
ცესკომ კონკურსი გამოაცხადა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ წარმართავს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა – კომისიის წევრობის მსურველების თანხმობის შემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივრეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.
რაც შეეხება კონკურსის დეტალებს – საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.
მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესაძლებელია, ასევე წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტჰაბს – 2 51 00 51“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკომ ასევე დაიწყო ტრენერთა კორპუსის გადამზადება. პროექტი მასშტაბურია და მასში სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიური ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს 17 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.