„წარმატება არის მიზანდასახულობა, გულწრფელობა და სიყვარული“
აჭარა, მისი მთა და ბარი ხობელმა პოეტმა სოფო ბუკიამ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ მეშვეობით გაიცნო. იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი მშობლიურ ქვეყანასთან ურთიერთობას წუთითაც არ წყვეტს. ლექსებს წერს ქართულ და იტალიურ ენებზე, კარგი მთარგმნელიცაა. მისი შემოქმედების აღიარების დასტურია ლიტერატურული პრემია „ივერია“, რომელიც დედისა და ქალთა დღესასწაულების წინ მიიღო. ამ აღიარებისა და თავისი საქმიანობის შესახებ სოფო ბუკია გვესაუბრება.
– ქალბატონო სოფო, ჩვენი გაზეთის მკითხველთა სახელით გილოცავთ პრემია „ივერიას“. გზა, რომელმაც ემიგრანტი პოეტი ამ წარმატებამდე მიგიყვანათ. . .
– დიდი მადლობა გაზეთ „აჭარას“, რომ არასოდეს გვივიწყებთ. წელს მოეწყო პრემია „ივერიის“ გალადაჯილდოება შარშანდელ გამარჯვებულებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუმრებმა 10 ქვეყნიდან. ჩემი აზრით, წარმატება არის მიზანდასახულობა, გულწრფელობა და სიყვარული – სიყვარული შენი ქვეყნის, სადაც იბადება სურვილი, შენი კულტურა სხვებთან მიიტანოს. წარმატება არის იქ, სადაც გული საუბრობს ჭეშმარიტებას.
– სად დაიბადა ლექსი, რომელმაც პრემია დაიმსახურა?
– ლექსი დაიბადა უცხოეთის ცის ქვეშ. ის მონატრებამ და ტკივილმა დამაწერინა. რაც შეეხება წიგნს, იგი დაიბეჭდა საქართველოში პრემია „ივერიის“ მიერ, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ლექსს ჰქვია „მონატრება“ და ეძღვნება ჩემს უთბილეს დედას. ეს არის სიყვარულის, ოცნების და დიდი ძალისხმევის ნაყოფი, რომელმაც გულებამდე მიაღწია.
– კარგი იქნება ამ ლექსს ჩვენი გაზეთის მკითხველიც გაეცნოს.
– დიდი სიამოვნებით:
მონატრება
იანვარია… ზამთრის სიცივე…
ქარში შიშველი ტოტები ქრიან…
სიშორისა და სიცივის მორევს,
რომ გადაცურავ, იქნება გვიან.
ქარმა ნისლებში შემიყოლია,
შორს გადამაგდო, გლანდავ ბუხართან…
ვხედავ თაფლისფერ მადლსა და ოლარს,
ისეთი სათნო ნეტავ თუ ხარ ღა.
გული ამ ღამეს ათევს ფიქრებში
და ყველა წუთი სიცივეს აფრქვევს…
ვერ გადმოვლახავ ამ მთებს, იმ მთებში,
რომ ჩავიკარგოთ და შორ გზებს ავყვეთ.
გრძნობა, რომელიც მე მამხელს ასე,
გასცდა ამ გულის და სულის საზღვრებს,
ირგვლივ ცარიელ დუმილებს ავსებ
და გამუდმებით წყალივით მამღვრევ.
იანვარია, ზამთრის სიცივე…
ქარები სულში დაქრიან თეთრად,
ზეცა უშენოდ ვეღარ ციმციმებს,
მთვარეც ჩამოქრა უშენოდ ერთ ხანს …
ზღვის ხმაურია, აშფოთებს ტალღებს,
გულზე ცუნამმაც გადამიარა,
გათოშილ ფსკერებს ღრუბელი არწევს,
სულში სიცივემ კვლავ დამიარა…
მე შენ მიყვარხარ! ძლიერ მიყვარხარ!
გრძნობას გარინდულს, ბინდ – ბუნდი აწევს,
მცივა, გაყინულს შენ ერთი მყავხარ…
და ავად მყოფიც, შენ გიწერ ამ ლექსს.
– პრემიის გადმოცემისას, საჯაროდ მადლობა გადაუხადეთ პოეტ ნინო მოდრეკილაძეს და კიდევ ერთ პიროვნებას. რა წვლილისთვის?
– ნინო მოდრეკილაძე ჩემი და, სულიერი თანამგზავრი, ერთგული მეგობარია. იგი არის ჩემი წიგნის რედაქტორი, რომელიც იტალიაში გამოიცემა. ამაზე დიდი სიხარული და მადლი ჩემთვის არ არსებობს. ნინო არის ადამიანი, რომელთან მეგობრობა პასუხისმგებლობაა და ბედნიერებაც. ეს ნათლად ჩანს მის ყოველდღიურობაში, სიტყვაში, დამოკიდებულებაში, შრომაში. მე ვამაყობ ჩვენი მეგობრობითა და ნდობით, რომელიც წლების განმავლობაში ერთობლივი შრომითა და გულწრფელობით მტკიცდება. იტალიურიდან ქართულად როცა ვთარგმნით, ნინო ჩვენ გვერდითაა, როგორც პროფესიონალი, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ეს გზა მხოლოდ ლიტერატურული თანამშრომლობა არაა, ეს არის სულიერი თანადგომა, საერთო ოცნების გაზიარება და რწმენა, რომ სიტყვას შეუძლია საზღვრების გადალახვა. წიგნს ჰყავს კიდევ ერთი რედაქტორი, ჩემი დიდი მეგობარი, იტალიელი პოეტი და ფილოსოფოსი ალესანდრო რუსსო. სწორედ მასთან ერთად ვთარგმნით და ვმუშაობთ ქართულ-იტალიური კულტურული და შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ ხიდის შენებაზე, რომელიც სიტყვით, აზრითა და ხელოვნებით აკავშირებს ორ ქვეყანას, ორ კულტურას. ეს თანამშრომლობა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული მიღწევა არაა, ესაა რწმენა, რომ მეგობრობა, შრომა და სიყვარული ქმნის იმ სინათლეს, რომელსაც საზღვარი და ენა არ აქვს.
– რთულია ემიგრაციაში ყოფნა... შემოქმედებითი საქმიანობის გარდა კიდევ რით ხართ დაკავებული?
– ემიგრაცია – ეს არაა უბრალოდ სიტყვები. ეს ზოგჯერ გაუსაძლისი ხვედრია. ხდები მოწმე ღალატის, შურის, ადამიანური სისუსტეების… შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, ვთარგმნი, ვეხმარები ადამიანებს საჭირო საბუთების მოპოვებაში. ზოგჯერ მიწევს მათი ცხოვრებით ცხოვრებაც, რადგან შეუძლებელია ვინმეს გასაჭირში მარტო დატოვება. ეს არაა არჩევანი, ესა არის საჭიროება.
– როგორ გაიხსენებთ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს „ზე–კართან“?
– ფესტივალი „ზე-კართან“ არის სიყვარული და ურთიერთობები. საოცარი, უნიჭიერესია ჩემი ძმობილი ვახტანგ ბერიძე, ჩემი და იაკო თავართქილაძე და ყველაზე დიდი სიყვარული – პატარა დემეტრე ბერიძე, რომლის ნათლიაც ვარ. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს უძვირფასეს ბათუმელებს, ბათუმის კოლორიტს, ბატონ ვახტანგ ღლონტს, ქალბატონ ბელა ქებურიას – ჩემი კოლხეთის სიამაყეს, ანა ქალთამზე სურმანიძეს, ნანა აბულაძეს, ბატონ თამაზ მახარაძეს, ქალბატონ ხათუნას, ქალბატონებს მზია შავაძეს, ნათელა ფევაძეს. არ არსებობს დღე, ბათუმი არ მახსოვდეს, მთიან აჭარაში მიღებული სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. ჩემი ოცნებაა, თქვენ და ეს ადამიანები ჩამოგიყვანოთ იტალიაში, როცა ჩემს საოცნებო სკოლას გავხსნი.
– შარშან მშობლიურ საქართველოს ეწვიეთ...
– ჩამოვედი, რადგან აღმზრდელი ბებია გარდამეცვალა… და კიდევ ჩემი წიგნის დაბადებასთან დაკავშირებით. ეს წიგნი მალე ევროპაში ყველა ფესტივალზე გამოჩდება და უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში დაიდებს ბინას. ჩემს გავლილ რთულ გზაზე მინდა იგი იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს დიდ პოეტებს, ფილოსოფოსებსა და ხელოვანებს ერთმანეთთან დააკავშირებს. წიგნის სახელია „ვარდად დავიბადო“. ავტორი ანუ მე ვირჩევ სიყვარულს, რომელიც უკვდავია. იმედი მაქვს, მკითხველს მოეწონება.
– როგორ აფასებენ იტალიელები იმ ლექსებს, რომელსაც მათ ენაზე წერთ და ქსელში აქვეყნებთ?
– სიტყვებით რთულია გამოხატო ის სიხარული, როცა ჩემი წიგნის წარდგენის შემდეგ, ორმა რედაქტორმა „ბრავო, სოფია“ მითხრა და მისი დაბეჭდვა იტალიაში შემიმთავაზა. ამაზე დიდი გამარჯვება, არ არსებობს. სახელმაც კი – „ვარდად დავიბადო“ – მათში დიდი ემოცია გამოიწვია. მოსწონთ ლექსები და მეუბნებიან, რომ იგი ემოციურია და მათზე დადებითად მოქმედებს.
– იდეაში ხომ არ გაქვთ, იტალიელების ჩართულობით შემოქმედებითი საღამო გამართოთ?
– ეს ჩემთვის აღარაა ოცნება, ეს არის გზა, რომელსაც წლებია გავდივარ. მათთან ერთად ყოფნა, წიგნის წარდგინება, ჩემთვის მხოლოდ პროფესიული გამოცდილება კი არა, სულიერი თანაზიარობა, შრომის, ნდობისა და საერთო მიზნის განცდაა. ვფიქრობ, საქართველოში ჩემი წიგნის წარდგინებაზეც მოვიწვიო ადამიანები, ვისი ლექსებიც ერთად ვთარგმნეთ და რომლებზეც დიდი სიყვარულით ვიმუშავეთ. მსურს, ქართულ მიწაზე ერთად წავიკითხოთ იმ ავტორების ლექსები, რომელთა ტექსტებზეც დღესაც ვმუშაობ. ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება. მჯერა, რომ ერთ დღეს ეს ნამუშევრებიც წიგნად იქცევა. ლექსის იტალიურად თარგმნა მხოლოდ სიტყვების გადატანა არ არის. ეს არის სიზუსტისა და სინატიფის გამოცდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქართულ პოეზიას ეხება, თავისი ღრმა მეტაფორებითა და მუსიკალურობით. თითოეული სტრიქონი ითხოვს დროს, ფიქრს, ზოგჯერ უძილო ღამეებსაც. ხშირად მიწევს ღამის თევა, რადგან ვიცი, რომ პოეზიას სიჩქარე არ უყვარს; მას სჭირდება სიჩუმე და ერთგულება, მაგრამ როდესაც ვფიქრობ, რომ ამ შრომას შეუძლია სხვისთვის წარმატების, აღიარების მოტანა, ახალი შესაძლებლობებისთვის კარის გაღება, სწორედ მაშინ ვგრძნობ თავს ყველაზე ბედნიერად. ამ განცდაში უკვე აღარ არის დაღლა, არის მადლიერება და რწმენა, რომ სიტყვას ძალა აქვს, შეცვალოს ბედი და გააერთიანოს ადამიანები.
– რამდენად იცნობთ იმ ქართველ პოეტებს, მთარგმნელებს, მხატვრებს, თუნდაც ფეხბურთელებს, რომლებიც იტალიაში ჩვენი ქვეყნის სახელსა და ავტორიტეტს იცავენ?
– ამ დალოცვილ ქვეყანაში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ აქ ცნობადობაზე მეტად პიროვნებას და ნიჭს აფასებენ. აქ სახელზე მეტად საქმეს სცემენ პატივს. სწორედ ამიტომაც არ გამჭირვებია მათთან კავშირების დამყარება, ეს ბუნებრივად, ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობაზე აღმოცენდა. რაც შეეხება ჩვენს ხვიჩა კავარაცხელიას, მართლაც, ნომერ პირველია თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მე ამაყი ვარ, რომ მისი ზრდა და ჩამოყალიბება ჩვენ თვალწინ მოხდა. მახსოვს მისი საოცარი ბებია, ოჯახური სითბო და ის პატარა ძაღლი ფათია, რომელიც დღემდე ცოცხალია. ხვიჩა დილის ექვს საათზე უკვე მინდორზე იყო, ბურთთან ერთად. ეს კადრები დღემდე თვალწინ მიდგას.
– ყველაზე მეტად ნოსტალგია როდის გეძალებათ?
– როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, სიჩუმე უფრო ხმამაღლა იწყებს ლაპარაკს. სწორედ მაშინ ვუსვამ საკუთარ თავს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს: რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ და ვისთვის. პასუხიც იქვე მოდის – გულიდან, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე – მე ამას სიყვარულით ვაკეთებ. მარტო დარჩენისას ვგრძნობ დაღლასაც და ძალასაც. იმავე სიჩუმეში იბადება რწმენა, რომ ეს გზა სწორია. სწორედ მაშინ მენატრება ჩემი ეზო, სახლი… და ისევ შემართებით ვაგრძელებ სვლას.
– როდის დადგება დრო, რომ თქვენი უნარი და შესაძლებლობა საქართველოს წინსვლას მოახმაროთ?
– ამაზე ყოველდღე ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზეც, რომ ეს საქმიანობა უკვე თავისთავად დიდი საქმეა ჩემი მხრიდან, არა ხმაურიანი, არა თვალსაჩინო, მაგრამ ღრმა და საჭირო. მჯერა, რომ ამ შრომით შევძლებ ჩემი წილი სიყვარული დავტოვო ჩემი ქვეყნისა და ხალხის ისტორიაში. სიყვარული, რომელიც სიტყვით გამოიხატება, თარგმანით, რომელიც კულტურებს აკავშირებს, მეგობრობით, რომელიც საზღვრებს არღვევს. მე არ ვცდილობ დიდების მოპოვებას. მინდა, ჩემი საქმე თავად საუბრობდეს ჩემზე. სწორედ ამ სიყვარულით დატოვებული კვალი არის ყველაზე მტკიცე და მარადიული.
ოთარ ცინარიძე
გალერეა
