მომბეზრდება მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ წაკითხვა. ეს არის ყველაზე მისტიკური, ფილოსოფიური და იდუმალებით მოცული რომანი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, სადაც მწერალმა შეძლო ჩვენი თვალისთვის უხილავი, დემონური სამყაროს გაცოცხლება და რეალურ სამყაროსთან მისი ჰარმონიულად დაკავშირება!
– არჩევანი რომ შესაძლებელი იყოს, რომელ დროში იცხოვრებდით – წარსულში, აწმყოში თუ მომავალში?
– მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ბევრი ლამაზი მოსაგონარი დამრჩა, უკან არასდროს დავბრუნდებოდი, რადგან ის ჩემი ცხოვრების აუცილებლად გასავლელი ეტაპი იყო. იმ დროს განცდილმა ტკივილებმა, დაბრკოლებებმა, დაშვებულმა შეცდომებმა, მომცა ძალა, შევმდგარიყავი ბევრად უფრო ძლიერ, დამოუკიდებელ პიროვნებად. მომავალი ჯერ კიდევ შორეულ ჰორიზონტზე მოსჩანს ლამაზი მირაჟივით. ამიტომ, ისევ დღევანდელი დღით ვიცხოვრებდი და მენტალურად უფრო ძლიერი, უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე მდგომი, შევუერთდებოდი დროის დინებას!
– უცხო პლანეტაზე რომ მიდიოდეთ, რომელ სამ წიგნს დაიმეგობრებდით?
– თუკი არჩევის საშუალება მომეცემოდა, აუცილებლად წავიღებდი შემდეგ წიგნებს: ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“ და ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– მთელ ჩემს თავისუფალ დროს მიუსაფარ ცხოველებს ვუთმობ და უკვე წლებია, მათზე საკუთარი სახსრებით ვზრუნავ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ამას ემატება მოძულეთა მრავალრიცხოვანი არმია, რომლებიც მუდმივად დევნიან ამ საბრალოებს და არც მოყვარულებს აძლევენ მათზე ზრუნვის საშუალებას! ვფიქრობ, სკოლებსა და სხვა საგანმანთლებლო დაწესებულებებში ცხოველთა და ბუნების დაცვის თემატიკაზე ხშირად უნდა ჩატარდეს სემინარები, რათა ამაღლდეს ცნობიერება და მომავალი თაობა მათდამი მეტი ემპათიით განიმსჭვალოს!
– დაბოლოს, ფრაზა, რომელითაც დაამთავრებდით ამ საუბარს?
– ინტერვიუს მადლიერების გამომხატველი ფრაზებით დავასრულებ: მადლობა, უფალო, ყოველი გათენებული დღისთვის, ყოველი ახალი შესაძლებლობისთვის!
ლაშა ხომერიკი