19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ხელვაჩაურის მერის ოჯახს საქართველო არ დაუტოვებია
By

ხელვაჩაურის მერის ოჯახს საქართველო არ დაუტოვებია

ხატია იაშვილი 55518 48 88 –

ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული ანსამბლები კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გაემგზავრნენ. „ეპოქა“, „კოლხა“, „კოლხეთი“ და „ათძალი“ მონაწილეობას მიიღებენ ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორული ცეკვების, საგუნდო და ტრადიციული ბენდების მე-16 საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 14 -19 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

ქალაქ ლარნაკაში იმყოფება ხელვაჩაურის მერიც, რომელიც სამუშაო ვიზიტით მასპინძელი ქალაქის მერს შეხვდება. ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი კვიპროსში ბიუჯეტის ხარჯით წავიდნენ. „ხელვაჩაურის კულტურის სახლიდან ანსამბლი გასტროლზე წავიდა კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში. ანსამბლს ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ცოლებთან ერთად გაჰყვნენ. როდესაც ქვეყნის პრემიერი ბიუჯეტის ხარჯზე შვილს ამერიკაში ჩარტერული რეისებით ატარებს, ადგილობრივ დონეზეც, მერებს მიაჩნიათ, რომ თავადაც შეუძლიათ იგივეს კეთება. მეორე უკიდურესობა გვაქვს – სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსს უჩერებენ, მოქალაქეებს სოციალურ დახმარებებს უჩერებენ, ბიუჯეტის ხარჯზე კი მიდიან და ისვენებენ, რაც ჩვეულებრივად მიაჩნიათ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მამუკა ჯევაიშმა.

აქციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს,რომ ეს ცრუ ინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში და შეხვედრას გამართავს ქ. ლარნაკას მერთან. რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას მერის ოჯახის წევრების და ასევე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ისინი იმყოფებიან საქართველოში და არ დაუტოვებიათ ქვეყანა.

ქალაქ ლარნაკას მერთან შეხვედრის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ლარნაკას შორის თანამშრომლობა კულტურის, სპორტის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური პროექტების შემუშავება და გამოცდილებების გაზიარება.

ასევე, ხელვაჩაურის მერის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორული ცეკვების, საგუნდო და ტრადიციული ბენდების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობენ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები“, – აცხადებენ ხელვაჩაურის მერიაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *