ცხოველთა უფლებადამცველებმა საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვეს
By

ცხოველთა უფლებადამცველებმა საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. სხვადასხვა შინაარსის ბანერებით შეკრებილი მოქალაქეები, უპატრონო და მიკედლებული ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკის გატარებასა და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება უკავშირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწყებულ საპილოტე პროგრამას, რომელიც ქუჩის ცხოველების მართვას სტერილიზაციის, კასტრაციისა და ვაქცინაციის გზით ითვალისწინებს. მათი მთავარი მოთხოვნაა – „პირვანდელ არეალში დაბრუნების“ პრინციპი, რაც ცხოველის იმავე ტერიტორიაზე დაბრუნებას გულისხმობს. მათივე განცხადებით, აღნიშნული არა მხოლოდ მთავრობის განკარგულებაში, არამედ კანონშიც მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს და პრაქტიკაში სრულად ამოქმედდეს.

აქციის მონაწილე ანა ბერიძემ განაცხადა, რომ არსებული მიდგომა არასაკმარისად იცავს ცხოველების ინტერესებს:
„მხოლოდ სტერილიზაცია და ვაქცინაცია არ არის საკმარისი. აუცილებელია, კანონში იყოს გაწერილი, რომ ცხოველები არ უნდა გაჰყავდეთ სხვა ტერიტორიებზე ან თავშესაფრებში უსასრულოდ, ისინი უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ გარემოს, სადაც ადაპტირებულები არიან.“
აქტივისტ ლაშა ქავთარაძის თქმით, პრობლემა სისტემურია და სახელმწიფოსგან უფრო მკაფიო პოლიტიკას საჭიროებს: „დღეს ვხედავთ, რომ პროგრამები არსებობს, მაგრამ არ არის მკაფიო სამართლებრივი გარანტიები. თუ არ იქნება კანონის დონეზე გაწერილი ნორმები, პრაქტიკაშიც მუდმივად იქნება ხარვეზები.“
ვეტერინარ მარიამ ჩხარტიშვილის შეფასებით, ჰუმანური მართვა სწორედ საერთაშორისო სტანდარტების დაცვას გულისხმობს: „მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, ე.წ. დაიჭირე-სტერილიზაცია-დააბრუნე მეთოდი. ეს არამარტო ჰუმანურია, არამედ ეფექტიანიც – ამცირებს აგრესიას და არეგულირებს პოპულაციას ბუნებრივად.“
ანალოგიური მოთხოვნებით აქცია გაიმართა თბილისშიც, რაც ცხადყოფს, რომ საკითხი საზოგადოებაში ფართო განხილვის საგნად რჩება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მოლოდინი მაღალია.

  • No Comments
  • აპრილი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *