„ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ მოტივაციისა და მხარდაჭერის გარემო“
By

„ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ მოტივაციისა და მხარდაჭერის გარემო“

შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გაერთიანების თანადგომა, რომელიც საშუალებას მისცემს, გამართოს შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები და დიალოგები, თავისი ხმა გააგონოს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ საზღვრებს მიღმა მცხოვრებთაც. სწორედ ასეთ მისიას ახორციელებს ახლახან დაარსებული ,,თანამედროვე ავტორთა გაერთიანება (თაგ)“. ეს არის ახალი შემოქმედებითი სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სიტყვის გაძლიერებასა და ლიტერატურული პროცესების გააქტიურებას. უფრო ვრცლად ამ გაერთიანების შესახებ გვესაუბრება მისი თავმჯდომარე თამარ ჩხაიძე.
რამ განაპირობა ამ შემოქმედებითი სივრცის დაფუძნებ?
-,,თანამედროვე ავტორთა გაერთიანების“ შექმნის მთავარი მოტივაცია იყო ის ბარიერები, რასაც ახალბედა ავტორები ვაწყდებით მკითხველთან მისვლის გზაზე. ჩვენთვის დიდი პრობლემაა საკუთარი შემოქმედების გავრცელება და აღიარება. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ერთიანი სივრცე, სადაც ავტორები ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, გამოცდილებას გავუზიარებთ და ერთად ბევრად მეტს შევძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე.
რა კრიტერიუმით ხდება ახალი ავტორების გაერთიანებაში ჩართვა?
– ჩვენი მიზანია, რომ ,,თაგში“ ჩაერთოს ყველა ავტორი და მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედება წარადგინოს. შეზღუდვა ეხება დისკრიმინაციული შინაარსის ტექსტებს, ძალადობის წახალისებას, რელიგიის შეურაცხყოფას ან მავნე ცხოვრების წესის პირადაპირ პროპაგანდას. ამ პრინციპებით ვიცავთ როგორც ჩვენს წევრებს, ისე მკითხველს. დანარჩენი – ჟანრი, სტილი, გამოცდილება არ წარმოადგენს ბარიერს. „თაგი“ ღიაა ყველასთვის, ვისაც გულწრფელად სურს შემოქმედებით გზაზე სიარული.
როგორ ფიქრობთ ახალგაზრდების წახალისება, რათა შემოქმედებით საქმიანობას გაჰყვნენ?
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს შევუქმნათ მოტივაციისა და მხარდაჭერის გარემო. ამისათვის ვგეგმავთ ვორქშოფებს, შეხვედრებს თანამედროვე ავტორებთან, მასტერკლასებს და საინტერესო ლიტერატურულ აქტივობებს. ,,თაგი“ ის სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ პირველი ნაბიჯების გადადგმა შემოქმედებაში და იცოდნენ, რომ მარტონი არ არიან.
რა ტიპის ლიტერატურული ღონისძიებები იგეგმება უახლოეს მომავალში?
– ვგეგმავთ საკუთარი ონლაინპლატფორმის შექმნას, აქტივობას სოციალურ ქსელებში, რათა ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასა და სიახლეებზე. ასევე, ახლახან ჩვენსა და Solidarite Georgienne Nice (SGN)-ის თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა საფრანგეთში, ქალაქ ნიცის ბიბლიოთეკაში თანამედროვე ავტორთა წიგნების განთავსება, რაც ქართველ ემიგრანტებს მისცემს საშუალებას, გაეცნონ თანამედროვე ავტორთა შემოქმედებას.
როგორ აპირებთ მკითხველთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას?
– ვგეგმავთ ჩვენი წიგნების ბიბლიოთეკებში განთავსებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ხელმისაწვდომობას და მკითხველთან უშუალო კავშირს. გარდა ამისა, იგეგმება საჯარო შეხვედრები, წიგნების პრეზენტაციები და ლიტერატურული საღამოები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის პრესისა და მასმედიის მხარდაჭერა. აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი გაზეთის მიმართ ჩვენით დაინტერესებისთვის. ეს გაერთიანებას მისცემს შესაძლებლობას, ფართო საზოგადოებას მიაწვდინოს ხმა. ვუყურებთ ამას, როგორც თანამშრომლობის შესაძლებლობას, რომელიც გააძლიერებს არა მხოლოდ ჩვენს საქმიანობას, არამედ მთლიანად ლიტერატურულ სივრცეს.
– რა გზებით მოხდება გაერთიანების წევრთა ნაწარმოებების პოპულარიზაცია საქართველოში?
– ავტორთა შემოქმედების პოპულარიზაციას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავთ. აქტიურად გამოვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, მონაწილეობას მივიღებთ წიგნის ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებში. წიგნის მაღაზიებში გვექნება ცალკე თარო, სადაც მხოლოდ ჩვენი ავტორების წიგნები განთავსდება. გარდა ამისა, იგეგმება პრეზენტაციები, ლიტერატურული საღამოები მკითხველთან უშუალო კონტაქტისთვის.
რა სტრატეგიით აპირებთ ქართველი ავტორების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ?
– პირველ რიგში, ვაპირებთ საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსებში აქტიურ მონაწილეობას. ასევე, დავგეგმეთ ჩვენი წიგნების ბიბლიოთეკებში გაგზავნა და გავრცელება, რათა სხვადასხვა ქვეყნის მკითხველს ჰქონდეს მათთან წვდომა. პარალელურად, გამოვიყენებთ სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებს, რომ ავტორების შემოქმედება უცხოელ მკითხველამდეც მივიდეს.
– თქვენი აზრით, როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული ლიტერატურა?
– ამ თვალსაზრისით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გვყავს ნიჭიერი ავტორები, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი. საჭიროა მხოლოდ მეტი ხელშეწყობა, მეტი შესაძლებლობა, რომ მათი ხმა უფრო ფართო აუდიტორიას მისწვდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ლიტერატურა თანამედროვე სივრცეშიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
რა სირთულეებს ხედავთ დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში და როგორ აპირებთ მათ დაძლევას?
– ბევრი სირთულეა – ავტორებს სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ ხელშეწყობა, წიგნის ბაზარზე არსებობს მონოპოლია, რთულია როგორც რეალიზაცია, ასევე პოპულარიზაცია, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით და იმ ინიციატივებით, რაც უკვე დავგეგმეთ და ზემოთ ვახსენე, ეს ბარიერები ეტაპობრივად დაიძლევა.
რა სახის თანამშრომლობა გსურთ სხვა შემოქმედებით გაერთიანებებთან, სტუდენტებთან ან კულტურულ ორგანიზაციებთან?
– შემოქმედებით გაერთიანებებთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვგეგმავთ სტუდენტებთან შეხვედრებს, დისკუსიებსა და ლიტერატურულ საღამოებს. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებში გააქტიურდეს ინტერესი თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ და შევუქმნათ მოტივაცია, რომ უფრო ხშირად წაიკითხონ ქართველი ავტორების ნაშრომები, მხარი დაუჭირონ მათ.
რომელიმე ცნობილი ავტორი თუ გიჭერთ მხარს?
– დიახ, უკვე რამდენიმე ცნობილმა ავტორმა გამოთქვა მზადყოფნა ჩვენი მხარდაჭერისთვის. მომდევნო თვეში გავაფორმებთ თანამშრომლობის მემორანდუმს.
– დაბოლოს, რა არის თქვენი გრძელვადიანი მიზანი?

– ,,თაგი“ წლების შემდეგ წარმომიდგენია, როგორც ძლიერი და სანდო ორგანიზაცია, ქართული ლიტერატურის ახალი ტალღა. იმედი მაქვს, ეს გაერთიანება იქნება ერთგვარი სახლი, სადაც ავტორები იზრდებიან და გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *