„ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს
კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი „sagitta“ „ინციდენტების გარეშე“ დააკავეს.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უზრუნველვყოთ, ვენესუელიდან გამავალი ნავთობი იყოს სათანადოდ და კანონიერად კოორდინირებული“, – ნათქვამია სამხრეთ სარდლობის განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, 2025 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ეს უკვე მეშვიდე გემია, რომელსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა და აშშ-მა დააკავა.
როგორც ცნობილია, აშშ-მა სანქცირებული ტანკერების დაკავება 10 დეკემბრიდან დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელას ექსპრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად, დღეში 400,000 ბარელამდე შემცირდა და ვაჭრობა მხოლოდ ამერიკულ ნავთობგიგანტ Chevron-თან დაკავშირებული ხომალდებით ხორციელდება. ყველა სხვა გემი კი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად აღიქმება და აშშ-ის ჯარების მიერ დაკავებას ექვემდებარება. როგორც ირკვევა, ამჟამად საერთაშორისო წყლებში ვენესუელასთან დაკავშირებული, სანქცირებული ათასამდე ხომალდი მოძრაობს.