წიწაკის სპრეის რეგულაცია მკაცრდება – რა იცვლება არასრულწლოვნებისთვის?
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რა ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრება 18 წლამდე პირს წიწაკის სპრეის შეძენა-ტარებისთვის. მისი თქმით, თუ წიწაკის სპრეი აღმოაჩნდება 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, მასზე გავრცელდება ადმინისტრაციული წესით გათვალისწინებული სანქცია, რადგან ამ ასაკიდან იწყება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
„თუ 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვი ფლობს ან ატარებს წიწაკის სპრეის უნებართვოდ, იმოქმედებს ის რეგულაცია და სანქცია, რომელიც ამ მოწყობილობაზეა განსაზღვრული,“ – განაცხადა დარახველიძემ.
რაც შეეხება 16 წლამდე არასრულწლოვნებს, მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება არა არასრულწლოვანს, არამედ იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელმაც მას ეს საშუალება მიჰყიდა: „16 წელს ქვემოთ პირისთვის წიწაკის სპრეის შეძენა აკრძალულია. შესაბამისად, თუ ეს ნივთი აღმოჩნდება ბავშვის ხელში, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს, ვინ გაყიდა მოწყობილობა და სანქცია დაეკისრება გამყიდველს – იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირი.“
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შესაძლებელია განიხილონ მშობლის პასუხისმგებლობის დამატებაც, თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში ეს ჩანაწერი არ შედის.
ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა, რომელიც აკუსტიკური, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებას ეხება. ცვლილებებით, გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება, ხოლო მისი შეძენა მხოლოდ 18 წლიდან იქნება შესაძლებელი შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.