
ჩვენი კუთხის შვილი – სერიალის მთავარი პერსონაჟი
„ქაზიმა“ – ასე ჰქვია სათავგადასავლო, იუმორისტულ, მძაფრსიუჟეტიან სერიალს, რომლის კლიპის პრემიერაც 20 ივნისს შედგა, თუმცა თავად სერიალის გადაღებები ჯერ კიდევ, ყოველდღიურად, მიმდინარეობს. მასში მთავარ როლს ბათუმელი იუმორისტი და შოუმენი ამიკო ჩოხარაძე ასრულებს, რომელიც, ასევე, სერიალის იდეის ავტორიც გახლავთ. პროფესიონალი მსახიობებით, ხარისხიანი იუმორითა და მაღალმხატვრულად შექმნილი სერიალი `ქაზიმა~ ყველას თავს შეაყვარებს – ასე უწინასწარმეტყველებენ მას. უფრო დეტალურად სერიალთან დაკავშირებით თავად ამიკო გვესაუბრა.
– სერიალ „ქაზიმას“ შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?
– ქაზიმა ჩემი, ძალინ დიდი ხნის წინ შექმნილი, პერსონაჟია, რომელიც მაყურებელს საქართველოში ძალიან უყვარს და ამიტომ მაქსიმალურად ჩავებღაუჭე. ცოტა ხნის წინ ამ პერსონაჟით გადავიღეთ ბათუმში ერთ-ერთი ობიექტის სარეკლამო რგოლი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ ჩემს მეგობრებთან – სერგო ეგოიანთან და ზურაბ ვასაძესთან ერთად მოვიფიქრე, რომ ქაზიმას პერსონაჟი სკეტჩური ცხოვრებიდან კინოში გადამეტანა, რაც ძალიან კარგი იდეა აღმოჩნდა და მაყურებლის დაინტერესება გამოიწვია. მოკლედ, ქაზიმა ჩემი დიდი ხნის პერსონაჟია და თან ჩვენთან, აჭარაში მსგავსი სახელი ბევრია. შეიძლებოდა არჩევანი გამეკეთებინა სხვა სახელებზე, მაგალითად, გიორგიზე, დავითზე ან ბექაზე, მაგრამ რადგან ქაზიმა ცნობილი პერსონაჟია და უყვარს ხალხს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ იგი გამხდარიყო მთავრი გმირი.
– სერიალის შინაარსზე ხომ არ გვეტყოდით რამეს?
– ვინაიდან ქაზიმა ტაქსისტია, მას ექნება თავისებური თავგადასავლები. სერიალში შეხვდებით ქაზიმას სიყვარულის ისტორიასაც. მოკლედ, მისი პერსონაჟი ყველა კუთხით ძალიან საინტერესოდ ვითარდება.
– რა განასხვავებს ამ სერიალს სხვა იუმორისტული პროექტებისგან?
– ვფიქრობ, სხვა იუმორისტული სერიალებისგან ძალიან განსხვავდება. პირველი – იმით, რომ სხვა იუთუბსერიალებისგან განსხვავებით, ჩვენთან ცენზურა დაცულია. არავის გადაღებულ სერიალს არ ვაკნინებ, ყველა, ვინც მსგავს სერიალს ქმნის, ჩემი მეგობარია და ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ რადგან ჩვენთან მაქსიმალურადაა ცენზურა დაცული, შეგიძლიათ, ოჯახთან ერთად უყუროთ. მისი ყურება შეუძლია, ვთქვათ, როგორც 2 წლის ლიზიკოს, ასევე, 90 წლის ფადიკო ბებოსაც. ასევე, მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ არ გვასპონსორებს ონლაინკაზინოები და ამ სერიალით მათ რეკლამას არ ვუწევთ, რადგან არ მინდა, ჩემი სერიალიდან ონლაინთამაშების პიარი მოდიოდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის გადაღების ხარისხი ძალიან მაღალი დონისაა, რაშიც იგულისხმება კინოკამერებითა და კინოლინზებით გადაღება. შემდეგი განსხვავება ისაა, რომ სცენარი არაქართულია, ანუ სერიალში გვხვდება მხოლოდ ქაზიმას ირგვლივ მოგონილი სამყარო და ამოღებული მაქვს 90-იანი წლების პრობლემები, როგორიცაა ნარკომანიისა და კრიმინალური სამყაროს თემატიკა. სერიალი მაქსიმალურადაა დატვირთული ამერიკული და ფრანგული იუმორითა და ხედვით.
– რას გვეტყვით სერიალის რეჟისორებზე?
– რეჟისორები – სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე, საკუთარ საქმეში ძალიან გამოცდილები არიან. ჩვენ და პროდაქშენი „SMAILE FACTORY“ როცა გავერთიანდით, ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რომ ეს ადამიანები ჩემთან ერთად იყვნენ და ერთობლივად უნდა შეგვექმნა ეს სერიალი, რადგან ამ ადამიანების პროფესიონალიზმში ეჭვიც არ მეპარება. მათ ძალიან მაღალი ხარიხის პროდუქტი აქვთ შექმნილი.
– მკითხველს ვუთხრათ, ცნობადი სახეები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ამ სერიალში?
– დიახ, არა მხოლოდ ტელევიზიიდან, არამედ სოციალური მედიიდანაც. არ მინდა კარტი ბოლომდე გავხსნა, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ცნობადი სახეებიც მიიღებენ მასში მონაწილეობას. რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკება უკვე შედგა, ნაწილთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
– რა გსურთ, რომ მაყურებელმა წაიღოს ამ სერიალიდან?
– ამ სერიალით მაყურებელმა მაქსიმალურად უნდა ისიამოვნოს და პოზიტიურ განწყობაზე დადგეს. მისი ყურების შემდეგ, ადამიანები გარეთ რომ გამოვლენ, მაქსიმალურად დადებითად დამუხტულები უნდა იყვნენ. უნდა შეეცადონ, რომ ამ სერიალიდან პოზიტივი და ღიმილი წაიღონ. მაყურებელს ვეტყვი, რომ მათ მოლოდინს აუცილებლად გავამართლებთ.
ჩვენი გაზეთი წარმატებებსა და დიდ რეიტინგს უსურვებს სერიალ „ქაზიმასა“ და მის შემოქმედებით გუნდს.
თამარ ლამპარაძე