ჩვენებურებთან, ფესტივალ „ჩვენებურებზე“
By

ჩვენებურებთან, ფესტივალ „ჩვენებურებზე“

თურქეთში, ბურსას რეგიონში, საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრები

ბურსას რეგიონის გუბერნატორთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებზე, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „კავკასიური და ქართული კულტურის ცენტრში“ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების მნიშვნელობას, გაცვლითი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია დელეგაციის წევრებთან ერთად, ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთაწმინდის“ წევრებს და ხელმძღვანელებს შეხვდა. ანსამბლი აჭარის კულტურის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გამარჯვებული და უმაღლესი ჯილდოს – გრან-პრის მფლობელია. მათი ბურსაში, საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურებში“ მონაწილეობა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ქართული დელეგაციის წევრები „მარმარას რეგიონის კავკასიის ქართული ასოციაციის ფედერაციას” ეწვივნენ (ხელმძღვანელი ომერ ფარუქ დემირთაში – ომერ მიქელაძე) და ქართველ მუჰაჯირებს შეხვდნენ. მოგვიანებით, სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ჰაირიეში, გვირგვინებით შეამკეს აჰმედ ოზქან მელაშვილის საფლავი. სწორედ მის სახელს უკავშირდება მარმარას რეგიონში ქართული ფოლკლორის შენარჩუნება.

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *