წყლის სექტორის საერთაშორისო კონფერენციაზე აქცენტები ინვესტიციებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე გაკეთდა
By

წყლის სექტორის საერთაშორისო კონფერენციაზე აქცენტები ინვესტიციებსა და საერთაშორისო პარტნიორობაზე გაკეთდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და მათი აქტიური მონაწილეობაა წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
უწყების ინფორმაციით, კონფერენციამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და კერძო სექტორის კომპანიები. მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე, სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და ADB-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმი გახსნეს. მინისტრის განცხადებით, წყლის სექტორი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რის ფარგლებშიც სახელმწიფო მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.
მისივე თქმით, სამინისტროს მართვაში არსებული საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით უკვე 49 მუნიციპალიტეტში დაახლოებით 420 000 აბონენტს ემსახურება და მომსახურების არეალი ეტაპობრივად ფართოვდება. ბოლო წლებში სექტორში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე დაწყებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის, 400 მილიონი ევროს ღირებულების ახალი ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგებისთვის უწყება აქტიურად მუშაობს საერთაშორისო კომპანიების ჩართულობის გაზრდაზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე, გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნაზე. რეფორმების ფარგლებში იცვლება პროექტების განხორციელების მიდგომაც. აქცენტი კეთდება ხარისხიან პროექტირებაზე, რის შემდეგაც გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი სტანდარტების დანერგვაზე, კომპანიის ეფექტიანობის ზრდასა და სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებაზე.
რევაზ სოხაძის შეფასებით, საქართველო ქმნის ღია და კონკურენტულ საინვესტიციო გარემოს, სადაც სატენდერო პროცედურები საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ყველა მონაწილეს თანაბარ პირობებს სთავაზობს. მან ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნის მრავალწლიანი თანამშრომლობა საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, ADB-სთან, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მაღალი სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ კონფერენციის მთავარი მიზანი საერთაშორისო კომპანიების დაინტერესება, მათი ნდობის გაძლიერება და საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

  • No Comments
  • მარტი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *