წვევამდელები გამოკვლევაზე უარის თქმის შემთხვევაში, 1 000 ლარით დაჯარიმდებიან
მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები შევიდა „თავდაცვის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ – წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის, დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარით დაჯარიმდება. „თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში, გამწვევ კომისიაში არ გამოცხადდება ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად არ გამოცხადდება მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში, გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს. ამასთან, კოდექსის თანახმად, წვევამდელმა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები უნდა გაიაროს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პირი მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ცხადდება, თუმცა სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის, დამატებით გამოკვლევებს არ გადის. უწყების შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები და ამ მიმართულებით ადმინისტრაციული ჯარიმის ამოქმედება, წვევამდელის მიერ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდგომ, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების პრევენციას უზრუნველყოფს.