
„ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანი ისტორიულადაც და ღირებულებებითაც ყოველთვის დასავლეთი იყო“
დასავლური კურსი ჩვენი საზოგადოების გაანალიზებული არჩევანი რომ არის, ცნობილია, რაც საქართველოს მოქალაქეებმა თავის დროზე რეფერენდუმის საშუალებითაც დააფიქსირეს. 35 წელია ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება, თუმცა ბოლო დროს მიმდინარე პროცესები დასავლეთის შეშფოთების საფუძველი გახდა და ამ მხრივ სხვადასხვა მოთხოვნასაც გვიყენებს, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მმართველი პარტია განსხვავებულ პოზიციას ახმოვანებენ, მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად ცდილობს ევროსტრუქტურებში გაერთიანებას და უბრალოდ, გაუაზრებელ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, თავის მხრივ, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთისკენ აიღო გეზი, რაც ქვეყნისთვის სავალალო იქნება. და მაინც, რა მოთხოვნები აქვს ევროკავშირს საქართველოსადმი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში რას მოიმოქმედებს რუსეთი, რამდენად შეესაბამება ჩვენი მენტალიტეტი ევროპულს? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ბსუ-ის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ფარტენაძე.
– თქვენ შესაძლებლობა გქონდათ, გესწავლათ, გემუშავათ ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებში. რა გამოცდილება შეიძინეთ?
– ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა არის დასავლური ინტეგრაცია. სწორედ ეს გზა უზრუნველყოფს ეკონომიკურ კეთილდღეობას, სუვერენიტეტის დაცვას, საზოგადოებრივ კეთილდღეობას და თავისუფლებას თითოეული ქართველისთვის. ჩემთვის პირადად, ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობა არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური საკითხი, ეს არის ცოცხალი გამოცდილება. თუნდაც ევროპარლამენტში საქმიანობისას დავინახე, რამდენად სერიოზულად უყურებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, როგორ სურთ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის ხელშეწყობა… შვედეთის ინსტიტუტის პროგრამაში მონაწილეობა და აშშ-ში მიღებული გამოცდილებაც მარწმუნებს, რომ კოლექტიური დასავლეთი არა მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობას, არამედ დამოუკიდებლობის განმტკიცებასაც ემსახურება.
– ევროპაში უკვე ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა საქართველოს ოქტომბერში ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ. რას ეყრდნობა ამგვარი განცხადებები?
– ეს განცხადებები ეფუძნება ევროკავშირის შიდა მექანიზმს, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დროებით შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, თუ კონკრეტული ქვეყანა არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, ან იკვეთება უკანონო მიგრაციის, თავშესფარის უსაფუძვლო მოთხოვნების, ორგანიზებული დანაშაულის ზრდის, ან კიდევ უსაფრთხოების რისკების მკვეთრი მატება. ბოლო თვეებში ევროპული ინსტიტუტების კრიტიკა ეხებოდა ოფიციალური თბილისის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების შენელებას და ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
– ევროკავშირის მოთხოვნები და რეკომენდაციები მრავალმხრივია, გვიამბეთ ამის შესახებ…
– ევროკავშირის რეკომენდაციები მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ანტიკორუფციულ რეფორმებს, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, პოლიტიკურ პლურალიზმს, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების სრულ შესაბამისობას ევროპულთან და უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას ან მოდიფიკაციას. ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო საკმაოდ ინტეგრირებულია ევროკავშირის ბაზართან, განსაკუთრებით (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების) მეშვეობით, თუმცა პოლიტიკურ ნაწილში პროგრესი გაჩერებულია და ზოგ სფეროში (მაგალითად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა) უკუსვლაც შეინიშნება.
– ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რამდენად დააზარალებს ჩვენს მოსახლეობას?
– ვიზალიბერალიზაციის შეჩერება პირდაპირ დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს განათლების, ბიზნესის, ტურიზმის და ადამიანური კონტაქტების სფეროში. გარდა პრაქტიკული ზიანისა, ეს იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რომ ქვეყანა კარგავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ აღიარებას – ევროკავშირთან დაახლოების დინამიკას, რაც მორალურადაც და სტრატეგიულადაც დააზარალებს საქართველოს ევროპულ მომავალს.
– ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერების შემთხვევაში რუსეთს რა შესაძლებლობები მიეცემა საქართველოში?
– რუსეთი ყოველ ჯერზე პროპაგანდისთვის იყენებს მსგავს კრიზისებს, რომ დაამკვიდროს მესიჯი, თითქოს ევროპას არ სჭირდება საქართველო და ალტერნატიული გზა მხოლოდ რუსეთია. ეს გააძლიერებს ანტიდასავლურ ნარატივებს, რაც ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე იმოქმედებს, გაიზრდება რუსეთის ჰიბრიდული გავლენის ინსტრუმენტები.
– დროდადრო ანტიდასავლური ძალები აცხადებენ, რომ ევროკავშირი ებრძვის სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს. მსგავსი დისკურსის მიზანი რა არის?
– ეს დისკურსი ჰიბრიდული პროპაგანდის ნაწილია, რომლის მიზანია, შეარყიოს საზოგადოებრივი ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ, წარმოაჩინოს ისინი როგორც საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველები და ხელი შეუწყოს რუსეთის გავლენის ზრდას რეგიონში. სინამდვილეში, ევროკავშირი, სწორედ, პარტნიორი და მხარდამჭერია, რომელიც ზრუნავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.
– სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ ევროკავშირში მაინც არ მიგვიღებენ, ვინაიდან ჩვენი მენტალიტეტი არ შეესაბამება ევროპულს…
– ეს არის სტერეოტიპული და მცდარი მოსაზრება. საქართველო ისტორიულად ევროპული კულტურის ნაწილია და დღესაც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ევროპულ ღირებულებებს იზიარებს – დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას. ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა არ არის „მენტალიტეტის შეცვლა“, არამედ ევროპულ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობაა, რასაც ქართველი ხალხი სერიოზულად უჭერს მხარს.
– მმართველი პარტიის წევრების განცხადებით კოლექტიური დასავლეთი იმიტომ აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ არ გახსნა მეორე ფრონტი.
– ეს განმარტება არ შეესაბამება რეალობას. დასავლეთი არ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას. კრიტიკა ეხება დემოკრატიის გაუარესებას, მედიის დევნას, არასამთავრობო სექტორზე ზეწოლას და რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან მიახლოებას, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.
– რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერა?
– ევროკავშირი და აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები არიან, თუმცა დღეს ეს მოცემულობა, სამწუხაროდ, სულ სხვა ნიშნულზეა… ისინი მხარს გვიჭერენ ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. სწორედ მათი მხარდაჭერაა ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
– 35 წელია, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან აქვს ურთიერთობა, ამ პერიოდში რა ტიპის დახმარება გაგვიწიეს?
– ამ პერიოდში ევროკავშირმა და აშშ-მა საქართველოს მილიარდობით დოლარის ფინანსური, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს. ეს მოიცავს განათლების პროგრამებს, მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებას, ანტიკორუფციულ მექანიზმებს და სამხედრო დახმარებასაც კი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუსეთისგან აგრესიის პირობებში.
– დაბოლოს, თუ შევადარებთ რუსეთს და კოლექტიურ დასავლეთს, რა ძირითადი განსხვავებებაა მათ შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით?
– გამოვყოფ ორ მიმართულებას: პირველი, პოლიტიკური განსხვავება – კოლექტიური დასავლეთი დაფუძნებულია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და პიროვნულ თავისუფლებებზე, მაშინ როცა რუსეთში მმართველობა ავტორიტარულია და გულისხმობს ოპოზიციის არარსებობას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, პოლიტიკოსების, მედიამენეჯერების, ჟურნალისტების თუ უბრალოდ მოქალაქეების ფიზიკურ განადგურებას, თავისუფლების სივრცეების შეზღუდვას და ა. შ. მეორეა ეკონომიკური განსხვავება – დასავლური ქვეყნები ლიდერობენ ინოვაციებში, განათლებაში, კვლევასა და ტექნოლოგიებში, აქვთ მაღალი ცხოვრების დონე და მდგრადი განვითარება, მაშინ როცა რუსეთის ეკონომიკა, ძირითადად, ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული, უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ნაკლებად დივერსიფიცირებულია და აქვს საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული სტაგნაცია. დღეს, როდესაც დეზინფორმაცია და ანტიდასავლური რიტორიკა ძალას იკრებს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველო არ არის არჩევანის წინაშე – დასავლეთი თუ აღმოსავლეთი, სამხრეთი თუ ჩრდილოეთი. ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანი ისტორიულადაც და ღირებულებებითაც ყოველთვის დასავლეთი იყო. ევროკავშირი და აშშ არ არიან ჩვენი მენტორები ან მასწავლებლებ, ისინი არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომელთაც სურთ საქართველოს წარმატება, ჩვენ კი, როგორც საზოგადოებამ, უნდა გავაგრძელოთ იმ ღირებულებების დაცვა, რომლებიც გვაქცევს ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად.
ლაშა ხომერიკი
გალერეა
