ჭიდაობიდან ფიტნესამდე – სპორტი, როგორც პროფესია და ცხოვრების წესი
By

ჭიდაობიდან ფიტნესამდე – სპორტი, როგორც პროფესია და ცხოვრების წესი

მისი ცხოვრება სპორტით დაიწყო და დღემდე იმავე რიტმით გრძელდება – დისციპლინით, შრომით და მუდმივი განვითარებით. ოთხი წლიდან ჭიდაობაში ჩართული, ტრავმების გამო, იძულებული გახდა აქტიურ სპორტს დამშვიდობებოდა, თუმცა ახალი გზა ფიტნესში იპოვა.
შაკო შოშიაშვილი ბათუმის ერთ-ერთი ფიტნესდარბაზის ტრენერია, იგი მკაცრ მიდგომას მეგობრული დამოკიდებულებით აბალანსებს და თითოეული მოსწავლის შედეგზე პირად პასუხისმგებლობას იღებს. პარალელურად, საკუთარ თავს სხვა სფეროებშიც ცდის, მონაწილეობს სერიალებში და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. მისი ისტორია მოწმობს, რომ დაბრკოლება ხშირად ახალი დასაწყისის წინაპირობაა.
– შაკო, როგორ დაიწყო თქვენი გზა ფიტნესის სფეროში და რა გახდა მთავარი მოტივაცია, რომ ეს პროფესია აგერჩიათ?

– მოჭიდავე ვიყავი. მთელი ბავშვობა რომ ვარჯიშობ და შენი სხეულის განვითარების (და არამხოლოდ) მოტივაცია გაქვს, სპორტი ძალიან გეხმარება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ბევრი ტრავმა მივიღე, რის გამოც, აქტიური სპორტიდან წამოვედი. ალტერნატივა იყო ის, რომ მომეძებნა ისეთი სპორტი, სადაც ტრავმები ხელს არ შემიშლიდა. ეს იყო ფიტნესი. დავიწყე ვარჯიში და ორ წელიწადში იმდენად დიდი გამოცდილება მივიღე, საშუალება მომეცა, ეს ცოდნა სხვისთვისაც გამეზიარებინა. რა თქმა უნდა, ავიღე შესაბამისი სერტიფიკატები და ფიტნესტრენერობა ვცადე. ავიყვანე პირველი მოსწავლე. . . ვფიქრობ, ყველაფერს კარგად გავართვი თავი. დღეს, როგორც ფიტნესტრენერი, ჩემი მიდგომებით ბევრ ადამიანს ვეხმარები, ვუზიარებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას.

რა პრინციპებს ეყრდნობით ვარჯიშის პროცესში, მოსწავლეებმა მაქსიმალური შედეგი რომ მიიღონ?
– ისევე, როგორც ცხოვრებაში, დარბაზშიც, ყველა ადამიანთან ძალიან კარგი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ჩემი მოსწავლეებისთვის ვარ ძალიან ახლობელი ადამიანი, დარბაზს იქით გვაქვს ხშირი კონტაქტი, მიმოწერა, დარეკვა, შეხვედრა და ასე შემდეგ, მაგრამ როცა დარბაზში მოდიან, ის ერთი საათი ვარ ძალიან მკაცრი. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ სპორტში, სამსახურშიც უფროსი უნდა იყოს მკაცრი, რადგან, თუ ადამიანს თავის ნებაზე მიუშვებ და ეტყვი – გააკეთე რაც გინდა, ან თუ არ გინდა, ნუ გააკეთებ, ყველაფერი იკარგება ამ დროს. იკარგება დისციპლინა, მოტივაცია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სიმკაცრე ყველა სფეროში მნიშვნელოვანია და ჩემს მოსწავლეებს ეს ძალიან ადგებათ.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დამწყები სპორტსმენები უშვებენ?
– ვარჯიშის დაწყება ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, პირველი კარის გაღებაა ახალ ცხოვრებაში. დამწყები სპორტსმენები სწრაფი შედეგის მისაღებად ძალიან ხშირად იღებენ სტეროიდებს და გაურკვეველ საკვებ დანამატებს, რომლებიც ძალიან მარტივად იძლევა შედეგს, თუმცა ფსიქოლოგიას და ორგანიზმს ანადგურებს. მეორე ყველაზე დიდი შეცდომაა თავის წარმოჩენის მიზნით, ეგრევე მძიმე წონების აზიდვა, რაც არ შეიძლება. ხშირად ისეთ ვარჯიშებს აკეთებენ, რომლებიც სადღაც დაუნახავთ, ვიღაცას გაუკეთებია და სინამდვილეში არც იციან, რის გამო აკეთებენ ამ ვარჯიშს, რა შედეგი მოაქვს, რას ვნებს და ასე შემდეგ. ეს შეცდომები ძალიან ხშირია დამწყებ სპორტსმენებში და არამხოლოდ ფიტნესში, ჭიდაობაშიც, კრივშიც. . . ყველა სფეროში ეს არის პირველი პრობლემა.
როგორ ახერხებთ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალური პროგრამის შექმნას?
– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. პირველ რიგში, თითოეულ მათგანს უნდა მოუსმინო, გაიგო, აქვს თუ არა რაიმე სახის პრობლემა, მიდრეკილება. უნდა გამოჰკითხო, როგორ ცხოვრობდა ვარჯიშის დაწყებამდე, როგორი აქტივობა აქვს დღის განმავლობაში, სად მუშაობს, როგორი ძილის რეჟიმი აქვს, როგორ იკვებება. მნიშვნელოვანია, ასევე, წონა, ასაკი, სიმაღლე, როგორი შედეგის მიღება სურს. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იცოდე მოსწავლის შესახებ და მხოლოდ აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეძლებ, შეუდგინო კვება და ვარჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ ფიტნესტრენერი არ არის ვალდებული, ადამიანს კვება შეუდგინოს, რადგან ეს დიეტოლოგის საქმეა, მე ამის სერტიფიკატიც მაქვს, შემიძლია ყველა ადამიანს დავეხმარო როგორც კვების საკითხში, ასევე, ვარჯიშის კუთხით.

რა თვისებებია აუცილებელი ამ პროფესიაში?
– ფიტნესტრენერი აუცილებლად უნდა იყოს მიზანდასახული და პასუხისმგებლობიანი. ადამიანები შენთან კონკრეტული შედეგის მისაღებად მოდიან, ამიტომ უნდა აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ ამას გააკეთებ. მოსწავლემ თანხა გადაგიხადოს და შენ, უბრალოდ, ავარჯიშო, ასე არ არის. პასუხისმგებელი უნდა იყო იმაზე, რომ მას იმ შედეგს მიაღწევინებ, რაც სურს.
– თქვენი ყოველდღიური რუტინა როგორ გამოიყურება?
მძინავს 6-7 საათი, რაც, ვფიქრობ, ჩემთვის საკმარისია. იმის გათვალისწინებით, რომ მაქვს რამდენიმე სამსახური (პარალელურად პირადი დაცვა ვარ), პირველი სამსახური დილით ადრე იწყება. ვისთანაც ვმუშაობ, მისი წაყვანა მიწევს. შემდეგ მოსწავლეები მყავს და შუადღეზე მათ ვავარჯიშებ, საღამოს კი ჩემი ვარჯიშის დროც მოდის. პლუს ამას, დღეში 5-ჯერ ვიკვებები.
– როგორ ახერხებთ დროის ეფექტურად განაწილებას?
– ვერ ვახერხებ (იცინის).
– როდის დაიწყეთ ლექსების წერა და რამ შთაგაგონათ?
– ლექსების წერა 15 წლის ასაკში დავიწყე, როცა თურქეთში სამუშაოდ წავედი. ახლოს არავინ მყავდა, არც მშობლები, არც დედმამიშვილები, არც მეგობრები, ვისთანაც ყოველდღიურად ვისაუბრებდი. ეს რთული აღმოჩნდა. ამ დროს ეძებ ალტერნატივას, რით შეიძლება გამოხატო შენი ემოციები, გრძნობები და ასე შემდეგ. ალბათ, ყველაზე დიდი როლი ლექსების წერაში ამან ითამაშა, თუმცა მე ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ და არა სხვისთვის. შემიძლია ყოველდღიურად ვიკითხო ჩემი ლექსები და გავიხსენო ის მომენტები, როცა კონკრეტულ ლექსს ვწერდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თითოეული ლექსი იმ ემოციას მახსენებს, რაც იმ დროს მქონდა, ტკივილს, სიხარულს. . .
რა თემებზე წერთ ყველაზე ხშირად?
– ალბათ, მაინც სიყვარულზე, ტკივილზე, მონატრებაზე. სიყვარულში არ იგულისხმება მხოლოდ ქალ-ვაჟის გრძნობა, ეს არის სიყვარული მშობლების, დედმამიშვილების. . . ორი და მყავს, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, იმათ სიყვარულზე დამიწერია – რა მაქვს გავლილი მათთან ერთად. . .
როგორც ზევით აღნიშნეთ, ფიტნესტრენერობამდე მოჭიდავე იყავით. . .
– ჩემი გზა ჭიდაობაში 4 წლიდან დაიწყო. მოგეხსენებათ, გორიდან ვარ და მაშინ ჩვენს სოფელში ყველა ახალგაზრდა სპორტში იყო ჩართული. მამაჩემმა გადაწყვიტა, ჭიდაობაზე შევეყვანე, მაშინ ძალიან კარგი მოჭიდავეები გვყავდა და გადავწყვიტეთ, რომ მეც უნდა მეჭიდავა.
რომელი გამარჯვება ან ტურნირი გახსენდებათ ყველაზე ემოციურად?
– ვერ გეტყვით, რომ გრანდიოზული და განსხვავებული იყო, მაგრამ ჩემი სოფლის ერთ-ერთი ტურნირი მახსენდება ყველაზე ემოციურად, რადგან მამაჩემი ესწრებოდა.
რამდენად დაგეხმარათ ჭიდაობაში მიღებული გამოცდილება ფიტნესტრენერის კარიერაში?
ძალიან დამეხმარა. როდესაც აქტიური სპორტით ხარ დაკავებული, ის აქტივობები, ვარჯიშები შენი დიდი გამოცდილებაა. არამხოლოდ ჭიდაობა, ყველა სპორტი: კარატე, კრივი და ასე შემდეგ, ეხმარება ფიტნესს. შენ უკვე გაქვს ცოდნა კროსფიტზე, იცი, როგორ მიიღო ძალის ვარჯიშები და როგორ განავითარო შენი ენერგია. ზოგადად, როცა ადამიანი ბავშვობის ასაკიდან იწყებს ვარჯიშს, ძვლების სტრუქტურა და კუნთოვანი ძაფების აგებულება ეცვლება, ეს ყველაფერი ფორმას იღებს, რადგან ახალგაზრდა ორგანიზმი საათივითაა. 5 წლიდან 15 წლამდე როგორც ფორმირდება კუნთები, ისეთ შედეგს მიიღებს საბოლოოდ.
როგორ მოხვდით სერიალში ქაზიმა“, რომელიც ბათუმში საკმაოდ პოპულარულია?
სხვათა შორის, არამარტო ბათუმში, მთელ საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს. სერიალის იდეის ავტორი ამიკო ჩოხარაძე ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. იცოდა ჩემი შესაძლებლობები. ვიზუალიც მიწყობდა ხელს იმ როლისთვის, რომელზეც დამამტკიცეს. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მისაღები პერსონაჟი ვიყავი. ამიკო დამიკავშირდა, ეს საკითხი განვიხილეთ და სიამოვნებით დავთანხმდი.

რა სირთულეები შეგხვდათ გადაღების პროცესში?
– ერთადერთი სირთულე ის იყო, რომ იმ მომენტში თბილისში ვცხოვრობდი და ბათუმში მიწევდა ჩამოსვლა ყოველ კვირაში, ერთი დღით. ვფიქრობ, როლი ძალიან მარტივად მოვირგე, რადგან რეალურადაც ისეთი ვარ, როგორი როლიც ვითამაშე სერიალში.
– თქვენს პერსონაჟზე გვიამბეთ. . .
– სერიალში ვარ დაქირავებული მებრძოლი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ძალოსნობაში და ასე ვთქვათ, მიყენებენ იმაში, რომ ხალხს წავართვა ის, რაც მათ არ ეკუთვნით. სხვათა შორის, ბევრ მსგავსებას ვპოულობ ამ პერსონაჟთან. ცხადია, ისე არ ვცხოვრობ, რომ ვიღაცას ვიტაცებდე, მაგრამ ხასიათში, ადამიანებთან მიდგომაში ძალიან დიდი მსგავსებაა.
გეგმავთ მომავალში სამსახიობო კარიერის გაგრძელებას?
აუცილებლად, ოღონდ, არა – საქართველოში, უფრო უცხოეთში. თუ საქართველოშიც იქნება ისეთი ფილმი, ან სერიალი, რომელიც დამაინტერესებს, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.

მოსწავლეებთან საკმაოდ მკაცრი ხართ, ახლობლები და მეგობრები უფრო რბილი ხასიათით გიცნობენ, როგორ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას?
ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა სფეროში და ცხოვრების ყოველი ეტაპზე ისეთი უნდა იყო, როგორიც იმ მომენტს სჭირდება. მოსწავლეებთან ძალიან მეგობრული მიდგომა მაქვს. შეიძლება მოსწავლემ ღამის 12 საათზე დამირეკოს რაღაც პრობლემის გამო და მას ოჯახის წევრივით მივუდგე, მაგრამ დარბაზში ვარჯიშის დროს სხვა მიდგომაა საჭირო. არის მომენტები, როცა მეგობართანაც სიმკაცრე მჭირდება. შესაძლოა, რაღაცას არასწორად აკეთებდეს და ჩემი ვალდებულებაა, მკაცრად მივუდგე და ვუთხრა ამის შესახებ. ასევე ვექცევი მოსწავლესაც, უბრალოდ, გააჩნია მომენტს.
როგორც ვიცი, სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიური ხართ, გაქვთ კონტენტი ფიტნესის მიმართულებით და გყავთ ათასობით გამომწერი. . .
– დიახ, როცა ტიკ-ტოკი ახალი შემოსული იყო და ჯერ კიდევ არავინ იცოდა „ლაივების“ და „სტრიმების“ შესახებ, პირდაპირ თურქეთიდან ვერთვებოდი „ლაივში“ და ძალიან ბევრი მაყურებელი მყავდა. ვსაუბრობდი საინტერესო საკითხებზე ვარჯიშთან დაკავშირებით, განვიხილავდით სხვადასხვა დეტალს. შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, თავი დავანებე, მაგრამ ხალხს, რომელიც მაშინ მიცნობდა და მიყურებდა, ისევ ვახსოვდი. ერთი წლის წინ კვლავ გადავწყვიტე, განმევითარებინა ჩემი საქმიანობა და ამ კუთხით სოციალური პლატფორმა გამომეყენებინა. მოგეხსენებათ, დღეს ყველაფერი სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. ონლაინგაკვეთილებსაც კი ვატარებ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემი პატარა გამოცდილება მაყურებლისთვის გამეზიარებინა. ხალხი ამაში ფულს იხდის, მე კი ამ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, უსასყიდლოდ გავცემ. ის 10 წუთი ცხოვრებაში ჩვენ არაფერს მოგვაკლებს, ადამიანებს კი დაეხმარება. ასევე, ვდებ ვიდეოებს, რომლებიც ინფორმაციით სავსეა – ვარჯიშებზე, სხვადასხვა საკითხზე და ვფიქრობ, ჩემ ცხოვრებას და ზოგადად, ფიტნესის სფეროს ძალიან არგებს.
რა გეგმები გაქვთ?
პირველ რიგში, მინდა ჭიდაობის და ფიტნესის საკუთარი დარბაზი გავხსნა და ეს ძალიან ახლო მომავალში უნდა ავისრულო. ასევე, მინდა უცხოეთში წასვლა და ფილმებში მონაწილეობა ჩემი სამსახიობო კარიერის განვითარებისთვის.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • მარტი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *