
„ჩვენ ბევრი ალუდა, ჯოყოლა, მინდია უნდა ვინატროთ“
სიტყვით და საქმით გამორჩეული, ღვაწლმოსილი, ამაგდარი, სიკეთის მთესველი, უსაყვარლესი პოეტი და პედაგოგი, საუცხოო ოჯახის თავკაცი, გულმართალი და შორსმჭვრეტელი – ასე ახასიათებენ რეზო თებიძეს სოფელ პირველი მაისის (ქედა) მცხოვრებლები, ყოფილი მოსწავლეები, კოლეგა პედაგოგები და მწერლები. დამფასებელთა წრე საკმაოდ დიდია, რადგან ბატონი რეზო თავისი ცხოვრების წესითა და ინტელექტით, საქმიანობით ნამდვილად გამორჩეულია. მრავალი წელია, პედაგოგიურ სარბიელზე ნაყოფიერად იღვწის, ლიტერატურა და ხელოვნება შეაყვარა არაერთ ახალგაზრდას, რომლებიც მისი წიგნებითაც ინტერესდებიან. იგი არაერთი კრებულის ავტორია. გეპატიჟებით რეზო თებიძის საინტერესო სამყაროში სამოგზაუროდ, სადაც გონის, რწმენისა და სიყვარულის ჰარმონია სუფევს.
– ბატონო რეზო, აჭარაში და მის გარეთაც, ბევრი გიცნობთ როგორც კარგ პოეტსა და პედაგოგს. . . თქვენ როგორ წარმოგვიდგენთ საკუთარ პერსონას?
– არ მგონია, ბევრი მიცნობდეს, აჭარის იქით, პრესაში, ლექსები არ დამიბეჭდავს. ჩემს არცთუ ისე ცნობადობას ფეისბუქზე „მოლაიკეთა“ მცირერიცხოვნობაც ადასტურებს. ამას სულისშემძვრელად არ განვიცდი: რაცა ვარ, ესა ვარ. ვცხოვრობ ქედაში, სოფელ პირველ მაისში. აქვე ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ბავშვობიდან ამეკვიატა ლექსების წერა და ვეღარ გადავეჩვიე. სოფლის ტრადიციას არ ვღალატობ და სოლიდური ასაკის მიუხედავად, მუხლჩაუხრელი მიწათ(შე)მოქმედიც გახლავართ.
– მაინც რა არის ცხოვრებაში მთავარი?
– „თუ წუთისოფელს ერთ ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“, – გვაფრთხილებს ბრძენი ილია. ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა, შეიძლება თავბედი გაწყევლინოს, მაგრამ „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს“, ადამიანად გაგაჩინა ბუნებამ და უნდა დარჩე ადამიანად – უფლისგან დაბედებული მისიის აღსასრულებლად. კარგად უთქვამს მამია გურიელს: „გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი“, ან თუნდაც იოსებ ნონეშვილს: „ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე, თურმე ესეც გმირობაა დიდი“. ციტატების დამოწმებაში გადავაჭარბე, მაგრამ. . . ღირს კლასიკოსების გახსენება!
– „მე ყურს ვუგდებდი სულ სხვა კამერტონს“. . . – ამბობთ ერთ ლექსში. გვესაუბრეთ ამაზე, გვამოგზაურეთ თქვენს პოეტურ სამყაროში.
– ეს წინა საუკუნის 70-იან წლებში დაიწერა. ადამიანი ერთადერთი მოაზროვნე არსებაა და ცხოვრების მაჯისცემას უნდა უსმენდეს, ხელოვანი, მით უმეტეს. საზოგადოება მარად განახლებად ფენომენად მოიაზრება. მას სრულყოფილების მიღწევაში წინ ეღობება აზროვნებაში, შეხედულებებში გაბატონებული სტერეოტიპები, შაბლონები, კლიშეები, რომლებიც აუცილებლობად, ნორმად მიაჩნია უმრავლესობას. ამ არასასურველი პოსტულატების მავნებლობას ერთეულები შეიცნობენ და ბრმად მორწმუნე მორჩილ უმრავლესობას თვალს უხელენ. ჩვენ ბევრი ალუდა, ჯოყოლა, მინდია უნდა ვინატროთ, რათა უკეთეს დღევანდელობასა და მერმისში ვიცხოვროთ. ეს არის ამ ლექსის ლაიტმოტივი.
– როგორც პედაგოგი, ამ ეტაპზე ყველაზე საჭიროდ რას მიიჩნევდით განათლების სფეროში?
– ალტერნატიული სახელმძღვანელოებით სარგებლობის პრაქტიკას როგორმე უნდა შეველიოთ. ავტორებს რაც მოესურვებათ, ის შეაქვთ სასწავლო პროგრამებში. ქართულ ლიტერატურაში ერთ ავტორს არ გაუთვალისწინებია „სამშობლო ხევსურისა“, თვითონ ვასწავლე და კიდეც დავაფიქსირე ეს ერთ-ერთ ჟურნალში. ასეთ შემთხვევაში ხომ დამაეჭვებს სახელმძღვანელოს ავტორის ეროვნული ცნობიერება და მაფიქრებინებს, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება. აბა, რა მოსაწონია, რომ მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოში არ შეაქვთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,თავსაფრიანი დედაკაცი“ ან თუნდაც ,,ტრაგედია უგმიროთ“ და ა.შ. აქ ახალგაზრდობის ეროვნული და სულიერ-ზნეობრივი აღზრდის ელექსირების იგნორირებაზეა საუბარი. ავტორებს უჩივიან სხვა საგნების მასწავლებლებიც. მაგალითად, მათემატიკაში მოსწავლეებმა უნდა დაძლიონ ზერთული მასალები, რომლებიც მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში და, წარმოიდგინეთ, აკადემიებში უნდა ისწავლებოდეს. ასე რომ, საგნებში ერთიანი, სტაბილური, აკადემიურად სრულყოფილი, მოსწავლეთა ასაკსა და საჭიროებებზე მორგებული სახელმძღვანელოებით სკოლების უზრუნველყოფა საშური საქმეა. და კიდევ, განათლების ეროვნულ პროგრამაში სწავლებაზე მთავარი ყურადღების გადატანამ ჩრდილში მოაქცია მოსწავლეთა აღზრდის პრიმატი. იმისთვისაც კი ვერ მიგვიღწევია, მოზარდებმა (დიდებმაც) გარემო არ დააბინძურონ. დიდ-პატარამ შეურაცხმყოფელად უნდა აღიქვას ბანერები წარწერებით: „გაუფრთხილდი გარემოს!“ ,,ეს შენი სამშობლოა, არ დააბინძურო!“ უნდა ვერწმუნოთ ილიას: ,,განათლება შეიძლება გქონდეს საშუალო, მაგრამ აღზრდა უნდა გქონდეს უმაღლესი“. ჭეშმარიტად!
– ცხოვრებისეული გამოცდილება, ტრადიციები და ნოვაციები რას კარნახობს და რისი ცოდნა აძლიერებს ადამიანს?
– დავით გურამიშვილისაგან დავიწყებ: ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსულა, სად არის, წავა სადაო,“ – სულმნათის ეს მაქსიმა გათავისებული თუ გაქვს, ცოდნას პლუს ცხვორებისეული გამოცდილება და პიროვნება იქნები მდიდარი და მარგი. სხვა შემთხვევაში ფიქრადაც არ მოგივა ტრადიციების შეფასება-გადაფასება, ნოვაციებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია! გამოცდილება, ტრადიცია, ნოვაცია ჩვენს ცნობიერს აძლიერებს ცოდნა-რწმენით, რომ საზოგადება უნდა ვითარდებოდეს მხოლოდ ევოლუციის გზით და არა – რევოლუციებით და რომ ამისთვის მსახურება შენი, როგორც მოქალაქის, ვალდებულებაა და უნდა ხელგეწიფებოდეს.
– ,,არსებობს მძიმე დანაშაული – წიგნების უგულებელყოფა, მისი წაუკითხაობა“ ბროდსკის ამ ფრთიან ფრაზას თქვენ რას დაუმატებდით, თავად რა სახის ლიტერატურას ამჯობინებთ და ახალგაზრდებს რას ურჩევთ?
– წიგნების წაუკითხაობის გამო არავის განსასჯელის სკამზე არ დასვამენ, აი, ცხოვრებამ კი შეიძლება პასუხი მოსთხოვოს; როგორც გურამიშვილი ამბობდა, – გასტანჯავს წუთისოფელიო. კითხვა ყველას სულიერი მოთხოვნილება რომ იყოს, მკითხველთა არმიები გვეყოლებოდა და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ამისი თვალსაჩინო მაგალითია დავით აღმაშენებელი. წიგნებით მოიგო ამ ღმერთივით კაცმა ომი. გალაკტიონისა არ იყოს, მკითხველობას იბრალებს წიგნის გადამკითხველიც. ერთისგან ისიც კი მოვისმინე, გალაკტიონს ვკითხულობ და ვერთობიო. ნახა რა სათამაშო და თავშესაქცევი! ჩვენი აშკარად ნიჭიერი ახალგაზრდობა, მოსწავლეებიც, რჩევების მიუხედავად, მოდურად არიან განწყობილნი. თუკი ვინმე კითხულობს, უფრო თანამედროვე დასავლურ ლიტერატურას, გარდასული საუკუნეების კლასიკოსებს, როგორც უცხოელს, ასევე ეროვნულს, ქართულს – იშვიათად. არჩევანს აკეთებენ საეჭვო მხატვრული ღირებულების დეტექტივებზე. ცოდნა, როგორც განძი, კლასიკოსებშია და ახალგაზრდობას ვურჩევდი, იკითხონ ბევრი, უპირატესად დაეწაფონ ქართულ კლასიკას, რათა ჩვენი ეროვნული ცნობიერება არ დაკნინდეს. . .
– ,,მე უღმერთობის ზეობა მომკლავს“- თქვენს ამ გულისტკივილს თუ განვაზოგადებთ. . . ანუ რწმენისადმი თქვენი დამოკიდებულება.
– კონსტიტუციით ადამიანის უფლებაა, იყოს ან არ იყოს რელიგიური. ამ უკანასკნელისათვის არავის უნდა განიკითხავდნენ. . . ღმერთი, უფალი – ეს სიტყვები ჩვენს ცნობიერსა და მშობლიური ენის ლექსიკაში ჩაფესვებულ-ჩაკირულა, სიმბოლურ-საკრალური შინაარსის მატარებელია და რელიგიური თუ არარელიგიური ხელოვანი ჩვენს ყოფაცხოვრებაში ათი მცნების სარეალიზაციოდ მუდამ გამოიყენებს. უღმერთობის ზეობაში ვგულისხმობდი და ვგულისხმობ რეალობაში ფეხმოკიდებულ ცრუ ფასეულობებს, რომელთა აღმოფხვრა ვერცერთ სახელმწიფოებრივ სისტემაში ვერ მოხერხდა, პირიქით, უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. ამას უნდა ხედავდეს და ხმას იმაღლებდეს არა მარტო ხელოვანი, არამედ ნებისმიერი მოქალაქე. . . ქრისტეს ათი მცნება ვახსენე. რელიგიური თუ არარელიგიური პიროვნება, ნებსით თუ უნებლიეთ, ცხოვრებაში ორიენტირად, აღზრდის ერთადერთ, განუმეორებელ სახელმძღვანელოდ მას ირჩევს და ამ, მგონი, არ შევცდები თუ ვიტყვი: – ოდითგან აღმსარებლობების მეტ-ნაკლებად დაპირისპირების გარემოში, ყველა ქართველის ქრისტიანად ყოფნას ვისურვებდი.
– ,,მემენტო მორი“ – რას გვაფრთხილებდა ბრძენი? როცა სიკვდილ – სიცოცხლის საზრისზე ფიქრობთ და წერთ. . .
– ბრძენი რომაელი მონა არა მარტო თავისი სარდლის, საუკუნეებში ყველას მოძღვარია: წინ სიკვდილია, წარმატებები, ქება-დიდება თავში არ აგივარდეთ, თორემ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებითო. საოცარი ის არის, რომ მონამ გაბედა და სიცოცხლეშივე ლამის განსასჯელის სკამზე დასვა თავისი მბრძანებელი თვითკონტროლის შესუსტებისა და განდიდების მანიით მოსალოდნელი შეპყრობის გამო. სიკვდილის არსებობა ბევრ რამეზე გვაფიქრებს, მათ შორის იმაზეც, რომ ჩვენ ირგვლივ სხვებიც არიან და მათგან ნამეტანი გამორჩეულობის სინდრომით დაავადება ჩვენ ასეც და ისეც მოკვდავობას ადასტურებს. არა ფიზიოლოგიურ-ნივთიერი, არამედ სულიერი აღმატებულება – აი, საითკენ უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა წარუვალებად დავრჩეთ. მერე რა, თუ ასეც ხდება ,,ამ წყევლაკრულვიან წუთისოფელში“ და ,,დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან!“ მთავარია, დიდებულება შეინარჩუნო.
– ციფრულ სამყაროში შევაბიჯეთ. როგორ აღიქვამთ რეალობას?
– ტექნიკურ პროგრესში კაცობრიობამ დინოზავრის ნაბიჯები გადადგა, მგონი, უფრო – კოსმოსური სიჩქარე აჩვენა, ზნეობისა და მორალის მიმართულებით კი, სამწუხაროდ, იქნებ კუს დონეზე მოვიაზრებით. კი, ეს მიღწევები უკვე სასიკეთოდ ისახება ჩვენს მატერიალურ ყოფა-ცხოვრებაში, მაგრამ ისიც საკითხავია, თუ მორალს, ზნეობას კუს ნაბიჯების გადადგმაც უჭირს, ვის და რას მოემსახურება ციფრულ-ტექნიკური სასწაულები?! ვერ ვისურვებდი რობოტების გარემოცვაში ცხოვრებას, მით უფრო, უარესს – ადამიანის გარობოტება-გაბოროტებას. მშვიდობისმოყვარე კაცობრიობა აპოკალიფსური სიუჟეტებით გაჯერებულ სიზმრებს ნახულობს.
– წარსულიდან რომელ ისტორიულ პირს გამოიხმობდით, ვინ მიგაჩნიათ სამაგალითოდ?
– არჩევანს ფარნავაზ მეფეზე შევაჩერებდი. მან დროს ალღო აუღო და სასწაულთა შორის სასწაული მოახდინა – ქართველური ტომები და ეთნოსები გააერთიანა და პირველმა შექმნა მანამდე არარსებული ქართული სახელმწიფო. დღეს კი.. . უნდა ვზეიმობდეთ ფარნავაზობას. ნეტავ, დაწესებულია ფარნავაზის დღე?
– ლიტერატურული პერსონაჟი, რომლის გაცოცხლებასაც ისურვებდით და რატომ?
– შეიძლება ზოგს გაუკვირდეს და – დონ-კიხოტის. ესპანელი ხელოვნების მაესტრო სერვანტესი რომანში თავის მსოფლიოში ცნობილ პერსონაჟს ათქმევინებს, ადამიანის სხეულზე ჭრილობები ვარსკვლავებიაო. დონ-კიხოტს კი (რა თქმა უნდა, მწერალსაც) ვარსკვლავებივით სულზე ჰქონდა ჭრილობები იმ ცრუ ფასეულობათა გამო, რომლის აღმოსაფხვრელად მიამიტური ხერხებით, მაგრამ გულწრფელად და შეუპოვრად იბრძოდა.
– ყველაზე საკრალური და ძვირფასი სიტყვა თქვენთვის. . .
– დედა. ამ სიტყვის ხსენება ინტერვიუში სხვაგან უფრო უპრიანი იქნებოდა.
– ჩვენს და თქვენს მკითხველს რას ეტყვით?
– გახსოვდეთ, მარტო საკუთარ თავს არა, ერთმანეთს, ოჯახს, ქვეყანას და კაცობრიობას ვჭირდებით. იკითხეთ ბევრი და იღვაწეთ იმისათვის, რომ ცხოვრება უფრო მშვენიერი გახადოთ.
ლაშა ხომერიკი