ხელისუფლება, ბიზნესი და ფასები
By

ხელისუფლება, ბიზნესი და ფასები

ხელისუფლება ბიზნესთან თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავებას ფასების შემცირების რეალურ წინაპირობად მიიჩნევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის თავისუფლების მხარდაჭერას გრძნობს, რაც პრობლემების ერთობლივად გადაჭრის რწმენას აძლიერებს.
პრემიერის თქმით, საზოგადოებასა და პოლიტიკას წლების განმავლობაში აკლდა ჯანსაღი, საგნობრივი დისკუსია, რომლის დაბრუნებაც აუცილებელია. „თუ ყველას შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მოსახლეობასა და სოციალურ ტვირთზე, ერთობლივად აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს. იმედი მაქვს, საბოლოოდ ფასები შემცირდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ინფლაციასთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ზოგად ინფლაციურ პოლიტიკაზე, თუმცა ვერ აკონტროლებს სურსათის ფასების ფორმირებას, რომელიც მრავალსაფეხურიანი ჯაჭვის შედეგია. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი საკუთარ ამოცანას ეფექტურად ასრულებდა – 2024 წელს ინფლაცია 2%, ხოლო 2025 წელს 4% იყო, რაც რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად რჩება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ ოპტიმიზაციის ფარგლებში არსებული სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაციისა და მისი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს ბაზაზე გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ახალი, გამსხვილებული უწყება, ფაქტობრივად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ბანკის ფუნქციას შეასრულებს და მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს უფრო ფართო მხარდაჭერას შესთავაზებს.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმოებას, ენერგეტიკას და იმ სექტორებს, სადაც იმპორტზე დამოკიდებულება მაღალია. ასევე, სახელმწიფო ინვესტორებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ინსტრუმენტების კუთხით გვერდში დაუდგება. რეფორმის პროცესი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაიწყება და პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოების დასრულება იგეგმება.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკვე გამართა შეხვედრები მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რომლებმაც კვლევის შედეგად გამოვლენილი ცხრა ძირითადი პრობლემა სრულად დაადასტურეს. მინისტრის თქმით, ფასების შემცირების შესაძლებლობაზე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პოზიციების თანხვედრა არსებობს.
ევროპულ რეგულაციებზე საუბრისას ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ „ერთი უბანი – ერთი მარკეტის“ პრინციპი ბევრ ევროპულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს და ჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს. მისი თქმით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, ერთდროულად დაიცვას ბიზნესის თავისუფლება და უზრუნველყოს მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების პროდუქციის გაიაფება.
მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება და კერძო სექტორი შეთანხმდნენ, რომ დიალოგისა და ერთობლივი სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ფასებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას ერთად შეეცდებიან.

  • No Comments
  • თებერვალი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *