„ჩვენ გვეშველოს და ბიბლიოთეკებს ვუშველით როგორმე“
ბიბლიოთეკა, წინათაც და ახლაც, ადამიანისთვის ცოდნის მასაზრდოებელ კერად აღიქმება. ის, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული კერა, დღესდღეობით უფრო მრავალფუნქციური გახდა. ციფრულ ტექნოლოგიებთან ინტეგრაციამ ბიბლიოთეკებს სახე უცვალა. დიახ, ფორმა იცვლება, შინაარსი კი იგივე რჩება – წიგნით ცოდნის წვდომა, ცოდნის არეალის გაფართოება და სულის ზრდა. ,,წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ – ეს სლოგანი იყო და იქნება აქტუალური მანამ, სანამ ჰომო საპიენსი დააბიჯებს დედამიწაზე. როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბიბლიოთეკები და როგორ მიმდინარეობს მისი ტრანსფორმაცია – ეს კითხვა არაერთ მკითხველს გაუჩნდა და ჩვენც ცნობილ მწიგნობარს, ,,წიგნიპედიას“ დამაარსებელს, ნოვატორ პედაგოგს და პოეტ ეკა ჭითავასა და ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტ ლაზარე ზაქარიაძეს მივმართეთ.
ეკა ჭითავა:
– თანამედროვეობაში ბიბლიოთეკა არ ნიშნავს მხოლოდ წიგნებს და ჟურნალ-გაზეთებს. ეს არის ციფრული რესურსები – ელექტრონული წიგნები, ონლაინ არქივები, აუდიო და ვიდეომასალები. ბევრი ბიბლიოთეკა უკვე აღჭურვილია კომპიუტერებით, ინტერნეტით და სწავლების ციფრული პლატფორმებით, ასევე, კომფორტულად შერჩეული ინტერიერით, რაც ცოდნის მიღებას უფრო მარტივს, სასურველსა და ხელმისაწვდომს ხდის. წინათ, ბიბლიოთეკა, უმეტესად, ლიტერატურულ სივრცედ აღიქმებოდა, თანამედროვე ეპოქაში კი მისი როლი გაიზარდა კულტურული და სოციალური თვალსაზრისით. ის აერთიანებს სხვადასხვა თაობის და ინტერესის წარმომადგენლებს. თუ ადრე, უმეტესად, მწერლები და ფილოსოფოსები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ახლანდელ ბიბლიოთეკაში ტარდება სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, შემოქმედებითი და ტექნიკური პროექტები, იმართება დისკუსიები, ხდება იდეათა გაცვლა-გამოცვლა.
ძალიან დიდია ბიბლიოთეკის როლი სკოლაში, ის არა მხოლოდ წიგნების საცავი, არამედ ცოდნის, შემოქმედების და კვლევის ცენტრია. თანამედროვე სკოლა ვეღარ იარსებებს ეფექტური ბიბლიოთეკის გარეშე, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ, სულიერ და სოციალურ განვითარებას.
ბიბლიოთეკა აძლევს მოსწავლეებს საშუალებას, მოიძიონ დამატებითი მასალები სასწავლო თემებზე, გაეცნონ სხვადასხვა წყაროს და განივითარონ კვლევის უნარები. ის ეხმარება მასწავლებლებსაც სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში. ბავშვებში კითხვის სიყვარული სწორედ, სკოლიდან და ბიბლიოთეკიდან იწყება. საინტერესო წიგნები, თემატური ღონისძიებები და წიგნის კლუბები მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, მეტი იკითხონ.
ბავშვი სხვადასხვა ავტორის მოსაზრებას ეცნობა, სწავლობს ანალიზს, შედარებას და დამოუკიდებელი აზრის ჩამოყალიბებას. სწორედ ეს არის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია.
არ ვიცი, ბიბლიოთეკების მომავალი როგორი იქნება, ალბათ, მრავალმხრივი და დინამიკური. ტექნოლოგიური პროგრესი, ციფრული ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილებები მათ ახალ ამოცანებსა და შესაძლებლობებს უსახავს. ბიბლიოთეკა არ იქნება მხოლოდ წიგნების საცავი, მომავალში ის გადაიქცევა ცოდნისა და ინოვაციის ცენტრად, სადაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ფორმით – ქაღალდზე, ეკრანზე, ხმად ან ვირტუალურ სივრცეში. ბიბლიოთეკები კიდევ უფრო ინტეგრირდება ხელოვნურ ინტელექტთან, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი ადგილიდან ჰქონდეთ წვდომა სასურველ წიგნებთან.
ვისაც მოსწონს ტრადიციების და სიახლეების ერთობლიობა, ასევე,
ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება ტექნოლოგიების ეპოქაში, მისთვის ბიბლიოთეკა უცვლელ ღირებულებად დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დისტანციურად, მე ვისურვებდი, რომ ადამიანთა მასობრივი გულგრილობის ეპოქაში, ბიბლიოთეკა დარჩეს განათლებისა და სიბრძნის ცოცხალ კერად, ადამიანებს კვლავ იზიდავთ წიგნის და სიძველის სუნი, სიჩუმეში კითხვის სიამოვნება და ყველა ადამიანს სჯეროდეს, რომ ცოცხალ წიგნთან ურთიერთობა სულიერი სიჯანსაღის საწინდარია.

ლაზარე ზაქარიაძე:
– მიჭირს ამაზე ლაპარაკი, ერთი მხრივ, ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი ვარ, ყოველ შემთხვევაში, ვიყავი, მაგრამ მეორე მხრივ, ჭეშმარიტებას ვინ დამალვია, ჩვენ რომ დავემალოთ. უძლიერეს და უჭრელეს საინფორმაციო ველში იმყოფება ჩვენი თანამედროვე საზოგადოება, სოციალური ქსელები, ვირტუალური სინამდვილე, ინტერნეტი ეგრეთ წოდებულ ბაბლებს ქმნის, საზოგადოებას პატარ-პატარა სექტა-უჯრედებად ქსაქსავს, ვითომ გემოვნების და განათლების მიხედვით, სინამდვილეში, იმ საეჭვო და ზედაპირული საინფორმაციო ბაზის მიხედვით, რომელზედაც ესა თუ ის ინდივიდი ზის და იკვებება. თავად ცოცხალი ადამიანი ინფორმაციულ ველად გადაიქცა და სამწუხარო ისაა, რომ ძალიან ხშირად ამ ინფორმაციას ვერ ხარშავს და ვერ ინელებს. წამკითხველი პროგრამა არ უმუშავებს, ან საერთოდაც არ გააჩნია ასეთი, უმად და განურჩევლად ყლაპავს ამა თუ იმ საინფორმაციო წყაროდან მოწოდებულ უჭრელეს ინფორმაციას და ვერ ინელებს, იწამლება, იბერება, ამპარტავნებს უცოდინრობით ისე, რომ თავად ვერ ხვდება და ვერ წვდება მის თავს დატრიალებულ უბედურებას: ინფორმაციულ ზომბად – უსულო რობოტად ქცევას. საჭმელმა აწყინაო, რომ იტყვიან, ზუსტად ისეა, შეჭამე და ვერ მოინელე, გაიბერე, გასკდი… ის კი არა, ზოგიერთი ჩვენი თანამედროვე ცრუ გურუ და ცრუ პედაგოგი იმდენად გაბერილია თუნდაც წიგნიერი ინფორმაციით, თავი ღმერთად წარმოუდგენია და ღმერთის არ სწამს. გაუცნობიერებლად ხდება ეს და ცრუ გურუ და მასწავლებელი არც მალავს ამას, არც ეუხერხულება აღიარება. პირიქით, ამპარტავნებს კიდეც, აქაოდა, თანამედროვე ინტელექტუალურმა საზოგადოებამ უკვე იცის, არავითარი ღმერთი ზეცაში (თითქოს ეს ცა ის ცააა სინამდვილეში) რომ არ არსებობსო. აქ მოსჩანს და იკვეთება სწორედ წამკითხველი პროგრამის დეფიციტი, კითხულობ და ვერ ინელებ, ეცნობი და ვერ ვითარდები, პირიქით, დეგრადირებ, ნადგურდები როგორც სული – ადამიანი. ეს არის თანამედროვე ინფორმირებული ადამიანის ტრაგიზმი, სურათი ასეთი იხატება, ზოგადად. ალბათ, აზროვნებისა და ცხოვრების წესის თანხვედრაა ერთადერთი გამოსავალი იქიდან – იცი მხოლოდ ის, რასაც პრაქტიკულად შეხებიხარ და რაც გაგივლია, გამოცდილებაში რაც გიდევს. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული ზომბი გამოდიხარ მაინც, რაც უნდა ბევრი წიგნი იკითხო, გადახარშვის და გადამუშავების გარეშე შენში. მთავარი უბედურება ის არის, რომ ინფორმაციით ასე გაბერილი და მომკვდარი მერე სხვებს ითრევ, იმათაც წამლავ, უკვე იმათ ათრობ (ართობ თანაც) და აუბედურებ შენს ცრუ აუდიტორიას, რადგან თავად შენც ცრუ ხარ, ცრუ გურუ და მასწავლებელი. აი, ასეთი მოწამლულ-მოჯადოებული წრეა. და რა გააკეთოს ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკამ? რა გააწყოს? რით დაეხმაროს ადამიანებს? ვერც ვერაფერს დაეხმარება ალბათ, სანამ თავად ადამიანი არ შეიცვლება, მისი განურჩეველ-უცოდინარი მიდგომა საინფორმაციო წყაროსადმი. ძველ ბიბლიოთეკებში უფრო და უფრო ცოტა ხალხი დადის, ახლები უფრო ელექტრონულ ბიბლიოთეკებს ეწაფებიან, ან ახალ წიგნებს ყიდულობენ ბიბლუსებში და სხვაგან, მაგრამ თუკი წამკითხველი პროგრამა ზუსტად არ გთხოვს და არ გიმუშავებს, რა წაიკითხო, როდის და როგორ, სულ ფუჭია ეს ყველაფერი. ისევ განათლებასთან მივედით, გემოვნებასთან და რაც მთავარია, ნამდვილ ცხოვრებასთან ოღონდ. იქ თუ ნამდვილი არ გემართება, წიგნებით ამას ვერ დაიმართებ, მით უფრო, განურჩეველი და ჭრელი ინფორმაციით. გაგეცით მგონი პასუხი, ასე თუ ისე. რეზიუმე ვთქვათ მაინც, გამოვხატოთ: რა ეშველება ბიბლიოთეკებს? ჩვენ გვეშველოს და ბიბლიოთეკას ვუშველით როგორმე, ჩვენს ყაიდაზე მოვუვლით და გადავაკეთებთ, ისევ ჩვენი შინაგანობის მიხედვით.
ლაშა ხომერიკი