
ხალზე ყურადღების გამახვილება ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ხალი ჩვენს კანზე არსებული პატარა მუქი ლაქა ან წარმონაქმნია. ის შეიძლება ადამიანს სხეულზე დაბადებიდან ჰქონდეს, ან ცხოვრების განმავლობაში განვითარდეს. უმეტეს შემთხვევაში, ხალი ყავისფერია, თუმცა ის ასევე, შესაძლოა იყოს წითელი, ხორცისფერი, ვარდისფერი, რუჯისფერი, თითქმის შავი, თუნდაც ლურჯი ან თეთრი. გარდა ამისა არსებობს ოვალური ან მრგვალი, გლუვი ან ხორკლიანი, ამობურცული ან ბრტყელი, ასევე თმიანი ხალი. ხალი შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, ასევე, არატიპური და წითელი. არის შემთხვევები, როცა ხალი თვალში აქვს ადამიანს.
ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა, ხალები უფრო ღია ან მუქი გახდეს. სხვა ფაქტორებმა, როგორიც არის მზის ზემოქმედება ან გარკვეული მედიკამენტები, შეიძლება ხელი შეუწყოს ხალების გამუქებას ან წარმოქმნას. ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია. ექიმები, მცირედი ეჭვის შემთხვევაში, ხალების ცვლილებაზე დაკვირვებას გვირჩევენ, რადგან ეს შეიძლება კიბოს წარმოქმნაზე მიუთითებდეს.
სპეციალისტების განმარტებით, კანის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს ღია ფერის კანის მქონე ადამიანი, ან ის, ვინც ადვილად იწვება მზეზე, ვისაც ბავშვობაში მიღებული აქვს მზის დამწვრობა, ვინც დიდ დროს ატარებს მზეზე, ხშირად დადის სოლარიუმში, მათ, ვისაც აქვთ 40-50-ზე მეტი ხალი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ვისი ასაკიც აღემატება 50 წელს, ან ვისაც გადანერგილი აქვს ორგანო.
ზაფხულის სეზონზე თემა აქტუალური ხდება. როგორ მოვუაროთ ხალებს და როდისაა ისინი საშიში? მკითხველისთვის საინტერესო საკითხებზე ონკოლოგი მზია ხალვაში გვესაუბრება.
– ქალბატონო მზია, რა დროსაა საყურადღებო მუქი ხალები?
– ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია მათი ნებისმიერი ცვლილების მონიტორინგი, რადგან ეს შეიძლება კიბოს წარმოქმნაზე მიუთითებდეს. თუ ხალი არის ასიმეტრიული, აქვს უსწორმასწორო საზღვრები, განიცდის ფერის ცვლილებებს, აღინიშნება ზრდა, გაღიზიანება, სასურველია ონკო -დერმატოლოგის კონსულტაცია და ხალის დეტალური გამოკვლევა.
– უნებლიეთ დაზიანების შემთხვევაში რამდენად საშიშია?
– დაზიანებული ხალი აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ექიმმა. ზოგჯერ ტრავმა შეიძლება გაღიზიანების ან ანთების მიზეზი გახდეს. დაზიანების შემდეგ გაასუფთავეთ დაზიანებული ადგილი და დააკვირდით. თუ არ შეხორცდა რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
– რა არის წითელი ხალი და რამდენად საშიშია?
– ეს არის კაპილარული ჰემანგიომა, რომელიც წარმოადგენს სისხლძარღვოვან კეთილთვისებიან წარმონაქმნს. ჩვეულებრივ, იგი ღია წითელი ფერისაა, ზოგჯერ მოლურჯო მუქი შეფერილობა დაჰკრავს. ყველაზე ხშირად გვხვდება სახის მიდამოებში. როგორც წესი, არ არის საფრთხის შემცველი, მას ახასიათებს კეთილსაიმედო მიმდინარეობა. მისი განვითარება ხდება წვრილი კაპილარული სისხლძარღვიდან. მიზეზებზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა ეს განვითარდეს კანქვეშა კაპილარული ქსელის დაზიანების ფონზე ან დამოუკიდებლადაც. იგი შესაძლოა იყოს მრავლობითი ფორმით კანზე განფენილი, შესაძლოა იყოს წერტილოვანი ფორმით, შეიძლება მთელი სხეულის პერიმეტრზეც ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ იმისთვის, რომ დაზუსტებით ითქვას, საყურადღებოა მათი გაჩენა თუ არა, მნიშვნელოვანია კლინიკური დათვალიერება. უმეტესად, შემთხვევათა 99%-ში მას კეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვს, არ წარმოადგენს საფრთხეს ორგანიზმისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი მონიტორინგი.
– წითელი ხალის დაზიანების შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?
– აუცილებლად გავაჩეროთ სისხლდენა სუფთა ბინტით ან დოლბანდით, დავამუშაოთ ანტისეპტიკური ხსნარით და დავაკვირდეთ, როგორ ხორცდება. თუ ხალი ხშირად ზიანდება, ან სწრაფად იზრდება, ექიმთან წასვლა სავალდებულოა.
– ასაკში ხშირად წითელი ხალები მრავლად ჩნდება. რამდენად საშიშია და მივაქციოთ თუ არა ყურადღება?
– ასაკთან ერთად წითელი ხალების გაჩენა ნორმალურია, თუმცა საყურადღებოა, როცა ის უცებ დიდი რაოდენობით ჩნდება და ვიზუალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან, სისხლმდენია ან ქავილის და ტკივილის მიზეზი ხდება. ეს შეიძლება ზოგჯერ შიდა ორგანოების პრობლემებზე მიუთითებდეს. როგორც უკვე ვთქვი, წითელი ხალი უმეტესად უვნებელია და ხშირია ასაკის მატებასთან ერთად, Mმაგრამ თუ ის მკვეთრად გაიზარდა, ადვილად ირღვევა და უცნაურად გამოიყურება, აუცილებელია ონკოდერმატოლოგის შეფასება.
– ზაფხულში რუჯის მიღებისას რამდენად საშიშია ხალები?
– ხალებზე ყურადღების გამახვილება ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხალები მგრძნობიარეა UV სხივების მიმართ და მზის ინტენსიური ზემოქმედება ზრდის კანის კიბოს რისკს. რუჯის დროს მელანომის განვითარების შანსი იზრდება.
– რით დავიცვათ თავი ასეთ დროს?
– აუცილებლად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი შPF 50+, განსაკუთრებით ხალებზე, ატარეთ მზისგან დამცავი ქუდი, მზის სათვალე და ღია ტანსაცმელი, თავი აარიდეთ მზის პიკის საათებს – 11:00-დან 16:00-მდე და რეგულარულად შეამოწმეთ ხალები.
– კანქვეშა ხალისმაგვარ ლაქებზეც რომ გვითხრათ, რომელსაც ბევრი ხალთან აიგივებს, რა არის და რა იწვევს მის გაჩენას?
– ეს შეიძლება იყოს როგორც პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი წარმონაქმნები, ისე ლენტიგინოზი ან დერმატოზები, ზოგჯერ გენეტიკური ან ჰორმონალური ცვლილებების შედეგი. ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა დერმატოლოგის მიერ დათვალიერება ან დერმატოსკოპია.
– ამბობენ, ხალების სიმრავლე და ფერი სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებსო. მართალია?
– დიახ, ზოგჯერ მრავალი განსხვავებული ხალი შესაძლოა გენეტიკური დაავადების, მაგალითად, დისპლაზიური ნევუსის სინდრომის ნიშანი იყოს. უცნაური ფერები, შავი, მუქი ლურჯი, შიგნით სხვა ფერი, შეიძლება მიუთითებდეს მელანომაზე. ზოგადად, სიმრავლე კანის ტიპისა და მზეზე რეაქციის ინდიკატორიცაა.
– ბევრს აინტერესებს, რამდენად საშიშია ხალის მოშორება?
– ხალისთვის მექანიკური ტრავმაც ძალზე სახიფათოა. ეს არის ხალის გაკაწვრა, მოგლეჯა, მასზე ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი, სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და სხვა. ამიტომ, თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია მოცილება. პირველ ეტაპზე კეთდება ხალის დიაგნოსტიკა, რომ დადგინდეს ონკოლოგიის რისკი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქირურგიული ჩარევა. გირჩევთ, იყავით ყურადღებით და ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს.
მანანა ტაკიძე
გალერეა
