
„ცოცხალი წიგნები“- აჭარის მთიანეთში
საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ რამდენიმე წლის წინ წამოიწყო და პირველად აჭარის მთიანეთს ეწვია, მას შემდეგ პროექტის მონაწილენი ამ კუთხის სტუმრები არიან. ამჯერად აქცია ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს. აქ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას პოეტები მარიამ კანკია, გიორგი გულუა, ნინა სამხარაძე, ბადრი სულაძე და პროექტის ხელმძღვანელი ირმა ბერიძე უძღვებოდნენ. მათ საინტერესო შეხვედრები გამართეს შუახევსა და ხულოშიც. შუახევში პოეტები საზოგადოების წინაშე სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის დარბაზში წარსდგნენ. ხულოში შეხვედრის ადგილი სხალთა, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი იყო.
შეხვედრებს ადგილობრივი პოეტები, თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაცია, ავტორებისა და მკითხველების დაახლოება, ლიტერატურული დიალოგის ხელშეწყობა და ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
წელს, პროექტი „ცოცხალი წიგნები“ მწერალთა სახლის ორგანიზებით, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით გაიმართა.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა
