
„ჩვენი მიზანია, მეტი ახალგაზრდა და ახალი სახე ჩაერთოს პოლიტიკაში“
ახალგაზრდები პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, რადგან უფრო ღია არიან ინოვაციებისთვის, სოციალური ცვლილებებისთვის და მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებსა და სურვილებს. სწორედ ამ მოტივით იქმნება დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობები, რომელთა მიზანი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებაა. ცოტა ხნის წინ ბათუმში დაფუძნდა პოლიტიკური მოძრაობა „ახალგაზრდული ძალა“, რომლის გეგმებსა და მიზნებზე ორგანიზაციის თავმჯდომარე თედო ზოიძე გვესაუბრა.
– როდის და რა გარემოებაში ჩამოყალიბდა თქვენი მოძრაობა?
– ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა 18 მაისს დაფუძნდა, მანამდე კი, ბუნებრივია, ვემზადებოდით ამისთვის. მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ გვქონდა საამისო შესაძლებლობაც და რესურსიც, დამოუკიდებლად გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი დაფუძნების თაობაზე. ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ვიდექით იმ პროცესების წინა ხაზზე, საზოგადოება, თითქმის 2 წელზე მეტია, რომ ადევნებს თვალყურს. ამიტომ გაჩნდა პრეტენზია, გვეკეთებინა ეს საქმე დამოუკიდებლად და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ.
– თქვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნებზეც გვითხარით……
– მთავარი, რის გამოც დავაფუძნეთ `ახალგაზრდული ძალა~, არის ის, რომ პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ახალი სახე შემოვიდეს. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ველზე დღეს ყველაზე მეტად ამის ნაკლებობაა. ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნება არის შესაძლებლობა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ სურთ სხვა, ძველ პოლიტიკურ პარტიებთან აფილაცია. ბევრი მიზანი გვაქვს. გვინდა, ეს ქვეყანა საცხოვრებლად უკეთესი ადგილი გახდეს, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ რელსებზე და შევუნარჩუნოთ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობები.
გვაქვს გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები და ჩვენი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს ამ გრძელვადიანი პოლიტიკის კონტექსტიდან.
– რა ძირითად პრობლემებს ხედავთ ბათუმში?
– ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკომპლექტებს გუნდს, ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ბათუმში გუნდის წევრების მიღებაზე, რომ მათთან ერთად ვიმუშაოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქალაქში მრავლადაა.
აქტიურად ვადევნებთ თვალს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს სხდომებს. სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აკისრიათ კონკრეტული პასუხისმგებლობები, ვერ იაზრებენ, რა გამოწვევების წინაშეა დღეს ბათუმი და არამხოლოდ.
მნიშვნელოვანია, თითოეულმა იმ ადამიანმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, იზრუნოს ამ ქალაქზე, იმუშაოს პრობლემების მოგვარებაზე და წარუდგინოს მოსახლეობას იდეები, ხედვები, ამავდროულად, ჩააბაროს მოქალაქეებს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ, რადგან პოლიტიკოსებს გვაკისრია ანგარიშვალდებულება სწორედ საზოგადოების წინაშე. უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ ეს პასუხისმგებლობები. ასევე, მიმაჩნია, რომ ამ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ერთად ვეძიოთ მათი გადაჭრის გზები.
– რომელი სამი პრობლემაა თქვენთვის პრიორიტეტული, რომლის მოგვარებასაც დაუყოვნებლივ შეუდგებით, როცა ამის შესაძლებლობა გექნებათ?
– ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კორუფციაა, რაც მარტივად შესამჩნევია ქალაქში გადაადგილების დროს. უკანონო მშენებლობები, უკანონო ნებართვები ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, ესაა სწორედ კორუფციისგან გამოწვეული პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ, რადგან ეს ქვეყანა ჩვენია.
– აპირებთ თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბარს?
– ხელისუფლებასთან საუბრის აუცილებლობას, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ, თუმცა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია დიალოგი და კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება. იმედი გვაქვს, რომ მალე მოგვეცემა ამის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე უნდა საუბრობდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომ ერთად შეძლონ მოქალაქეების პრობლემებზე ზრუნვა. როცა ჩვენი გუნდი წარმოდგენილი იქნება ადგილობრივ დონეზე, შესაბამის ორგანოებში ჩვენ გვექნება დიალოგი კონკრეტულ პირებთან, რადგან ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არა – ახლა და არა – ამ ვითარებაში. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოების წინაშე და ვიმოქმედოთ მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
– ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე რას გვეტყვით?
– რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა, გვაქვს მიზნები და ამოცანები, თუმცა ვართ ერთიანობის მომხრე და თუ კონკრეტული გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო შეიქმნება, ბუნებრივია, ვიქნებით ასეთ გაერთიანებაში.
– გრძელვადიან პერსპექტივაში, აპირებთ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას?
– ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის შესახებ, თუმცა არც არაფერია გამორიცხული. ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. ასეთი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ვაცნობებთ საზოგადოებას. ბუნებრივია, როცა ვერთვებით პოლიტიკურ პროცესებში, გვაქვს პოლიტიკური საქმიანობის ყველა შესაძლებლობის გამოყენების ამბიცია.
– თუ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდებით, როგორ ფიქრობთ, რითი იქნებით განსხვავებული არსებული ოპოზიციური სპექტრისგან?
– როგორც ახლა, პოლიტიკური მოძრაობის ფარგლებში, ჩვენი მიზანი პარტიად რეგისტრაციის შემდგომაც იქნება მეტი ახალგაზრდა და ახალი სახე ჩაერთოს პოლიტიკაში, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს ნარატივი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. გვსურს, სწორედ მათ დავუმტკიცოთ, რომ სინამდვილეში ასე არაა. შესაძლებელია ყველა საქმის სუფთად კეთება თუ გაიაზრებ პასუხისმგებლობებს და ანგარიშვალდებულებებს.
გვინდა, პოლიტიკა ვაკეთოთ სუფთა ხელებით, გულწრფელად გავიაზროთ ადამიანების საჭიროებები, ვიყოთ მათი ხმა ყველა იმ ორგანოში, სადაც ვიქნებით წარმოდგენილი და ბუნებრივია, ყოველთვის ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სჭირდება და სურს ჩვენთან საუბარი.
– ახალი ძალის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ პოლიტიკაში?
– ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია. ჩვენც ამიტომ გადავწყვიტეთ, აქტიურად შემოვსულიყავით პოლიტიკაში, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი დაძაბულია ვითარება. რეალურად, საზოგადოება დაღლილია ერთ წრეზე ტრიალით, წარსულის შეხსენებით, კომპლექსებით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გამოჩნდეს მეტი ახალი ძალა. დღეს საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკურ ველზე ცვლილებები, ერთიანობა და მეტი ახალი სახის შემოდინებაა.
– თქვენთან წევრების შერჩევა როგორ ხდება? მათ რა პრინციპები და ღირებულებები უნდა აერთიანებდეთ?
– „ახალგაზრდული ძალის“ კარი ღიაა ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც სურს ეს საქმე სუფთად აკეთოს, ემსახუროს სამშობლოს და ქართველ ხალხს. გვსურს, ერთად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უსაფრთხო ადგილი ყველა ადამიანისთვის, დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ და აღარ არსებობდეს საზოგადოებაში ზიზღი. ასევე, ჩვენ ერთად უნდა წავიყვანოთ ეს ქვეყანა ევროპისკენ. მთავარია, გვქონდეს ღირებულებითი თანხვედრა და ერთად ვაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო.
– როგორ აპირებთ ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვას და მათ წახალისებას?
– რეგიონებში დაწყებული გვაქვს შეხვედრები ახალგაზრდებთან, ვესაუბრებით, ვისმენთ მათ იდეებსა და ხედვას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ვპასუხობთ მათთვის საინტერესო კითხვებზეც. მომდევნო კვირებში დავიწყებთ აქტიურ მუშაობას სხვადასხვა პროექტის შექმნისთვის, რათა არსებობდეს უფრო მეტი შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მუშაობის ხარისხზე, ამ საქმის განსხვავებულად კეთებაზე და არა იმ სახის პოლიტიკურ საქმიანობაზე, რომელსაც უკვე ამდენი წელია ვუყურებთ. დანარჩენი იქნება საზოგადოების გადასაწყვეტი. ვფიქრობთ, ახალგაზრდული მიდგომები და ახლებური ხედვა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი გუნდის მხარდაჭერა უფრო გაიზრდება.
– როგორ ხედავთ საკუთარ როლს საქართველოს მომავალ პოლიტიკურ რუკაზე?
– გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს პოლიტიკურ რუკაზეც ღირსეული ადგილი გვქონდეს და ზუსტად ვიცი, ასე იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მუდამ ვიყოთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში, ეს საქმე ვაკეთოთ სუფთად და გულწრფელად.
შემიძლია ვუთხრა ყველას, რომ დავამტკიცებთ ჩვენს შესაძლებლობებს, რომელიც მალე გაიზომება შესაბამისი საშუალებებით.
თამარ ლამპარაძე
გალერეა

