„ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესები ერთგვარი ანაქრონიზმით გამოირჩევა“
By

„ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესები ერთგვარი ანაქრონიზმით გამოირჩევა“

 საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა  და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრება ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი კობა ჯუმუშაძე.

– ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ. თქვენთვის რომელი იყო აქტუალური?

– მიუხედავად იმისა, რომ შიდა პოლიტიკური პროცესები ხშირად საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში ეს კავშირი თითქოს აღარ შეინიშნება და შიდა პოლიტიკური პროცესები ერთგვარი ანაქრონიზმით გამოირჩევა. შესაბამისად, ისეთი პრობლემებისა და მოვლენებისთვის გვიწევს თვალის გასწორება, რომლებიც, ასე თუ ისე, გავლილი, გადალახული და მოგვარებული უნდა გვქონდეს, ან საერთოდ არ უნდა წამოიჭრას ისეთი ფორმით, რომლითაც თვითდაზიანებას მივიყენებთ და სხვა უფრო დიდ პრობლემებს გადავფარავთ. თუ ბოლო დროს მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებს გადავავლებთ თვალს, რა თქმა უნდა, ასეთი იყო ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში წამოჭრილი დილემა ორი უდიდესი ისტორიის მქონე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროფილის მქონე უნივერსიტეტის, სტუ-სა და თსუ-ს, გაერთიანების მცდელობა. ასეთი მცდელობაც კი უკვე არის ერთგვარი საგანმანათლებლო და სოციალური ნონსენსი არა მხოლოდ ქვეყნის საგანმანათლებლო და შესაბამისად, სასიცოცხლო პერსპექტივებისთვის, არამედ კონსტიტუციურადაც. ის პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენი კონსტიტუციის 27-ე მუხლთან. ის, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მიმართ შესაბამისი მოწიწება და პატივისცემა, უკვე გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ჯერ იყო 78-ე მუხლი (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია), ახლა შეეხნენ 27-ეს და საბოლოოდ სადამდე მივა ეს ყველაფერი, არ ვიცით. სწორედ ამიტომაც უნივერსიტეტების გაერთიანების მცდელობა, თავის მხრივ, არის არა ერთი კონკრეტული გადაცდომა, არამედ ის ერთგვარ კავშირშია დე ფაქტო მმართველი პარტიის მიერ აღებულ საგარეო პოლიტიკურ კურსთანაც, საბოლოოდ მოახდინოს შიდა პოლიტიკური და სოციალური მოწყობის ამორტიზება ისე, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ვერასოდეს შექმნას ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დასავლურ სამყაროსთან ერთგვარი სიმბიოზი.

– ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებს როგორ აფასებთ, რა გავლენა ექნება ამ ცვლილებებს ქვეყნის დემოკრატიასა და ეკონომიკურ განვითარებაზე?

– 2024 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით ჩვენ უკვე გვისწრებდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სომხეთი და მოლდოვა. გავიაზროთ რამდენი ისეთი საკანონმდებლო ცვლილება დაინიცირდა, ან მიიღეს 2024 წლის ბოლოდან დღემდე საქართველოში, რომლებითაც პირდაპირი იერიშებია მიტანილი კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის, განათლების თავისუფლების, ბიზნესის თავისუფლების საკითხებზე და მივხვდებით, საით მიდის ეს ყველაფერი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სოციალური მეცნიერებების ამა თუ იმ დისციპლინაში ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას შორის, მაგრამ თითქმის ყველა ასეთი კვლევა თანხმდება იმაზე, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის, გრძელვადიან პერიოდში, დემოკრატიული მმართველობა უალტერნატივოა განვითარების მომდევნო ეტაპზე გადასვლის, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების, უფლებებისა და თანაბარი შანსების შექმნისთვის. ყოველივე ამის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური განვითარების ასახვა (კონვერტირება) მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში. შესაბამისად, რაც უნდა ისეთ ეკონომიკურ წარმატებებზე ისაუბროს პარტია „ქართულმა ოცნებამ“, თუ მართლა ფიქსირდება ასეთი რამ ჩვენს ეკონომიკაში, შეუძლებელია, ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების და განსაკუთრებით აბსოლუტურად თავისუფალი სასამართლოს გარეშე ოდესმე გვერქვას განვითარებული, სტაბილური და სანდო პარტნიორი რომელიმე სხვა საგარეო აქტორის თვალში. ეს კი, საბოლოოდ, თუნდაც ამ „მზარდ ეკონომიკას“ დაარტყამს და დავკარგავთ როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის განვითარების შანსებს.

– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უსაფუძვლოა, ამ მხრივ ასახელებენ თუნდაც ოპოზიციის შენიშვნებს ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. . .

– როცა ამბობ, რომ რაღაც შენიშვნა უსაფუძვლოა, იქვე უნდა დაასაბუთო სრულყოფილად თუ კონკრეტულად, რა და რატომაა უსაფუძვლო. „ქართული ოცნების“ მხრიდან, თითქმის ბოლო  4 წლის განმავლობაში, საფუძვლიანად დასაბუთებული არაფერი გვსმენია, თავად იმ კანონის საჭიროებაც კი, რომელმაც ძირითადი განხეთქილება წარმოშვა საზოგადოების უდიდეს ნაწილსა და ამ პარტიას შორის და რომელსაც მოკლედ „რუსული კანონის“ სახელით ვიცნობთ. იმდენად სუსტად და არაფრისმთქმელად იყო დასაბუთებული და იმდენად იმეორებდა კრემლისტურ ნარატივებს, რომ მიუხედავად დასახელების შეცვლისა, ტერმინოლოგიური ჟონგლიორობისა და სხვა ყველაფრისა, მაინც „რუსულ კანონად“ ჩარჩა მოქალაქის ცნობიერებაში. ასეთ შემთხვევაში კი „უსაფუძვლოას“ ძახილი მხოლოდ რიტორიკულ ხრიკად რჩება და სხვა არაფრად. სწორედ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ასეთმა ზედაპირულმა, ნაუცბათევმა და ყოველგვარ კვლევა-დისკუსიას მოკლებულმა მცდელობამ წარმოაჩინა ის, თუ უსაფუძვლობის რამხელა მასშტაბს შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ ბუნდოვანი მიზნებით მოტივირებულმა სურვილმა, ერთი ხელის მოსმით ასეთი საფრთხე შეუქმნა განათლების წარსულს, აწმყოს და მომავალს სახელმწიფოს ცხოვრებაში.

– სათქმელია ისიც, რომ არა მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ ექსპერტებიც საუბრობენ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის  რეფორმის საჭიროებაზე. ამ მხრივ, ოპოზიციას თუ გააჩნია სათანადო კონცეფცია?

– მე არ ვარ განათლების საკითხების სპეციალისტი, თუმცა ვემხრობი კრიტიკულად განწყობილი იმ სპეციალისტების მოსაზრებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ნაჩქარევ რეჟიმში დაწყებული ე.წ. რეფორმები განათლების სისტემაში, მოკლებულია კვლევებზე დამყარებულ საფუძვლიან ანალიზს, შეიცავს თაობათა წინაშე ჩადენილი პოტენციური დანაშაულის რისკებს, რომელზედაც საბოლოოდ პასუხისმგებლობის ამღები არავინ ჩანს და ისევ და ისევ სახეზე უნდა გვყავდეს დროში დეზორიენტირებული და დაკარგული თაობები. რეფორმები საჭიროა, თავად „რეფორმაც“ პოზიტიური კონოტაციის მქონე ცნებაა, მაგრამ ასეთი რეფორმა დასაბუთებული და კვლევებზე დამყარებული მტკიცე არგუმენტაციის გარეშე შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს არა მხოლოდ ერთ ინდივიდს, ან ერთ კონკრეტულ სოციალურ წრეს, არამედ თავად სახელმწიფოს. ჩემი შეხედულებით, რეფორმა და რეკონსტრუქცია არ შეიძლება იწყებოდეს იქიდან, სადაც ეტაპი დასასრულისკენ მიდის. ეტაპის სათავიდან უნდა დაიწყოს რეფორმა. განათლების საწყისი ეტაპი კი სკოლამდელი განათლებაა, შემდეგ დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი და ა. შ. თავისი პროფორიენტაციით და კარიერული დაგეგმვის ეტაპებზე ხელშეწყობით. ამ საფეხურებით და დაახლოებით ამ თანმიმდევრობით უნდა იწყებოდეს ასეთი ტიპის რეფორმები.

– არანაკლებ მნიშვნელოვანი აჟიოტაჟი გამოიწვია მმართველი პარტიის სარჩელმა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ, ეს რისი მანიშნებელია?

– ეს მიანიშნებს ამომრჩევლის ემოციებზე აპელირების მცდელობაზე. სანამ მუშაობს ცნება „დაგამთავრებ“ და ამით ამომრჩეველთა ნაწილი აჟიტირდება, იქნება ასეთი სარჩელები სასამართლოებში და შესაბამისი რიტორიკაც პროპაგანდისტული ტელეეთერებიდან თუ პარლამენტის ტრიბუნებიდან. ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში, თუ პარტია დაცლილია შესაბამისი იდეოლოგიის, პარტიული ხედვისა და სტრატეგიისგან, მას არ სჭირდება სარჩელები თუ ვერბალური პაექრობა. ადრე თუ გვიან ასეთი პარტიები ბუნებრივად ქრებიან, არაჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში კი შესაძლოა ასეთი უპერსპექტივო პარტიების ხელოვნურად შენარჩუნების მცდელობასაც ჰქონდეს ადგილი, ხოლო რეალური ძალისა და პერსპექტივის მქონე პარტიების მიმართ გატარდეს რეპრესიული ღონისძიებები თავისი პროპაგანდისტული თუ მიკერძოებული სამართლის მქონე სასამართლო მანქანებით. სამწუხაროდ, რადგან ქართული პოლიტიკური ავანსცენა მეტწილად არათანმიმდევრული, ვიწროპარტიულ და ძალაუფლებრივ მოტივებზეა ორიენტირებული, გვაქვს როგორც პარტიათა პოლიტიკურ ზედაპირზე ხელოვნურად შენარჩუნების, ასევე პროპაგანდითა და მართული სასამართლოთი მათი განეიტრალების მაგალითები.

– ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებამ, ოპოზიციის აზრით, ცხადყო ხელისუფლების არაკომპეტენტურობა და კორუმპირებულობა, თუმცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ პირიქით, ხელისუფლება სათანადოდ უმკლავდება კორუფციის ნიშნებს, რას ფიქრობთ?

– „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ხელისუფლება სათანადოდ უმკლავდება კორუფციის ნიშნებს, სარწმუნო იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კორუფციულ ნიშნებზე რეაგირება მოხდებოდა არა პოლიტიკურად ხელსაყრელ მომენტებში, არამედ მაშინვე, როცა საზოგადოებაში უკვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები ამა თუ იმ მაღალჩინოსნის კორუფციული ქმედებების შესახებ. 2020 წლიდან დღემდე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება თუ სიუჟეტი მომზადებულა საფუძვლიანი არგუმენტებით, რომ თუნდაც დღეს ბრალდებულის სტატუსით მყოფი ან ისევ თავისუფლად მომუშავე ჩინოვნიკები კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებდნენ. შესაბამისად, ყველა ასეთ გარემოებაზე ნაგვიანევი რეაქცია, ან პოლიტიკური მოცემულობის მიხედვით განხორციელებული რეაქცია მიანიშნებს ან არაკომპეტენტურობაზე, ან არაკეთილსინდისიერებაზე, ან კიდევ ორივეზე ერთად.

– საჯარო დებატების ჩატარებამ იმ ფორმით, როგორითაც მმართველმა პარტიამ შესთავაზა ოპოზიციას, რა ცხადყო? ამ მხრივ, ძირითადი ოპოზიციის ბოიკოტი რამდენად გამართლებულია?

– დავიწყოთ იმით, რომ მნიშვნელოვანია, ეს დებატები როდის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების რა ეტაპზე, სად და რა ფორმატით იმართება. იმდენად, რამდენადაც ეს ე.წ. დებატები, საყოველთაოდ ცნობილი და საზოგადოების ხელშესახები ნაწილის აზრით, იმართება მაშინ, როცა ეს პარტიას მოაფიქრდა და არ გამართულა აქამდე, როცა მართლაც ამდენი სავალალო რამ მოხდა ქვეყნის ცხოვრებაში, ამასთან,  იმართება (საზოგადოებაში განმტკიცებული აზრით) პროსახელისუფლებო განწყობებით ცნობილი ტელეარხის (ტელეარხების) ეთერში და თუნდაც ისეთი პოლიტიკური სუბიექტების გარემოცვაში, რომლებიც ერთურთთან არა მოპაექრე, არამედ, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ სუბ-ორგანოებს წარმოადგენენ, გასაგები ხდება ოპოზიციის ბოიკოტიც. „ქართულ ოცნებას“ რომ ჰქონოდა სურვილი პოლიტიკური დებატების კულტურის შენარჩუნებისა, შეინარჩუნებდა კიდეც მას. საამისო წინაპირობები სატელევიზიო, ბეჭდურ და სოციალურ მედიაში, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში, თუმცა არსად ჩანდა მსგავსი სურვილი აქამდე, პირიქით, რეპრესიული და პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედებულია ამ სფეროების წინააღმდეგაც. ამის პარალელურად კი ჩინოვნიკთა აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს მიდის სტუდიებში, სადაც ისინი მწვავე და კრიტიკულ კითხვებს შეეჩეხებიან და თავად აქვთ რამდენიმე წელია ასეთი ბოიკოტი გამოცხადებული შესაბამის სტუდიებში ან ტელეეთერებში მისვლასა და დებატებზე.

– გასაგებია, რომ ოპოზიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას და ეს მისი მოვალეობაცაა, მაგრამ თავად ოპოზიციური სპექტრი რა სტადიაშია, რამდენად პასუხობს მოსახლეობის მაჯისცემას?

– ოპოზიციური სპექტრი ხშირად ოპერირებს თვითგადარჩენის რეჟიმსა და პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოს შორის დარჩენილ მცირე სივრცეში. ამას თან ერთვის საზოგადოების იმედგაცრუებაც, რადგან ჩვენი საზოგადოება მუდმივად მოელის ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიისგან ერთიან სტრუქტურირებულ ხსნის ფორმულას ან თავად მხსნელს, ასეთი ფორმულა კი ბუნებაში არ არსებობს და მხოლოდ ერთი, ახალი თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი პარტია ვერც მოახერხებს ასეთის შემუშავებას, ან შობას თავისი წიაღიდან. ამიტომ, ახლა არ არის დრო, ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის ნაკლოვანებებსა და უუნარობაზე კონცენტრირების. ახლა საჭიროა, საზოგადოებას გამადიდებელი შუშა ეჭიროს ხელში და გამალებით ეძებოს, როგორც ძველ, ასევე ახალი თაობის ოპოზიციურ პარტიებში თუ საზოგადოებრივ მოძრაობებში, საერთო საყრდენი წერტილები, რომლებიც წარმოადგენენ სასიცოცხლოდ აუცილებელ ღირებულებით კომპონენტებს სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, რომლებიც შეანელებენ პოლარიზაციის მზარდ ნაპრალს და ნელ-ნელა კონსოლიდაციის, ვითარების ახლებურად გააზრების და გაერთიანებისკენ მიმავალ იმპულსებს გაზრდიან.

– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: ვხედავთ, რომ საერთაშორისო სამართალი მსოფლიოში მოიშალა, ამ მხრივ, სუსტ, დაუცველ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს რა საფრთხე ემუქრება?

– საერთაშორისო სამართალი დიდი და შედარებით მცირე გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ყოველთვის იყო და რჩება დეფინიციების სხვადასხვაგვარად გაგების სივრცედ და არც ახლაა საერთო კონსენსუსი იმაზე, მაგალითად, აშშ-ის სპეციალური ოპერაცია ვენესუელაში საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო თუ მისი დაცვა. ასეთ ვითარებაში, დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები ყოველთვის პოულობენ მათთვის სასარგებლო დეფინიციებს საერთაშორისო სამართალშიც და ასე ამართლებენ თავიანთ წარმატებულ თუ წარუმატებელ ინტერვენციებს ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრებაში. ასეთ ვითარებაში ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ცდილობენ მარტო და მიუსაფრად არ „იდრიფტაონ“ გეოპოლიტიკური ტალღების ულმობელ სივრცეებში და მით უმეტეს – მტრის სიახლოვეს. შესაბამისად, უპირველესია სამართლებრივი სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად კი კონსტიტუციონალიზმის აღორძინება იმ გაგებით, როგორადაც აღწერს მას ამერიკელი ავტორი და პოლიტკომენტატორი ფარიდ ზაქარია თავის 1997 წლის სტატიაში „არალიბერალური დემოკრატიის აღმასვლა“. კონსტიტუციონალიზმის იდეა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ეს არის კონტროლისა და წონასწორობის რთული სისტემა, რათა არ მოხდეს ამა თუ იმ პრივილეგირებული ჯგუფის მიერ ძალაუფლების აკუმულირება და ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, გაჩნდება შანსი, ვიყოთ ისეთი ალიანსების წევრი ან ისეთი სახელმწიფოების პირდაპირი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც რთულ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში დაგვეხმარებიან, ფონს ადვილად გავიდეთ. სხვანაირად განწირულის როლში ყოფნის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე გადარჩენის.

– ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, პრაქტიკულად, ცივი ომის სტადიაშია. ამ მხრივ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ დაათბოს ურთიერთობები?

– „ქართული ოცნების“ პირობებში რამდენადაა ეს შესაძლებელი, არ ვიცი, რადგან მათ იმდენი პოლიტიკურად და პიროვნულად შეურაცხმყოფელი განცხადება აქვთ გაკეთებული ევროკავშირის სტრუქტურებისა და პიროვნულად ამ სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომ რთულად წარმოსადგენი მეჩვენება მათ შორის ურთიერთობის დათბობის პერსპექტივა. ყოველ შემთხვევაში, თუ ასეთი მცდელობები დაიწყება, პირველ რიგში, მათ უნდა გადახედონ, მინიმუმ, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებულ ყველა შიდა თუ გარე პოლიტიკურ აქტივობას და შესაბამისად გააანალიზონ თავიანთი შეცდომები.

– დაბოლოს, ამ გლობალური ცვლილებების პროცესში როგორია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა?

– როგორც თქვენივე კითხვიდან ჩანს, მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების ისევ აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად, ასეთ დროს ყოველგვარი პოლიტიკური თუ სოციალური პროგნოზი, უბრალოდ, უმადური საქმეა და არც მე მსურს შევქმნა ცრუ მოლოდინები, ან დავხატო აპოკალიფსური სურათები. ქვეყნის პერსპექტივა დამოკიდებულია როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე დე ფაქტო მმართველების გონივრულობასა და გააზრებაზე, თუ რა სახით შემორჩებიან ისინი სახელმწიფოს ისტორიულ მეხსიერებას, ასევე, ძლიერაა დამოკიდებული გლობალური ცვლილებების ამა თუ იმ პერიპეტიაზე, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია პროცესში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ჩამოუყალიბებლობის და მოლოდინის რეჟიმის უპრეცედენტოდ მაღალი დონის გამო.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *