ჩხუტუნეთის შემდეგ- ოქროპილაური 
By

ჩხუტუნეთის შემდეგ- ოქროპილაური 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ის სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე დასრულდა საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია. პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ლიეტუვის წარმომადგენლები. ექსპედიციას, რომელშიც 10-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი არქეოლოგი იყო ჩართული,  ტარიელ ებრალიძე ხელმძღვანელობდა.

პროექტის ფარგლებში შარშან დაწყებული ჩხუტუნეთის ციხესიმაგრის არქეოლოგიური კვლევების მეორე ეტაპი მიმდინარეობდა. არქეოლოგიური სამუშაოებისას შეისწავლეს ციხესიმაგრის გარე და შიდა სივრცეები, მათ შორის, გალავნის, კოშკის შიდა ტერიტორიისა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის ჩამოშლილი კონსტრუქციები. პარალელურად, კოშკის მიმდებარედ, მიკვლეულ იქნა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, სადაც ორი პურის საცხობი თონე აღმოჩნდა. გაიწმინდა ციხიდან დავითეთის წყლისკენ მიმავალი გვირაბის ნაწილიც.
საველე სამუშაოების ფარგლებში მოპოვებულ იქნა შუა საუკუნეებისა და ოსმალური პერიოდისათვის დამახასიათებელი არტეფაქტები. კვლევითი სამუშაოებით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელები  დაინტერესდნენ.
– მაჭახლის ხეობიდან მარეთის ხეობაში გადავინაცვლებთ. იქ არქეოლოგიური  სამუშაოები ჩირუხისწყლისა და ტბეთისწყლის ხერთვისში არსებულ ოქროპილაურის ციხეზე დაიწყება, –  გვითხრა  ტარიელ ებრალიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *