
„წიგნის ფესტივალი ყოველ წელს უნდა იმართებოდეს ამ არაჩვეულებრივ ქალაქში, სადაც კითხვა ასე ძალიან უყვართ“
ბათუმის ბულვარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წიგნის ფესტივალი, რომელზეც წარმოდგენილი იყო 5-ზე მეტ ენაზე ნათარგმნი მხატვრული, ფილოსოფიური და სხვა ჟანრის გამოცემები. ღონისძიებაზე საკუთარი წიგნების პრეზენტაციები გამართეს როგორც ადგილობრივმა, ისე მოწვეულმა მწერლებმა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მათთვის საყვარელ ავტორებს და უშუალოდ მათგან მიეღოთ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი. ფესტივალის ორგანიზატორები წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, მწერალთა სახლი და კულტურის სამინისტრო არიან.
– უამრავი ადამიანი მოვიდა წიგნების გამოფენაზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვეტყვი მათ. საზოგადოებას აშკარად სჭირდებოდა ასეთი კულტურული ღონისძიება და იმედი მაქვს, იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს. ვთვლი, რომ აჭარას და ბათუმს ნამდვილად უხდება წიგნები, აჭარელ ხალხს უყვარს წიგნის კითხვა, შესაბამისად, ჩვენი ღონისძიება ძალიან კარგი და გამოსადეგი იყო საზოგადოებისათვის, – აღნიშნა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე საბა მოსიაშვილმა.
– ბათუმს, ამ არაჩეულებრივ ქალაქს, ძალიან კარგი მწერლები ჰყავს, ზურაბ გორგილაძე რად ღირს… როი აბუსელიძე, სულხან წულუკიძე, ბელა ქებურია რომ გყავს ქალაქს, ეს არის დიდი კულტურული საგანძური. ვფიქრობ, წიგნის ფესტივალი ყოველ წელს უნდა იმართებოდეს ამ არაჩვეულებრივ ქალაქში, – გვითხრა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა ლია მეტრეველმა.
– გამომცემლობა „შემეცნება“ პირველად იღებს მონაწილეობას ღონისძიებაში, ფესტივალიც ასეთი მასშტაბური სახით პირველად ჩატარდა ბათუმში. ჩვენს გამომცემლობას წარმოდგენილი ჰქონდა ფართო ასორტიმენტი, ძირითადად, საბავშვო, საყმაწვილო, ასევე შემეცნებითი, მხატვრული ლიტერატურა. უკვე 20 წელია ვარსებობთ და ამდენივე წელია ვქმნით საინტერესო ლიტერატურას ბავშვებისთვის. გვაქვს ძალიან სახალისო სამაგიდო თამაშები, სიუჟეტური ბარათები, სერიული წიგნები და სხვა, რომლებიც, ძირითადად, განკუთვნილია სასკოლო და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. ყველა წიგნი არის ქართველი ავტორების მიერ დაწერილი, ქართველი მხატვრების ილუსტრირებული. ეს ნიშნავს, გამომცემლობის ძირითადი ამოცანაა ქართული, ეროვნული ლიტერატურის პოპულარიზაცია უცხოეთში. მსოფლიოს 10 ქვეყანაში გვაქვს გამოცემული წიგნები და თარგმნილი 8 უცხო ენაზე. აქვე გავიხსენებ იაკობ გოგებაშვილის „იავნანანამ რა ჰქმნა“ თურქული თარგმანის პრეზენტაციასაც სტამბოლში, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში, ჩვენებურის, ბატონ ორჰან ბერიძის თაოსნობითა და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლების, ბათუმელი ქალბატონის მერი დიასამიძის, ასევე, ქალბატონ სოფო ბოლქვაძის თაოსნობით ჩატარდა. საღამო ძალიან თბილ ვითარებაში, „იავნანას“ ფონზე გაიმართა, იქაურ ქართველებს თვალები ცრემლებით ჰქონდათ სავსე… წიგნები გვაახლოებს, უფრო მეტ სიკეთეს აღმოგვაჩენინებს ერთმანეთში. ამიტომ, საჭიროა, უფრო ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, წიგნის ფესტივალი ბათუმში ამის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა -გვითხრა საბავშვო წიგნებისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორმა, გამომცემლობა „შემეცნების“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ლია შავლაშვილმა.
ნანა აბულაძე
გალერეა
