წიგნები მათთვის, ვისაც უკეთესი საქართველო სურს
By

წიგნები მათთვის, ვისაც უკეთესი საქართველო სურს

ახლახან ქართულ ლიტერატურათმცოდნეობას მნიშვნელოვანი ნაშრომები შეემატა, ესენია მონოგრაფიები: „ცის გახსნის მისტერიები“ და „მარტოობის სამ-ასი წელიწადი“. როგორც ამ წიგნების ავტორი, ცნობილი მწერალი და მკლევარი ქალბატონი ჟუჟუნა შაინიძე აღნიშნავს, აჭარაში განვითარებული მხატვრული აზროვნება განსაკუთრებული დისკურსიული მგრძნობელობით გამოირჩევა. ამაში უთუოდ დარწმუნდებით, თუ ამ ნაშრომებში წარმოდგენილ ლიტერატურულ ნარკვევებსა და ესსეებს გაეცნობით. თვით ის ფაქტი, რომ „ცის გახსნის მისტერიები“ საქართველოს მწერალთა სახლის – „მუზა 2025“-ის კონკურსის ფინალისტი იყო, ამ ნაშრომის გამორჩეულობას ადასტურებს. ვულოცავთ ამ აღიარებას ქალბატონ ჟუჟუნას და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
– ახლახან ლიტერატურულ კრიტიკას, როგორც ამ საქმეში ჩახედული პირები აცხადებენ, თქვენი წიგნების – „ცის გახსნის მისტერიები“ და „მარტოობის სამ-ასი წელიწადის“ სახით, მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომები შეემატა… გადაგვიშალეთ ის ფურცლები, ამ წიგნების გასაცნობად მკითხველს რომ გზას გაუკვალავს.
– მონოგრაფია „მარტოობის სამ-ასი წელიწადი“ ისტორიული რაკურსით წარმოგვიდგენს აჭარაში მხატვრული აზროვნების განვითარების სხვადასხვა ასპექტს. ძირითადად საუბარია იმაზე, თუ რა ხვავი შემატა მრავალსაუკუნოვან ქართულ ლიტერატურას აჭარაში განვითარებულმა მხატვრულმა აზროვნებამ, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა შენაკადმა. ეს არის ერთგვარი პანორამა, სადაც მკითხველი გაეცნობა, თუ რა გზა განვლო ამ რეგიონში  ქართულმა მწიგნობრობამ, ქართულმა სიტყვამ, მხატვრულმა ლიტერატურამ მე-13 საუკუნიდან თანამედროვე ეტაპამდე, რა საწყისები ასაზრდოებდა და კვებავს მას უძველესი პერიოდიდან დღემდე, რა ფოლკლორული, ლიტერატურული თუ გარელიტერატურული ფაქტორები ახდენდა და ახდენს მასზე ზეგავლენას, როგორ აირეკლა მხატვრულმა ტილომ ისტორიული ზიგზაგები. წიგნში „ცის გახსნის მისტერიები“ თავმოყრილია ლიტმცოდნეობითი ხასიათის ნარკვევები, ლიტერატურული წერილები, რეცენზიები, რომლებშიც საუბარია თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის აქტუალურ თემებზე.
– თქვენი წიგნების სათაურებიც იპყრობს ყურადღებას…
– სათაურების შერჩევაში ყოველთვის მეხმარება ის გამოცდილება, რაც რაიონული გაზეთის  რედაქციაში მუშაობის წლებმა მომცა. მე ხომ ცნობილი მწერლის, პუბლიცისტისა და შესანიშნავი რედაქტორის, ქალბატონი გენრიეტა ქუთათელაძის სკოლა მაქვს გავლილი.  „მარტოობის სამ-ასი წელიწადი“, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადის“ ასოციაციურ სურათს ქმნის და არცთუ უსაფუძვლოდ. ფილოსოფოსი, მწერალი და პუბლიცისტი მიხეილ მახარაძე ესსეში „ჩემი აურელიანო ბუენდია“ პარალელს ავლებს დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკის აურელიანო ბუენდიასა და თავის მოკვეთის მოლოდინში მყოფ სელიმ ხიმშიაშვილის განცდებს შორის და აღნიშნავს, რომ ამ განცდის კვალი გაუცნობიერებლად მასშიც, როგორც ერთ-ერთ ქართველში, დღესაც გაუნელებელი  ტანჯვის მიზეზია. და განა მარტო ეს. რეალურად მარტოობის ასი კი არა, სამ-ასი წელიწადი (ალბათ, მეტიც, თუ დიდთურქობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ) იწვნია აჭარის მკვიდრმა მოსახლეობამ და თავის მოკვეთის, დახვრეტის, მუხის ტოტებზე გარდიგარდმო გაკვრის, პირში ადუღებული ლითონის ჩასხმის, ენის ამოგლეჯის თუ სხვა სახის წამებათა მოლოდინში კედელთან მუდმივად მდგომი, ქართული შეუპოვრობითა და მოჯანყეობით, სიდინჯითა და მოთმინებით, სიბრძნითა და გონიერებით, „ხორუმისა“ თუ  „მაჭახელას“ მქუხარებით,  აკვნესებული ჭიბონით, ლექსით თუ შაირით იბრძოდა, მომძლავრებულ მტერს იგერიებდა, გუთანს მართავდა, კალოს ლეწავდა, მთებში გახიზნულ-გადამალულ ვაზს თუ „დედაბრულ ანბანში“ შეფუთულ დედაენას ელოლიავებოდა, აკვანსაც არწევდა და ცხენზე ამხედრებულიც მისდევდა მომხვდურს, რომ როგორმე კერა არ გაეციებინა და შთამომავლობისთვის ფეხქვეშ მიწა არ გამოეცალა. სათაური „ცის გახსნის მისტერიებიც“ ქართული თვისებრიობიდან, ქართველი კაცის მენტალობიდან, მისი უძველესი რწმენა-წარმოდგენებიდან  იღებს სათავეს. ქართველი ხომ მუდმივად ცის გახსნის მოლოდინში ცხოვრობდა და ცხოვრობს, თრთოლვით ელოდება, რომ ცის გახსნის იდუმალ წამში იქიდან გამოსხივებული უფლის ნათელი იხილოს და სანუკვარი ნატვრა ჩაუთქვას. ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ ქართველმა მევენახემ „ცის გახსნა“ უწოდა „მწვანე პროცესს“, როცა აგვისტოში ვენახს სხლავდა, „ცას უხსნიდა“ მტევნებს, რომ მათ წვენში მზის სხივი ჩაღვრილიყო და ყურძენი დაებადაგებინა. ამ ტერმინს სხვა ქვეყნების მევენახეობის პრაქტიკაში ვერ შეხვდებით. ჩემი აზრით, ცის გახსნის მოლოდინმა და ამ ლამაზმა რწმენამაც გადაარჩინა ქართველი ერი და დღემდე მოიყვანა.

– ის ფაქტი, რომ „ცის გახსნის მისტერიები“  საქართველოს მწერალთა სახლის ლიტერატურულ კონკურს „მუზის“ ფინალისტი იყო,  უკვე გამარჯვება, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის აღიარებაა. ამ წიგნს რომ ქმნიდით, რა იყო ის არსებითი მაგისტრალური ხაზი, რომლის მიხედვით საკვლევი თემები და ავტორები გააერთიანეთ…
– დიახ. ამ დიდ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო. წიგნს როცა ვქმნიდი,  ჩემი უამრავი ლიტერატურული შრომებიდან ის ნარკვევები და წერილები შევარჩიე, რომლებიც ნათლად გამოხატავდნენ მიმართებებს ტექსტებსა და ეპოქებს შორის, კლასიკურ ლიტერატურასა და თანამედროვეობას შორის.  ზოგიერთ წერილში, მაგალითად, „მტერობა და კაიყმობა“, პარალელურად განვიხილავ ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაურსა“ და  გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ლეკთა ბელადს“, რომელშიც ახალგაზრდა ხევსურის  – ჯურხას სახით ახალი ალუდა გვევლინება. ეს არის ლიტერატურული ტექსტების, ეპოქების, მარადიული თემების მუდმივი დიალოგი.
– თქვენი სამეცნიერო კვლევის ინტერესთა სფერო ფართოა და მრავალფეროვანი. რა ისეთ ასპექტებზე ამახვილებთ ყურადღებას, რაც აქამდე შეუმჩნეველი იყო?
– ამის შესახებ უკვე აღნიშნა ბსუ-ის პროფესორმა, ქალბატონმა შორენა მახაჭაძემ თავის რეცენზიაში, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შესთავაზა მკითხველს. ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნება, მისი სიტყვები მოვიყვანო: „მისასალმებელია ისიც, რომ ქალბატონ ჟუჟუნა შაინიძის სამეცნიერო კვლევის ინტერესთა სფერო ფართოცაა და მრავალფეროვანიც: არც მხოლოდ კლასიკოსებით შემოიფარგლება და არც თანამედროვე შემოქმედები რჩება ყურადღების მიღმა. განსაკუთრებით მომეწონა ოთარ ჭილაძის რომანის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ – რთული ფსიქოლოგიური მხატვრული სახის – მედეას მისეული ანალიზი. ამ რომანზე გამოწვლილვით მაქვს ნამუშევარი და მინდა გითხრათ, რომ მკვლევარმა საინტერესო მითოლოგიური ძირები და ლიტერატურული პარალელები მოუძებნა ამ პერსონაჟს (ამირანის მითი, „ვეფხისტყაოსანი“). რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაცაში დაეთანხმო ან – პირიქით, არ დაეთანხმო მეცნიერს, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, ქალბატონი ჟუჟუნა შაინიძე წერს საქმის ცოდნით, გააჩნია საკუთარი აღქმისა და ხედვის კუთხე და ცდილობს, მკითხველის ყურადღება გაამახვილოს პოეტის//მწერლის შემოქმედების ისეთ ასპექტებზე, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი იყო. ეს ნამდვილად მისასალმებელია, ამიტომაც, ჩემი აზრით, ქალბატონი ჟუჟუნას წერილები დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს, კიდევ უფრო უკეთ და ღრმად გაიგოს ანზორ კუდბას ფილოსოფიური პროზა, გენრიეტა ქუთათელაძის ინტელექტუალური პოეზია, შორენა დოლიძის აღაზასეული განცდები, გია ტუღუშის რომანის გროტესკული რეალიზმი, მზია სალვარიძის ,,მაჭახელას ფუტკაროს“ ჩვენებურებში ესოდენი პოპულარობის მიზეზი და ბევრი, ბევრი სხვა რამ“.
–  თქვენი დაკვირვებით, აჭარაში განვითარებული მხატვრული აზროვნება რა განსაკუთრებული დისკურსული მგრძნობელობით გამოირჩევა?  
– აჭარაში განვითარებულმა მხატვრულმა აზროვნებამ „დისკურსული შეზღუდვის“ რამდენიმე უმკაცრესი ეტაპი გაიარა. რა თქმა უნდა, აქ მოღვაწე მწერლებმა გარკვეული ხარკიც გადაიხადეს, მსხვერპლიც გაიღეს თითოეული ეპოქის დისკურსის წინაშე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ შეინარჩუნეს სულიერი სიმტკიცე,  შეძლეს ქართული ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი შემოქმედებითი ნიმუშების შექმნა. აჭარაში  მოღვაწე მწერალთა შემოქმედებაში გამოვლენილია ჰუმანისტური მსოფლმხედველობის მახასიათებლები, რენესანსული იდეალები, რომლებიც მიმართულია ისტორიული ბედუკუღმართობის (დიდი მუჰაჯირობა, ორად გაყოფილი სოფლები, ქართულ რეალობას მოწყვეტილი თაობები და სხვ.) შედეგად გამოწვეული  ტრავმული და პოსტტრავმული გამოცდილების დაძლევისაკენ, მსოფლმხედველობითი მთლიანობის, ცხოვრებისეული ჰარმონიის აღდგენისაკენ. ასევე, შეინიშნება მისტიკური აზროვნების, მითოპოეტური ცნობიერების ელემენტები, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია პოეზიისთვის. აქ განვითარებულმა „დისკურსულმა მგრძნობელობამ“ გამოიწვია შესამჩნევი თავისებურებები რომანის ჟანრის განვითარებაშიც, რაზედაც ვრცლად არის საუბარი „მარტოობის სამ-ას წელიწადში“. ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას ქმნის პრეცედენტულ სახელთა და მოვლენათა მრავალფეროვნება როგორც ბიბლიური კონტექსტიდან, ისე ქართული ისტორიული რეალობიდან, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ და სხვა საკითხების გაცნობა-გათავისების საუკეთესო გზაა თვით ამ წიგნის წაკითხვა.
– ძირითადად, ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი წიგნები?
– „მარტოობის სამ-ასი წელიწადის“ ანოტაციაში აღვნიშნავ, რომ წიგნი განკუთვნილია ყველასათვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცდილობს შექმნას იმაზე უკეთესი ეპოქა, ვიდრე იყო და არის. კონკრეტულად კი ორივე წიგნი  გარკვეულ სამსახურს გაუწევს ფილოლოგებს, ქართული ლიტერატურის მასწავლებლებს, სტუდენტებს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებსაც, რადგან ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, მარტივად, სადა, გასაგები ენით მივაწოდო სათქმელი.
– ქართული კრიტიკა ვალშია აჭარაში მოღვაწე მწერლებთან – ითქვა ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე. თქვენი აზრი ამის თაობაზე?
– უნდა ითქვას, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, დუმილი და იგნორირება კლავს და ანელებს შემოქმედებით პროცესებს. კრიტიკოსი გურამ გვერდწითელი  ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში წერდა, რომ „საბჭოთა წლებში გაბატონებული ცენტრისტული ტენდენციის გამო, ნაკლები ყურადღება ეთმობოდა პერიფერიებში მოღვაწე მწერლებს, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა საერთო განვითარების მანიშნებელი პუბლიკაციები“ (იხ. „გაორებული გრძნობა“ „ლიტერატურული საქართველო’, 24, ii, 1978 წ.). თანამედროვე ეტაპზე, ვითარება გარკვეულწილად დადებითი კუთხით შეიცვალა, მაგრამ არასაკმარისად. ჯერ კიდევ დასამსხვრევია არსებული სტერეოტიპები, რომ პერიფერიებში ნაკლებად ვითარდება ლიტერატურული პროცესი. ასეთი ზერელე დასკვნები,  ყოველგვარი საფუძვლიანი შესწავლის გარეშე,  განსაკუთრებით ხშირია სოციალურ ქსელში.    ამ ხარვეზის გამოსასწორებლად, მაგალითად მოვიყვან ერთ-ერთი თანამედროვე ფრანგი მწერლის რჩევას, რომელსაც 2000-იან წლებში შევხვდით ბათუმში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვით მწერლებმა ხშირად უნდა წერონ ერთმანეთის შემოქმედებაზე, ახალ წიგნებზე, ახალბედა ავტორებზე, მნიშვნელოვან მხატვრულ ტექსტებზე. რაც შეეხება კრიტიკოსთა დამოკიდებულებას, ამ საქმეს აჭარაში ღირსეულად უძღვება პროფესორი ქალბატონი შორენა მახაჭაძე. ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ მას ახლახან მიღებულ ჯილდოს, რომელიც გადასცეს აჭარაში მოღვაწე მწერალთა შემოქმედების წარმოჩენისათვის. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ცნობილი პოეტისა და ლიტერატურათმცოდნის, ქალბატონ ნინო დარბაისელის დაინტერესება აჭარაში მოღვაწე მწერლების შემოქმედებით. სასურველია ეს პროცესი გაღრმავდეს და პირუთვნელად ითქვას, დაიწეროს როგორც მიღწევების, ისე ნაკლის შესახებ, რადგან მიმდინარე ლიტერატურული პროცესი არ არსებობს მინარევების გარეშე.
– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ფორმითა და შინაარსით თანამედროვე კრიტიკა?
– კრიტიკა ყოველთვის უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. ის კი არ უნდა ჩამორჩებოდეს, არამედ გარკვეულწილად, წინ უნდა უსწრებდეს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს. ხშირად მოისმენთ ასეთ აზრს, რომ კრიტიკოსი, ლიტერატურისმცოდნე, მხოლოდ და მხოლოდ მაღალმხატვრულ ტექსტებს უნდა ეცნობოდეს და განიხილავდეს. არადა, ლიტერატორი ვალდებულია, წაიკითხოს და გააანალიზოს თვით მასობრივი ლიტერატურაც კი, რომელიც მის გემოვნებას არ შეესაბამება, რადგან კარგად გამოკვეთოს დროის, ეპოქის ტენდენციები, რომ მის ფონზე უფრო სახიერად წარმოჩნდეს მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფაქტები და მოვლენები.
– აჭარაში მოღვაწე მწერლებიდან ვინ არიან თქვენი წიგნების რჩეული პერსონაჟები და რას ეტყვით მათ შესახებ მკითხველს?
– ეს მასშტაბური თემაა და გამიჭირდება ერთ ინტერვიუში ჩავატიო სათქმელი. „მარტოობის სამ-ასი წელიწადი“ მოიცავს თითქმის მთლიან ლიტერატურულ პროცესს და მასში თემატურ რკალთა მიხედვით, თითქმის ყველა ავტორია წარმოდგენილი, ვინც აქ მოღვაწეობდა და მოღვაწეობს. დისკურსს ქმნის არა ერთი და ორი გამორჩეული ავტორი, არამედ ყველა,  თავთავიანთი მეტ-ნაკლები აქტივობებით.
– მწერალი და მკითხველი – ახალ რეალობაში მათი ურთიერთობის რა ფორმები იჩენს თავს და სამომავლოდ რას მიიჩნევთ საჭიროდ, რომ მკითხველმა და წიგნის მოყვარულმა ადამიანებმა ლიტერატურა სულის პურად გაითავისონ?
– თანამედროვე მკითხველი მწერლის თანაავტორად მოიაზრება.  აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევენ მწერლის მიერ მკითხველი აუდიტორიის წინასწარ განსაზღვრას. თუ შენ გსურს მასობრივი მკითხველი გყავდეს, უნდა წერო მათთვის მისაღებ ჟანრსა და სტილში. ცნობილია, რომ უმბერტო ეკომ თავისი საუკეთესო რომანი-კონცეფცია „ვარდის სახელი“, დეტექტივის ჟანრულ კონტექსტში წარმოგვიდგინა, რომ მისი აზრები ყველასათვის მისაწვდომი გაეხადა.
– ასპარეზზეა ტექნოლოგიური წიგნიერება. ამ გლობალურ გამოწვევას როგორ უმკლავდებიან ჩვენი მწერლები და რას ურჩევდით მათ?
– ახალმა ტექნოლოგიებმა, სხვა გლობალურ პრობლემებთან ერთად, მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. გამოსავალი ერთია, ან უნდა მივიღოთ არსებული რეალობა და ვმართოთ, ან საერთოდ გავჩუმდეთ.
– თქვენი მომავალი  წიგნები რა ჟანრის იქნება, სამეცნიერო თუ მხატვრული?
– ამ ეტაპზე, როცა ზედიზედ ორი საკმაოდ მოცულობითი ნაშრომი (600 გვერდამდე)  მივაწოდე მკითხველს, რამაც თითქმის მთლიანად შეისრუტა ჩემი შემოქმედებითი ენერგია, გამიჭირდება მოვხაზო მომავლის კონტურები. ჯერ რაღაცით უნდა შევივსო და ეს რაღაცა, პირველ რიგში, იქნება მკითხველთა, სპეციალისტთა  რეაქციები, მათი შეფასებები, დადებითიც და უარყოფითიც, ორივეს მისაღებად მზაობას გამოვთქვამ და წინასწარ მოვახსენებ მადლობას. ასევე, მადლობას მოვახსენებ გაზეთ „აჭარის’ რედაქციას და ყველას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • დეკემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *