
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქედის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ მამუკა თურმანიძე ზენდიდის, გულების, ხუნკუდის, შევაბურის და დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა.
-გულთბილი და ემოციური შეხვედრები გაიმართა. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და საჭიროებებზე. ამომრჩეველთან ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმები. მიუხედავად განხორციელებული მრავალი და მიმდინარე პროექტებისა, მუნიციპალიტეტში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაზე გუნდთან და ამომრჩევლებთან ერთად ვიმუშავებ. ვიზრუნებ, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ქედის მოსახლეობის ყოფითი პირობები. გავაგრძელებ სოფლების და ადმინისტრაციული ცენტრების, რეკრეაციული სივრცეების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. მეტ ენერგიას მოვახმარ განათლების ხელშეწყობის პროგრამას, რაც უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის. აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროექტები წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, გაზიფიცირებისა და ინტერნეტიზაციის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. მჯერა ამომრჩევლის გულისხმიერებისა და თანადგომის. დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ქედას! – თქვა მამუკა თურმანიძემ.
შეხვედრებში ჩართული იყვნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაბა ქედაში ნაზიმ ჩხეიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.
ცოტნე ცაბაძე