„ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“
By

„ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე  თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. კალაძემ წარდგენის სიტყვაში ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანსა და მთავარ დაპირებაზე. როგორც  კახა კალაძემ  აღნიშნა, მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე საუბარი.
„როდესაც რვა წლის წინ პირველად წარვდექი თბილისელების წინაშე თბილისის მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი, ჩემთვის ცხადად წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას, როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნიე, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ, 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში მინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შესძინოს, არის ადამიანების ხალისი, ჰქონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს, ალბათ, ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს, თბილისი და მისი თითოეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ.
დღეს, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“ ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე საუბარი. ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა, არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და აქაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *