
ცხოვრების დიდ გზაზე გასვლა მიულოცეს
შუახევის კულტურის სასახლის ეზო რამდენიმე საათით შუახევის საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლების კურსდამთავრებულებს, მათ გულშემატკივრებს დაეთმოთ. წელს შუახევში სკოლას 105 ქალიშვილი და ჭაბუკი გამოემშვიდობა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების სპეციალისტებმა მარიკა დავითაძემ და ამირან ხიმშიაშვილმა კურსდამთავრებულებსა და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს. გონებამახვილობასა და საზრიანობაში მხოლოდ კურსდამთავრებულები გაეჯიბრნენ ერთმანეთს. გამარჯვებულებს „ბიბლუსის“ ქსელში წიგნების შესაძენი 100-ლარიანი ვაუჩერები გადასცეს.
ახალგაზრდებს ცხოვრების დიდ გზაზე გასვლა მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ.
საინტერესო და მიმზიდველი აქტივობებით დატვირთული დღე მუსიკალურად გააფორმეს ბენდებმა: „117“, „School of rock“-ი, „რავი“ და DJ „ქიმომ“.
ომარ ტაკიძემ და კურსდამთავრებულებმა საზეიმო ვითარებაში ტორტი გაჭრეს.
– კურსდამთავრებულებს სკოლასთან გამომშვიდობება მივულოცეთ და წარმატებები ვუსურვეთ. ახალგაზრდების როლი მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში დიდია. მათი კარიერული წინსვლისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ტარდება და მათი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა
