ციალა ჭაღალიძე: „მიყვარს განვლილი ცხოვრება, თავისი ტკბილ-მწარე მოგონებებით“
By

ციალა ჭაღალიძე: „მიყვარს განვლილი ცხოვრება, თავისი ტკბილ-მწარე მოგონებებით“

დაბადებიდან 65 წელი უსრულდება შუახევის რაიონის გომარდულის საჯარო სკოლის დირექტორს, „ღირსების ორდენოსანს“, 4 შვილის დედა ციალა ჭაღალიძეს. იგი დღეს საზოგადოებაში დედის, ხელმძღვანელის როლსა და ადგილზე გვესაუბრება.

ქალბატონო ციალა, რას ფიქრობთ დედისა და ქალთა დღესასწაულებზე?

– იმ ოჯახში დავიბადე და ვიზრდებოდი, სადაც დედის კულტი და ქალის როლი სათანადოდ ფასობდა. ბაბუა, ალი ჭაღალიძე, სოფელ ჭალასა და ჭვანის ხეობაში ჭკუასაკითხავ პიროვნებად ითვლებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი მზრუნველი დამოკიდებულება ბებიის, რძლების მიმართ, თუნდაც ჩემდამი. ვიზრდებოდი სითბოთი და სიყვარულით. ამის შემოქმედნი – დედა მერი ათაბაგი და მამა მურმან ჭაღალიძე იყვნენ. დედა ჩემთვის არის პატიოსნების, კეთილშობილების, შრომისმოყვარეობის მაგალითი. მამა, წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, რაიონული სტრუქტურების ხელმძღვანელი პირი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული გაზაფხულის პირველი დღესასწაულების ორგანიზებაში. ყოველთვის პატივისცემით ულოცავდა დედასა და მეუღლეს ქალთა დღეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ დედის დღის დღესასწაულად გამოცხადებასაც მოწონებით შეხვდა. ჯერ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, 2005 წლიდან სკოლის დირექტორი ქალთა დღესასწაულებს დიდი ყურადღებით ვეკიდები და შესაბამისად აღვნიშნავ. სკოლა სოფლის სარკეა და ყველა საქმის მამოძრავებლად რჩება. სოფელი გომარდული რიგი თავისებურებებითაა გამორჩეული. წელიწადის ოთხივე დროს სტუმარი და ტურისტი არ გვაკლია, რომლებიც ბევრჯერ გამხდარან საინტერესო ღონისძიებების მონაწილენი. სოფელში წარმატებული ქალბატონები გვყავს. მათ გულს ვუხარებთ, სოფლიდან გასული წარმატებული ბიზნესმენებიც გვერდით გვიდგანან. როგორც დირექტორს, 4 შვილის დედას შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც მეფერება, პედაგოგიურ სარბიელზე მიღწეული წარმატებისთვის მრავალჯერ წამახალისეს.

თვალს თუ გადავავლებთ თქვენს ბიოგრაფიას, გომარდულს ორი უმნიშვნელოვანესი ამბავი უკავშირდება. . .

– გეთანხმებით. პირველი: 1983 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა პირველად ჩავატარე გაკვეთილი გომარდულის 8-წლიან სკოლაში. იმ დღიდან მოყოლებული, დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. 43 წელია, მოსწავლეებთან ერთად მოვდივარ. ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რომ მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ახალგაზრდების პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. გამომიმუშავდა მოთმინების უნარი, დაკისრებულ საქმეს ვაკეთებ მონდომებით და არა ვალდებულების გამო. მოსწავლეების მიმართ ვარ თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი, მიყვარს ჩემი საქმე. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ მასწავლებლობა ავირჩიე… „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!“ რატომ გადავწყვიტე, რომ მასწავლებელი გავმხდარიყავი? რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ეს პროფესია და სხვა არა? უპირველესად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემი შინაგანი მოწოდება იყო. მსიამოვნებს საგაკვეთილო პროცესი და მოსწავლეებთან ურთიერთობა. მათ წინ როცა ვდგავარ, მინდა ზუსტად ისეთი ემოცია, სიხარული და ბედნიერება გავატანო ჩემი გაკვეთილიდან, როგორსაც მე განვიცდიდი სკოლაში, მათი ტოლი რომ ვიყავი. მასწავლებლობა ოჯახური ტრადიციების გაგრძელებამაც განაპირობა. მამის ძმები, ალექსანდრე და ომარ ჭაღალიძეები, წლების განმავლობაში მასწავლებლობდნენ, ბიცოლა – ჟუჟუნა მიქელაძე, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ჩემი პროფესიის არჩევანში, ახლაც მასწავლებელია ჭალის საჯარო სკოლაში. პედაგოგთა ოჯახში აღზრდილს, ბედმა პედაგოგთა ოჯახის რძლობაც მარგუნა. დედამთილი ჟუჟუნა ჯაყელი აჭარის დამსახურებული მასწავლებელი იყო, მამამთილი – აბესალომ ჯაყელი აჭარის დამსახურებული მასწავლებელი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ სკოლას, სადაც 2005 წლიდან დირექტორი ვარ. მეორე უმნიშვნელოვანესი ამბავი ეხება ჩემს პირად ცხოვრებას. ალბათ, უფლის ნება იყო, რომ გომარდულში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ოთარ ჯაყელი. იგი პროფესიით ექიმი იყო. შუახევის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ქირურგიულ განყოფილებას. ოჯახი შევქმენით. დღე დღეს მისდევდა, წელი – წელს. თანდათან იზრდებოდა ჩემი პატარა ოჯახი. ბედნიერი ვიყავი, რადგან გვერდით მყავდა მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე. ვზრდიდით ოთხ შვილსა და ვემსახურებოდით საყვარელ საქმეს. „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?!“ – დავრჩი ცალუღელა ულმობელი ცხოვრების პირისპირ. წავიდა ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენი, ოჯახის ბურჯი, წავიდა და თან გაიყოლა ჩემი გული… ამ ტკივილსაც გავუძელი ძლიერი ხასიათის წყალობით, რომელიც მშობლებისაგან გამომყვა. ცხოვრება გრძელდებოდა. დაიზარდნენ შვილები. დღეს ისინი ზრდასრულები არიან.

წინა საუკუნის 90-იანი წლები გამოიარეთ, შვილებს, ოჯახს, სამსახურს ხელი არ მოაკელით, როგორ შეძელით?

– არ მიწყინოს თქვენი გაზეთის მკითხველმა, რომ პირადულზე მეტს ვსაუბრობ. მე იმ დედების, ქალბატონების საქმეები მაძლიერებდა, რომლებმაც ფასდაუდებელი კვალი დატოვეს ერის, თუნდაც ჭვანის ხეობის ისტორიაში. შინაგანი ძალა, ოთარის მიმართ პატივისცემა მასულდგმულებდა, გამეძლო. . . თავს ბედნიერად მივიჩნევ, რომ გავუძელი. ორმა ქალიშვილმა ტრადიციას არ უღალატა და დღეს ისინი წარმატებული მასწავლებლები არიან. უმცროსი ქალიშვილი საბანკო სექტორშია დასაქმებული, ნაბოლარა ვაჟმა კი მეზღვაურის რთული პროფესია აირჩია. მრავალჯერ უკითხავთ: შევცვლიდი თუ არა ცხოვრებაში რამეს, ამის შესაძლებლობა თუ მომეცემოდა. არა და არა, რადგან ეს ჩემი ხვედრი, გოლგოთა და სატარებელი ჯვარია. მე მიყვარს განვლილი ცხოვრება თავისი ტკბილ-მწარე მოგონებებით, მადლიერი ვარ, რადგან ვიპოვე მოწოდება და ადგილი წუთისოფელში.

– 65 ცოტა არაა, თუმცა არც ბევრია. ქართული სოფელი რა იყო და რაა, კარგად იცით. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები როგორ იმოქმედებს თუნდაც გომარდულის მაგალითზე?

– მახსოვს გომარდულისა და მეზობელი წანკალაურის 8-წლიან სკოლებში 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა. წანკალაურის სკოლა საერთოდ მოიშალა. გომარდულში მოსწავლეთა რაოდენობა ერთნიშნა ციფრამდე ჩამოვიდა. ქვეყნის მასულდგმულებელი ბავშვები არიან. კარგია რეფორმა, დროსა და მომენტზე მორგებული საქმეები, მაგრამ სოფელს ბავშვები აღარ ალამაზებენ. დაწყებულია სამუშაოები სოფელ გომარდულის სამთო-სათხილამურო კურორტად გადაქცევისთვის, მაგრამ ასაკოვანი ადამიანების ამარა დარჩენილი ტერიტორია ისეთი ვერ იქნება, როგორიც ბავშვებით სავსე ოჯახების დროს იყო. მე მაინც ოპტიმისტი ვარ… მომავლის მჯერა.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მარტი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *