18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
ცისანა ანთაძე – 85  „მარადიული გოგოს“ სიყვარულით დაწერილი ცხოვრება…
By

ცისანა ანთაძე – 85 „მარადიული გოგოს“ სიყვარულით დაწერილი ცხოვრება…

„ყველას თავისი წილი ცისანა ჰყავს, ბედნიერებაა, რომ ასეთი ქალბატონი დააბიჯებს ჩვენ გვერდით“, „ცისანა ჭეშმარიტი პოეტია, პოეტი, რომელიც სახეებით აზროვნებს და ქმნის ჭეშმარიტ ლიტერატურას“, „ცისანას ყველა უყვარს და ცისანა ყველას უყვარს, ის სიყვარულისთვის მოვლენილი ადამიანია ამ ცისქვეშეთში“, „ცისანა უხდება ბათუმს, ცისანა ამ ქალაქის ძვირფასი სამკაულია, რომელიც არასდროს გაფერმკრთალებულა, გაუბრალოებულა, რომელიც სულ ანათებს და სხვებსაც უნათებს გზას“ – ასეთი და კიდევ უამრავი თბილი სიტყვა გაჟღერდა აჭარის მწერალთა სახლში გამართულ საღამოზე, სადაც პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ათეულობით წიგნისა და პუბლიკაციის ავტორის, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატისა და უბრალოდ, ყველასათვის ძალიან საყვარელი ადამიანის, ცისანა ანთაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. „მარადიული გოგო“, როგორც მას პოეტმა ვახტანგ ღლონტმა უწოდა, 85 წლის გახდა და როგორც თავად აღნიშნა, სწორედ ამდენივე წელია ეფერება სამყაროში ჩატეულ ყველა ემოციას, გრძნობას, რომელიც, ცხოვრების არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ადამიანს ადამიანად ტოვებს.

გურიაში დაიბადა. ბავშვობას დიდი სიყვარულითა და აღტაცებით იხსენებს. ამბობს, რომ წლები, როცა პეპლებს დასდევდა, ყვავილებს კრეფდა, წლები რომლებიც სავსე იყო ძვირფასი ადამიანებით, დღემდე ათბობს და ენატრება, მაგრამ ვერ გაუგია, როგორ სწრაფად გაირბინა და დარჩა ბებიის სკივრში შენახული ნივთებივით, რომელთა დათვალიერებისას თვალებზე აკიაფებული გულწრფელი ცრემლები არ ანებებს თავს. შემდეგ იყო ბათუმი, ქალაქი, რომელმაც შვილივით მიიღო, გულში ჩაიხუტა და მას შემდეგ ხელი აღარ გაუშვია. იყვნენ პიროვნებები, რომლებმაც პატარა გოგოში დიდი ადამიანი დაინახეს და დაიმეგობრეს, ფართოდ გაუხსნეს მწერლობის კარი, მისცეს სივრცე, რომ ჩვეული გულწრფელობით გაეშალა ფრთები, სამყაროს სილამაზე და ადამიანური განცდები პოეზიად გარდაექმნა. დიდი სიყვარულით იხსენებს ზურაბ გორგილაძეს, ფრიდონ ხალვაშს, ჯემალ ჯაყელს, ნანა გვარიშვილს და კიდევ არაერთ პოეტს, მწერალს, ვინც მისცა სტიმული, ეწერა იმაზე, რასაც გრძნობდა, რაც სტკიოდა თუ ახარებდა. ცისანა ანთაძე ეკუთვნის იმ პოეტთა რიცხვს, ვისი პოეზიაც არ ყვირის, არ მოითხოვს ყურადღებას, მაგრამ ვისი სიტყვაც ზუსტად თავისი სიჩუმით დიდხანს რჩება მკითხველში. იგი ქართულ პოეზიაში წარმოადგენს იმ ნაზ, ინტიმურ და გულწრფელ ხაზს, რომელიც მუდმივად საჭიროა სულიერი წონასწორობისთვის. ამბობს, რომ მისი შემოქმედების მთავარი ძარღვი სამშობლოა, რომლის პულსაციას სულ გრძნობს, რომ სამშობლოა მისი დედაც, მამაც, შვილიც, მზეც, მთვარეც და საერთოდ, ყველაფერი, რისთვისაც ღირს დაბადებაც და სიკვდილიც. ბედნიერია, რომ უყვარს და უყვართ. თავად სიყვარულზე შეყვარებული პოეტია ცისანა ანთაძე, რომელზეც შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ, მაგრამ დროა იმ ადამიანებს დავუთმოთ ასპარეზი, რომლებსაც სურთ, თავისი წილი სიყვარულით მოეფერონ პოეტს.

როი აბუსელიძე, პოეტი:

– ქალბატონი ცისანა ანთაძე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ეს უკვე ათწლეულებია, ასეა. მისი პოეზია არის საოცრად თბილი, საოცრად ქალური, საოცრად მიზანმიმართული. შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელია მისი ლექსები ერთხელ მაინც წაიკითხოს მკითხველმა და არ დაამახსოვრდეს. ცისანა ანთაძე, უდავოდ, გამორჩეული ხმაა ლიტერატურაში. მისი პოეზია ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოს სიყვარულს, ხალხის სიყვარულს და ისევ და ისევ – ლექსის სიყვარულს. გამორჩეული ავტორია იმ კუთხითაც, რომ განსაკუთრებით იცის თავისი კოლეგების დაფასება, გვერდით დგომა. ყველას შემოქმედებას პატივს სცემს, სტიმულს აძლევს. ვუსურვებ ძალიან დიდხანს სიცოცხლეს, ჩვენ გვერდით დიდხანს ყოფნას. თავისი ლამაზი და ლაღი ლექსებით კიდევ მრავალჯერ გაგვახაროს.

დავით თედორაძე, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:

– ცისანას ვულოცავ საიუბილეო თარიღს – 85-ს, არადა, ენერგიით, გარეგნობით უფრო ახალგაზრდაა და თანაც მკვირცხლი. ძალიან, ძალიან მიყვარს. საუკეთესო სურვილებით ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, როგორც ცოტათი უმცროსი ძმა და მეგობარი. ვამაყობდი მასთან ურთიერთობით. ის არის სიტყვის ერთგული, საქმის ერთგული, სამშობლოს დიდებისთვის გაჩენილი ქალბატონი. მასთან ერთად ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, განსაკუთრებით მახსენდება თურქეთის რესპუბლიკის ქართული სოფლები. ის, როგორც მამაკაცი, ისე გაგიწევს პარტნიორობას დალევაშიც, სიტყვაშიც, მართლაც უნაკლო ქალბატონია, რომელსაც არასოდეს არაფერი შეშლია. აღსანიშნავია ცისანას ურყევი ერთგულება. ამის მაგალითია ის, რომ როცა ყველამ დაიჯერა ზვიად გამსახურდიას სიკვდილი, მას დიდხანს ისევ ცოცხალი ეგონა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცისანა `არ ირხევა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა~. ჯანმრთელობას ვუსურვებ. საუკეთესო სურვილებით ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.

მაია ხაჯიშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი:

– შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი ცისანას შემოქმედება ყოველთვის ახალგაზრდა და უბერებელია. სიტყვები, რომლებითაც ის ეფერება ქართულ პოეზიას, არის ყოველთვის დასამახსოვრებელი, განსხვავებული ლირიკით გამორჩეული. ასევე, გამორჩეულია ძალიან ღრმა, ფილოსოფიური მიგნებებით და ეს ისეთ სინთეზშია ლირიკულ სიტყვებთან, რომ ახლოს მიდის თითოეულ მკითხველთან. ის თანაბრად ეფერება როგორც ბუნებას, ასევე სამშობლოს, ჩვენს კულტურას და რაც მთავარია, ყოველთვის პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ის არის დიდი საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი, რომელსაც შეუძლია თამამად თქვას, რომ წარმოადგენს ჩვენი ქალაქის, ჩვენი რეგიონისა და მთლიანად ქართული მწერლობის სახეს.

ვახტანგ ღლონტი, პოეტი:

– ისეთი, როგორიც ცისანაა, ალბათ ორი ან სამი ადამიანი თუ არსებობს, ის მარადიული გოგოა. ყველას თავისი ამბიციები აქვს, ხან არასწორი, ხან იქნებ სწორიც და ვამბობ, რომ ჩვენ უპირველესად, ადამიანობა მოგვეთხოვება. შეიძლება სადღაც ვგრძნობთ, რომ ფრთები გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში, მიწაზე მოსიარულე ხალხი ვართ. ცისანა ის ადამიანია, არასოდეს რომ არ შემცდარა მიწაზე და ვინც მიწაზე არ შემცდარა, ჩათვალეთ, ის ცაშიც არასოდეს შეცდება, იმიტომ, რომ დაცემის საშუალება აქ მეტია, ვიდრე ცაში. მე იმას ვნანობ, რომ დღეს აქ ვერ ილაპარაკებენ ზურაბ გორგილაძე, ფრიდონ ხალვაში და სხვები იმ თაობიდან.. ცისანა უყვარდა ყველას, ყოველთვის მეგობარს ხედავდნენ ცისანაში. ლამაზად დაგვიბერდა ცისო, მთელ დარბაზს თვალები უღიმოდა მისი ცქერისას, ეს იშვიათია და ეს ცისანას პიროვნებამ შექმნა. ვისთანაც იყო, მართალი იყო თუ არ იყო, იყო უსაშველოდ ერთგული და ერთგულებაზე სწორი, ვფიქრობ, არაფერია. ვულოცავ მას 85 წელს. მინდა დიდხანს ჰყავდეს მის ოჯახს და რა თქმა უნდა, მის ქვეყანას.

მარინა მითაიშვილი, გაზეთ აჭარის მთავარი რედაქტორი:

– სახელიც რა კარგად შეურჩევიათ მის მშობლებს – ცისანა ანუ ცისა, მართლაც, ცისაა პოეზიითაც და ადამიანობითაც. Mმისი ლექსები ისეთივე ნამდვილია, როგორიც თავადაა – უშუალოც, ლაღიც, მართალიც, უშიშარიც, თავისუფალიც და რაც მთავარია, სიყვარულით სავსე. ნიჭი, სიყვარული და ერთგულებაა ცისანა ანთაძის მთავარი ღირსებები. მისი უღალატობა საარაკოა, გვერდით დგომის უნარი – სასწაული. საკუთარ თავზე გამომიცდია, როგორ ბოლომდე იცის მხარში ამოდგომა… საოცარი თხრობა შეუძლია პროზითაც და პოეზიითაც, ბოლომდე შეგიყვანს თავის სამყაროში და მასთან ერთად განებივრებს იმ სილამაზით, რაც სულში აქვს… და მაინც, მისი სულიერი სილამაზის ყველაზე დიდი გამოხატულება სხვისი ნიჭის არა მარტო დანახვის, არამედ მისით აღფრთოვანების უნარია, რაც ხელოვანისთვის საკმაოდ იშვიათი თვისებაა. არაერთხელ მომისმენია მისგან ჩემთვის მანმადე უცნობი ბათუმელი ავტორების სტრიქონები, რომლებსაც რედაქტირების დროს მიკითხავდა ხოლმე და აღტაცებული მეუბნებოდა, ნახე რა კარგიაო. ვფიქრობ, 85 წლის დამრგვალების მიუხედავად მისი ახალგაზრდული გარეგნობის და შემართების მიზეზეიც სწორედ ესაა – სხვისი ნიჭით, სიხარულით გახარების უნარი, სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ხალისს, სიცოცხლის სიყვარულს და ახალგაზრდობას. ჯანმრთელობას და მისი სალოცავის – სამშობლოს აყვავებას ვუსურვებ ჩემს ცისოს, დიდ პოეტს და ჩემს უახლოეს ადამიანს, რომელმაც გურიის პატარა სოფლიდან ჩამოტანილი დიდი ნიჭითა და სავსე გულით გაამდიდრა ჩვენი ქალაქი.

საღამოს დასასრულს პოეტმა მადლობა გადაუხადა ბათუმს, ბათუმელებს, მისი შემოქმედების გულშემატკივრებს და აღნიშნა, ავტობიოგრაფიულ წიგნს რომ წერდეს, აუცილებლად დაარქმევდა სიყვარულს, გრძნობას, რომლითაც 85 წელი იცოცხლა და რომელიც ერთი წუთითაც არ განელებულა მასში.

– უხერხულად ვარ, მრცხვენია, რომ ამ ასაკში იუბილეს ვიხდი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ. ალბათ, ჩემმა სიყვარულმა, ერთგულებამ მოიყვანა ისინი დღეს აქ. მადლობა თითოეულ ადამიანს თავისი ძვირფასი დროის დათმობისთვის, ამხელა სიყვარულისა და სითბოს ჩუქებისთვის. სიტყვები არ მყოფნის აღტაცებისა და მადლიერების გამოსახატავად. მადლობა ღმერთს პოეზიისთვის, რომელსაც დაუღალავად ვემსახურები. ყოველთვის, ზეცა მკარნახობს, რაც უნდა დავწერო, იცის მაღალმა ღმერთმა. ჩემი მთავარი სათქმელი ბათუმისა და ადამიანების სიყვარულია. ამ ქალაქის ყველა უბანი, ყველა ქუჩა მიყვარს და ვეფერები. ამიტომაცაა, რომ ჩემი ყველა წიგნი ბათუმზე მიძღვნილი ლექსით იწყება. ბათუმია ჩემი გრძნობების, პოეზიის თავშესაფარი. მიყვარხართ ყველა, მადლობა ყველას, – თქვა ცისანა ანთაძემ.

პოეტს, მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, აჭარის კულტურის სამინისტროსგან ფულადი ჯილდო გადაეცა.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *